რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ბევრნი ელოდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან თუნდაც თავშეკავებულ მაგრამ ანტისაომარ გამონათქვამებს: როგორც ქრისტიანულ რელიგიურ ორგანიზაციას, მას შეეძლო აგრესიული ომის, როგორც ამორალური მოვლენის, გაკიცხვა. მეტიც, ომის საწინააღმდეგო პოზიციას საეკლესიო დოკუმენტები მოითხოვს: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის თანახმად, ეკლესიას არ შეუძლია თანამშრომლობა სახელმწიფოსთან, რომელიც აგრესიულ ომს აჩაღებს (პუნქტი ІІІ.8) და ვალდებულია, „აშკარა აგრესიის“ მსხვერპლის მხარეს დადგეს (პუნქტები ІІ.4, XVI.1). კონცეფციის თანახმად, ეკლესია მინიმუმ ვალდებულია გააანალიზოს კონფლიქტში სამხედრო მოქმედებების წარმოების სამართლიანობა, ან აგრესიულად მიიჩნიოს ის (პუნქტი VIII.3).
მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არათუ უბრალოდაც არ დაგმო სამხედრო მოქმედებები, არამედ ის აკურთხებს ინტერვენციის მონაწილეებს: კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების თანამშრომლებს და რუსეთის გვარდიის წარმომადგენლებს. ეკლესიის ეს მოქმედება მისი ბევრი წარმომადგენლისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ისინი მის დატოვებას აპირებენ. პირველი სამრევლო, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოდის მოსკოვის საპატრიარქოდან, იყო ამსტერდამის თემი. მეორე - სამრევლო იტალიის ქალალ უდინეში, რომელსაც მღვდელი ვლადიმირ მელნიჩუკი უდგას სათავეში. მისი თქმით, სამრევლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაექვემდებარება.
კიდევ რა ეკლესიები გამოეყვნენ ომის პერიოდში და შეიძლება კიდევ გამოეყონ მოსკოვს?
უკრაინის დაკარგვა
მას შემდეგ, რაც მოსკოვის პატრიარქმა კირილემ მხარი არ დაუჭირა სამწყსოს უკრაინაში, ელვის სისწრაფით დაიწყო მისი კარგვა. კიევის მიტროპოლიტმა ონოფრემ საჯაროდ სთხოვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცს, ეშუამდგომლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომ მშვიდობიანი სამწყსოსთვის თავიდან აეცილებინა საარტილერიო თავდასხმები და დაბომბვები. მაგრამ კირილე არათუ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებით არ გამოსულა, თანაგრძნობაც კი არ გამოუხატავს მართლმადიდებლებისთვის, რომელთაც ომის პირობებში ტანჯვა უწევთ. მან, მაგალითად, საჯაროდ გამოუხატა თანაგრძნობა ჩინეთში ავიაკატასტროფისა და კუბაში აფეთქების შედეგად დაღუპულებს, მაგრამ არა მოკლულებსა და დაჭრილებს ხარკოვში, ბუჩასა და მარიუპოლში. მოსკოვის საპატრიარქომ გამოაქვეყნა კირილეს სამძიმარი რუსეთის არმიის სამხედრო მღვდლის, ოლეგ არტემოვის სიკვდილთან დაკავშირებით. სამაგიეროდ პატრიარქს რეაქცია არ ჰქონია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არასამხედრო სასულიერო პირების დაღუპვაზე.
იმან, რაც კირილემ ომის პირველ კვირებში თქვა და არ თქვა, თვალი აუხილა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრ მღვდელს. ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო კირილესთვის ზურგის შექცევის პროცესი. 400-მა მღვდელმა კი ხელმოწერები შეაგროვ. მათ მსოფლიოს ძველ პატრიარქებს მიმართეს და კირილეს წინააღმდეგ საეკლესიო სასამართლოს გამართვა მოითხოვეს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან (УПЦ), რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, თემთა უმრავლესობამ დაიწყო უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიაში (ПЦУ) გადასვლა. 24 თებერვლის შემდეგ, სამ-ნახევარი თვის განმავლობაში, ეკლესია გამოიცვალა უკვე 424-მა თემმა. ეს ერთი ეკლესიიდან მეორეში სამწყსოს გადასვლის ყველაზე სწრაფი ტემპია ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში. შედარებისთვის: ПЦУ-ს მიერ ავტოკეფალიისა და 2019 წელს ტომოსის მიღების შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 500 თემი გადავიდა ერთი ეკლესიიდან მეორეში.
საბოლოოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ონოფრემ გადაწყვიტა, ადგილობრივი სინოდი მოეწვია და ურთიერთობა გაეწყვიტა მოსკოვთან. სინოდის პირველ დღეებში არ იყო ნათელი, რამდენად გულწრფელი იყო ონოფრეს მისწრაფებები და ხომ არ ცდილობდა ის, გვერდი აევლო უკრაინის კანონისთვის იმ რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელის შეცვლის თაობაზე, რომელთა ცენტრები აგრესორ ქვეყანაში მდებარეობს. მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ამასწინანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ყირიმში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი УПЦ) ეპარქიების ანექსიის თაობაზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ონოფრესა და კირილეს დაშორება, შესაძლოა, სქიზმაც კი - გარდაუვალია.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის დაკარგვა ერთობ თვალში საცემია, ვინაიდან საქმე ეხება დაახლოებით 12 ათას თემს, რაც თემთა საერთო რაოდენობის 34% არის. მთლიანად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიცავს 35 ათას თემს. აქედან რუსეთში მხოლოდ 17 ათასი თემია. დანარჩენი 6 ათასიდან ნახევარი ბელარუსშია და ნახევარი - მოლდოვაში, დაახლოებით 1500 თემი. კიდევ დაახლოებით 3 ათასი თემია გაფანტული მთელს მსოფლიოში.
ლიეტუვის ავტონომია
უკრაინის გარდა მოსკოვის საპატრიარქოს ლიეტუვის დაკარგვის საფრთხეც ემუქრება. ამჟამად იქ მოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვილნისა (ვილნიუსი) და ლიეტუვის ეპარქია მიტროპოლიტ ინოკენტის მეთაურობით. სახელწოდება „ვილნა“ რევოლუციამდელი დასახელებაა და მიანიშნებს, რომ ლიეტუვა ოდესღაც რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა.
2022 წლის მარტის დამდეგს ეპარქიის სამი მღვდელი გამოვიდა უკრაინაში ომის წინააღმდეგ. მათ ლიეტუვის მიტროპოლიტ ინოკენტის სთხოვეს ნებართვა, წირვის დროს პატრიარქ კირილეს ხსენების შეწყვეტის თაობაზე და არაფორმალურად მიიღეს ეს ნებართვა.
მოგვიანებით თავად ინოკენტიც ემიჯნებოდა რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინაში. „ლიეტუვაში მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია უცვლელია - ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინაში და უფალს შევთხოვთ მის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტას. როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ, ჩვენ პატრიარქ კირილესგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს და მისგან განსხვავებულად აღვიქვამთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. უკრაინაში ომის შესახებ მისი პოლიტიკური გამონათქვამები მისი პირადი აზრია. ჩვენ ლიეტუვაში ამას არ ვეთანხმებით,“ განაცხადა იერარქმა 18 მარტს. გარდა ამისა, მიტროპოლიტმა დასძინა, რომ ლიეტუვის ეკლესია მომავალში კიდევ უფრო მეტი საეკლესიო დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს.
როგორც თეოლოგი ნატალია ვასილევიჩი შენიშნავს, ეს განცხადება მიიღეს ეპარქიის კრებაზე. სასულიერო პირთა უმრავლესობა განცხადების ასეთი მწვავე ფორმის წინააღმდეგი იყო. ამასთან, სწორედ იმ სამმა მღვდელმა დაუჭირა მხარი ლიეტუვის ეპარქიის ხელმძღვანელს, ვინც უკრაინაში ომის წინააღმდეგი იყო მიმდინარე წლის მარტში. ერთი თვის შემდეგ კი თავად მან გადააყენა ისინი.
გადაყენებისა და საჯარო გაკიცხვის შემდეგ გინტარას სუნგაილომ, ვიტალიუს დაუპარასმა და ვიტალიუს მოცკუსმა დატოვეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადავიდნენ.
მოსკოვის საპატრიარქო შეიძლება მიატოვოს კიდევ ათამდე მღვდელმსახურმა, რაც ადგილობრივ სასულიერო პირთა დაახლოებით 16%-ს უდრის.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ მაისის მეორე ნახევარში წერილი მისწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს და სთხოვა, დაეხმაროს ლიეტუვის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, რომლებსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დატოვება სურთ. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ალტერნატიული საეკლესიო სტრუქტურის შექმნას, ვინაიდან მღვდლებს სხვაგან წასასვლელი არა აქვთ. კანონიკური თვალსაზრისით ასეთი რამ შესაძლებელია.
