Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავეს


31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია
31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია

თვითმხილველების ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიიდან" სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.

კომპანია „მეტრო სითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. სპეცრაზმი და საგამოძიებო სამსახურის სპეციალური ავტომანქანები მობილიზებული იყვნენ სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელში, საიდანაც მიმდინარე ამბებს თვალს ადევნებდნენ მედიის წარმომადგენლები. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ბიზნესმენი დღის ბოლოს არა ცენტრალური შესასვლელიდან, არამედ ალტერნატიული გასასვლელით გაიყვანეს.

31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია
31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია

განახლება

მოგვიანებით, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

„მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - იუწყება საგამოძიებო სამსახური.

bm.ge-მ გამოაქვეყნა ოზთურქის კომპანია „მეტრო ჰოლდინგის" განცხადება. „მეტრო ჰოლდინგის" მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

მოვუწოდებ, ყველა ჩვენს გულშემატკივარს შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის",
- აღნიშნავს "მეტრო ჰოლდინგი".

ბათუმში მომუშავე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის სახელს პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები თუ მედიასაშუალებები აქტიურად უკავშირებდნენ გოგოლის ქუჩაზე წამოწყებულ მასშტაბურ, უკანონო მშენებლობას.

8 თებერვალს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ „დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მშენებლობა შეჩერდა“.

კომპლექსს ადგილობრივებმა „ჩინელების დასახლება“ დაარქვეს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ამ კორპუსებში ჩინეთის მოქალაქეებს შეასახლებენ.

XS
SM
MD
LG