საქართველოში არ უშვებენ რუს ბლოგერსა და აქტივისტს ინსა ლანდერს, რომელიც რუსეთში სისხლისსამართლებრივი წესით იდევნება. ინფორმაციას ამის შესახებ ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორი ეგორ კუროპტევი ავრცელებს ტელეგრამის არხით.
მისი ინფორმაციით, მეხუთე დღეა ინსა ლანდერი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლარსის მონაკვეთზე, ნეიტრალურ ზონაში იმყოფება საკვებისა და წყლის გარეშე.
კუროპტევის თანახმად, ბლოგერის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 205.1 მუხლით და მას ადანაშაულებენ ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში.
ბრალდება ეფუძნება სოციალურ ქსელ „ВКонтакте“-ში 2014 წლის მიმოწერას. მედია და უფლებადამცველები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ინსა ლანდერი ნალჩიკში კორუფციის ფაქტების გამოძიებით იყო დაკავებული.
კუროპტევის თანახმად, ის შინაპატიმრობიდან კვირას გაიქცა და ცდილობდა რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას.
„ქართველი მესაზღვრეები ინსას მეხუთე დღეა არ უშვებენ, მიუხედავდა იმისა, რომ მას რუსეთში საპატიმრო სასჯელი ელის, ის ორ ქვეყანას შორის ნეიტრალურ ზონაში ათევს ღამეს. არ აქვს საკვები და წყალი - ამას საზღვარზე გამვლელი ადამიანები აწვდიან. როდესაც ჩვენ და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მასთან მისვლას შევეცადეთ, პოლიციამ არავინ შეგვიშვა. უკვე მივმართეთ საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, მაგრამ მათ სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენიათ“, - წერს ეგორ კუროპტევი.
ეგორ კუროპტევმა დღეს თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაცაა "პუტინის რეჟიმი: დაცემა თუ ხელახლა შობა?" ლანდერის მიმართვა წაიკითხა, რომლის თანახმად, მას რუსეთში დევნიან „რელიგიის, განცხადებების და გამოძიების გამო“. აქტივისტი იმედოვნებს, რომ საქართველოში თავშესაფარს მიიღებს ან მიეცემა საშუალება, თბილისში ერთ-ერთ საელჩოს ვიზის მოთხოვნით მიმართოს.
კონფერენციაზე დამსწრე ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ლიეტუვა მზადაა ლანდერს ვიზა მისცეს და ვილნიუსში გადაყვანაში დაეხმაროს, საქართველოს საზღვარზე არსებული საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში.
რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის ოფისში უთხრეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რუსი ბლოგერის მდგომარეობით, მაგრამ არ მიეცათ მასთან პირადად შეხვედრის საშუალება. ომბუდსმენის ოფისი აგრძელებს საქმის შესწავლას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ბლოგერთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და ინფორმაციას, ასეთის გავრცელების შემთხვევაში, მოგვაწვდიან.
მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა.
ინსა ლანდერი, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, გასული წლის 9 დეკემბერს ქალაქ ბაქსანში, ნათესავების ბინაში დააკავეს და ნალჩიკის უშიშროების ფედერალურ სამსახურში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. იგი შეყვანილია რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მხარდამჭერთა სიაში.
ინსა ლანდერი აწარმოებდა ბლოგს Twitter-ზე. ის ყაბარდო-ბალყარეთის მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით არსებული ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის არამიზნობრივად გამოყენების საკითხს იძიებდა.