რუსეთის მესაზღვრეებმა ფინეთის საზღვარზე არ გაატარეს რუსი კინორეჟისორი, ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი ალექსანდრ სოკუროვი.
ამის შესახებ სოკუროვზე დაყრდნობით იტყობინება ფეისბუკში ჟურნალისტი ქსენია ლარინა. მასვე მოჰყავს ნაწყვეტი თავად რეჟისორის მიმართვიდან.
სოკუროვი კონფერენციაზე მიემგზავრებოდა მილანში. როგორ იტყობინებიან, ის რამდენიმე საათით გააჩერეს ფინეთის საზღვარზე და საბოლოოდ უარი უთხრეს გაშვებაზე. ამ ცნობის თანახმად, რეჟისორი უკვე დაბრუნდა პეტერბურგში.
რუსეთის სასაზღვრო დაცვას ჯერჯერობით არ გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი. თავად სოკუროვი თავის მიმართვაში წერს, რომ ცვლის უფროსმა მას განუცხადა, რომ საქმე ეხება მთავრობის თავმჯდომარის, მიხაილ მიშუსტინის განკარგულებას.
რუსეთში ამჟამად ოფიციალურად არის შეზღუდული ქვეყნიდან გასვლა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით, ვინაიდან კვლავაც არ არის გაუქმებული მთავრობის დადგენილება, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული პანდემიასთან დაკავშირებით. ამასთან, ზოგიერთი საპატიო მიზეზით ქვეყნის დატოვება შესაძლებელია. ჯერჯერობით არ არის ნათელი, სოკუროვისთვის გატარებაზე უარი ამ შეზღუდვებს უკავშირდება თუ რაიმე სხვა მიზეზს.
დეკემბერში ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა, სოკუროვი საჯაროდ ეკამათა პრეზიდენტს, კერძოდ - ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სხვა პრობლემების შესახებ.