2022 წლის მაისის ბოლოს პატრიარქმა კირილემ მოისმინა მიტროპოლიტ ინოკენტის რაპორტი ლიეტუვაში მართლმადიდებელთათვის უფრო ფართო ავტონომიის სტატუსის მინიჭების თაობაზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა სპეციალური კომისიაც კი შექმნა ასეთი ავტონომიური სტატუსის პროექტის შესამუშავებლად. ოღონდ მასში ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი წარმომადგენელი არ შეუყვანიათ. ნატალია ვასილევიჩის აზრით, ლიეტუვაში ეკლესიის ავტონომიაზე მსჯელობა არაფერია, თუ არა მცდელობა, არ დაუშვან, რომ ხელისუფლება ალტერნატიული სტრუქტურის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკლესიის შექმნას დათანხმდეს.
რაც შეეხება შესაძლო ავტონომიის ფინანსურ შედეგებს, ექსპერტები აქ ვერ ხედავენ დამატებით პრობლემებს ვერცერთი მხარისთვის. არც ლიეტუვის თემები უხდიან ფულს მოსკოვს და არც მოსკოვი აფინანსებს თავის ფილიალებს ლიეტუვაში. მთლიანობაში ვილნიუსის ეპარქია ფინანსურად დამოუკიდებელია.
როგორ მოძრაობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უცხოეთში უკრაინის მიმართულებით
მოსკოვისთვის კიდევ ერთი პოტენციური პრობლემაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უცხოეთში (РПЦЗ). სამრევლოები, რომლებიც ამ ინსტიტუციას განეკუთვნება, მოიპოვება ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის ტერიტორიებზე. ეს ეკლესია შექმნეს თეთრგვარდიული ემიგრაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დატოვეს რუსეთი. РПЦЗ-მ მოსკოვთან ურთიერთობები გაწყვიტა საბჭოთა კავშირში დარჩენილი პატრიარქის, სერგის (სტრაგოროდსკის) 1927 წლის დეკლარაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ეკლესიისად ითვლებოდა როგორც „საბჭოთა სახელმწიფოს ყველა სიხარული და წარმატება“, ისე „ყველა წარუმატებლობაც“. თავისი წარმომავლობის გამო РПЦЗ საკმაოდ კონსერვატიული იყო, მრავალი სასულიერო პირი და მრევლი ემხრობოდა მონარქისტულ და იმპერიულ შეხედულებებს.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ РПЦЗ შეეცადა რუსეთის ტერიტორიაზე გაეხსნა თავისი თემები და თავდაპირველად უფრო სწრაფად კრებდა ახალ მრევლს, ვიდრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სანამ საქმეში არ ჩაერია ფსბ - კგბ-ს მემკვიდრე. 2000-იანი წლების შუაში პუტინი პირადად დაინტერესდა ამ ეკლესიით და არქიმანდრიტ ტიხონის (შევკუნოვის) დახმარებით, რომელსაც პრეზიდენტის სულიერ წინამძღვარს უწოდებენ, განახორციელა ორი ეკლესიის გაერთიანების პროექტი. შესაბამის აქტს 2007 წლის 17 მაისს მოეწერა ხელი მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში. პუტინმა ამ მოვლენას უწოდა 1917 წლის სამოქალაქო ომის საბოლოოდ დასრულება. მაგრამ РПЦЗ-ს დაახლოებით ნახევარმა არ მიიღო „წითელ ეკლესიასთან“ შეერთება. მოგვიანებით ეკლესია 17 საიურისდიქციო მიმართულებად დაიხლიჩა, რუსეთის პროპაგანდამ კი მათ განხეთქილების ჩამომგდებნი უწოდა.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 16 მარტს გარდაიცვალა РПЦЗ-ის მიტროპოლიტი ილარიონი (კაპრალი), მის სავარაუდო მემკვიდრედ ასახელებენ ბერლინის მიტროპოლიტ მარკოზს (არნდტს). მარკოზი 81 წლისაა, ის РПЦЗ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ფიგურაა. თავის დროზე მოსკოვთან გაერთიანების აქტიური მომხრე იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, უკრაინაში ომთან დაკავშირებით პატრიარქ კირილესგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა.
ამასწინანდელ ინტერვიუში მარკოზმა თქვა, რომ მხარს არ უჭერს მოსკოვის პატრიარქს და უარყოფს ინსინუაციებს უკრაინაში ნაცისტების არსებობის შესახებ. „ზოგნი ამბობენ, რომ ომი უკვე 8 წელი მიმდინარეობს და რომ უკრაინის მთავრობამ შეცდომა დაუშვა განათლების რუსულ ენაზე მიღების აკრძალვით. შესაძლოა, ეს ასეა. მაგრამ ეს ვერ იქნება ომის გამართლება. ვერავითარ შემთხვევაში,“ აღნიშნა იერარქმა.
მან ასევე თქვა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის წევრობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს კრემლის აღშფოთებას იწვევს. მან დასძინა, რომ რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ უკრაინა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მარკოზი მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოდის. როგორც რელიგიის მკვლევარი და ჟურნალისტი ალექსანდრ სოლდატოვი აზუსტებს, ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში მიტროპოლიტმა მარკოზმა პირველად გააკრიტიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად და საჯაროდ. პირველ რიგში ეკუმენიზმის საკითხის გამო, მეორე მხრივ - სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ უპირობო ლოიალობისთვის.
