ელექტრონული მაუწყებლობის ლატვიის სახელმწიფო საბჭომ (NEPLP) აკრძალა ქვეყანაში რუსეთის 80 არხის მაუწყებლობა, რომლებიც, რუსეთის ძირითადი ფედერალური არხების შეზღუდვის შემდეგ, კვლავაც ხელმისაწვდომი იყო ლატვიელი აუდიტორიისთვის.
როგორც სააგენტო LETA-ს საბჭოს ხელმძღვანელმა, ივარ აბოლინიშმა უთხრა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ახალი საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც, ლატვიაში არ შეიძლება მაუწყებლობდეს ტელეარხები, რომლებიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელ სახელმწიფოში. ლატვია ამგვარ სახელმწიფოდ მიიჩნევს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის გამო.
გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შევა და, აბოლინიშის თქმით, იმოქმედებს მანამ, "სანამ რუსეთი ომს შეწყვეტს და ყირიმს დააბრუნებს". აკრძალვა ეხება, მათ შორის, არხებს - E TV, "ილუზიონ+, "კინო24", "მირ ტვ" - და სხვა.
ამავე საბჭომ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ლატვიაში სამაუწყებლო ლიცენზია მიენიჭოს ტელეარხ "დოჟდს". 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არხის რედაქცია მოსკოვში მუშაობდა, თუმცა მარტის დასაწყისში იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. "ფეიკების კანონის" გამო.
არხის გენერალური დირექტორის, ნატალია სინდეევას თქმით, რუსეთში მუშაობის გაგრძელება ჟურნალისტებს დევნის საფრთხის წინაშე აყენებდა ნებისმიერი იმ პუბლიკაციისთვის, რომლებიც შეუსაბამო იქნებოდა კრემლის პოზიციებთან. "დოჟდის" ბევრმა თანამშრომელმა რუსეთი დატოვა, მათი ნაწილი "იუტუბის" საკუთარი არხებით მაუწყებლობს.