საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომელიც ეხება რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების და კომპანიების მიერ საქართველოს საბანკო სისტემის გამოყენებას.
„ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს", - ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა. როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, აცხადებს, რომ ის იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.
ეროვნული ბანკის მტკიცებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება ქართული ბანკების ინტერესშიც არ შედის.
„ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
„დოიჩე ველეს" ცნობით, რუსეთთან უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე თქვა, რომ რუსები და რუსული კომპანიები დასავლურ სანქციებს გვერდს უვლიან ქართული ორგანიზაციების მეშვეობით.
„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შენ შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, - განაცხადა დავით არახამიამ.
სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალების აღმოსაფხვრელად, არახამიამ ვაშინგტონისგან ზომების გატარება მოითხოვა.