გარდა ამისა, მარკოზს ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებს კიევის მიტროპოლიტ ონოფრესთან, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უდგას სათავეში. ორივე უარყოფს თანამედროვე სამყაროს და პროგრესს ცოდვად მიიჩნევს, რაც მათ მკვეთრად განასხვავებს კირილესგან, რომელიც არ უარყოფს თანამედროვე სამყაროს, მაგრამ ერთპოლუსიანობისთვის აკრიტიკებს მას. კირილე მხარს უჭერს იდეას რუსეთის თვითმყოფადობის შესახებ და აცხადებს, რომ მას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ღირებულებები და გავლენის სფერო.
მთელი რიგი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ РПЦЗ-ის მეთაურად მარკოზის არჩევის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უცხოელ მართლმადიდებელთა გაერთიანება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მათი ერთობლივი გასვლა მოსკოვის გავლენის სფეროდან.
სხვადასხვა გარემოებასთან ერთად, როგორც სოლდატოვი შენიშნავს, РПЦЗ-ს არ შეუძლია უგულებელყოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ვინაიდან ამ ეკლესიის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ უცხოეთში მცხოვრები უკრაინელები, რომელთა რიცხვი გაიზარდა უცხო შრომითი მიგრაციის ხარჯზე.
სოლდატოვის თქმით, თუ გაერთიანებასთან დაკავშირებული „ოპერაცია“ წარმატებით დასრულდება, მიტროპოლიტ ონოფრეს სტრუქტურაში შეიძლება გადაინაცვლოს РПЦЗ-ის სამრევლოთა თითქმის ნახევარმა.
მდიდრული სუფრები და ძვირფასი სამოსი
რაც შეეხება მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ფინანსურ ურთიერთობებს, РПЦЗ მოსკოვს არ უხდის საეკლესიო გადასახადს. პირიქით, მოსკოვის საპატრიარქო ცდილობს, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ფილიალებს და ცალკეულ იერარქებს.
„პუტინის რუსეთში ძალიან ბევრი ფული იყო და კორუფცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა,“ ამბობს მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის მთავარი რედაქტორი სერგეი ჩაპნინი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა და აშშ-ში გადასახლდა. „საქმე ასე იყო. მოსკოვში იწვევენ ეპისკოპოსს უცხოეთიდან. უნაზღაურებენ ფრენას, დაასახლებენ ძვირ სასტუმროში, უშლიან მდიდრულ სუფრას, აჩუქებენ ძვირფას საჩუქრებს - სამოსს, ჯვრებს და ძვირფასი ქვემით მოოჭვილ პანაღიებს. ასეთი „შეწირულებების“ საპასუხოდ ეპისკოპოსები თავს მოვალედ მიიჩნევენ, ლოიალობა გამოავლინონ კრემლისა და მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ.“
იყო ასევე უცხოეთში მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების სხვადასხვა სქემა, რომლებშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მაგალითად, „როსკოსმოსი“.
როგორც The New York Times-ი იტყობინებოდა, ერთ-ერთი ასეთი სქემა გამოაშკარავდა და ფული გაიყინა. ახლა ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ფული კვლავ მოსკოვს დაუბრუნოს თუ უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხოს.
ექსპერტები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურა უცხოეთში მთლიანად არ გაქრება, ვინაიდან პარტიარქ კირილეს პოლიტიკით უკმაყოფილო მორწმუნეებს ყოველთვის შეეძლებათ სხვა სამრევლოში გადავიდნენ და ამიტომ ყოველთვის არ არის აუცილებელი საკუთარი წასვლის შესახებ ხმამაღლა გამოცხადება. ომის გამო და რუსეთის სახელმწიფოსთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულ უფრო ინტენსიური დაახლოების ფონზე მორწმუნეები დატოვებენ მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ეკლესიებს. მაგრამ, რუსეთისგან განსხვავებით, ევროპასა და აშშ-ში არსებობს მრავალი პარალელური იურისდიქცია. ამიტომ როგორც მრევლს, ისე თემებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დატოვონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვაგან წავიდნენ. ამასთან, დიდი ალბათობით, შენარჩუნებული იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქსელური სისტემა. მოსკოვის საპატრიარქოს ჩინოვნებიკების უმრავლესობისთვის კი, მიმომხილველთა აზრით, მთავარია, შეინარჩუნონ სამრევლოების ფორმალური სტრუქტურა, მრევლით თუ მრევლის გარეშე.