თეონა პაკელიანმა წელს, მარტში Sneakerhead-ის ონლაინმაღაზიაში ფეხსაცმელი 195 ლარად იყიდა. სულ ოთხჯერ მოასწრო ჩაცმა, როდესაც შეამჩნია, რომ უკვე ირღვეოდა.
"როცა მივწერე [მაღაზიას], მითხრეს, ასეთი შემთხვევა არ გვქონია, უმაღლესი ხარისხისაა, დატესტილია და ვერაფერს გიშველითო. წუხილი რომ მაინც გამოეთქვათ, კიდევ ჰო. გაყალბებული იყო აშკარად, არანაირ ორიგინალობასთან ახლოს არ იყო", - ამბობს პაკელიანი.
"ყველამ იცის, რომ ორიგინალები არ გვაქვს, საიტზეც გვიწერია. შესაბამისად, ფასიც ორიგინალზე ხუთჯერ იაფია. 200 ლარამდეა გადახდილი და რა ვიცი, ძალიან ძვირიც არ არის. ჩინეთიდან შემოგვაქვს. ფეხსაცმელების ფასი 140-250 ლარამდე მერყეობს. ორივენაირი მომხმარებელი გვყავს. მაგალითად, გუშინაც დაგვირეკეს, ძალიან კმაყოფილი ვარ შენაძენითო და ასევე, მოგვმართავენ ისინიც, ვისაც მალე გაუფუჭდათ. უმეტეს შემთხვევაში ვცდილობთ, ლოიალურები ვიყოთ და შევუცვალოთ ან გადავუხადოთ", - ამბობს ქართული ონლაინმაღაზიის წარმომადგენელი.
Sneakerhead-ი სპორტული ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდების ინტერნეტმაღაზიაა, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. კომპანიის ოფისი კალიფორნიაშია, სხვადასხვა ბრენდის ფეხსაცმელებს მხოლოდ ონლაინ ყიდიან და წერენ, რომ მათთან გაყიდული ყველა პროდუქტი - 100% ავთენტიკურია და ფასები დაახლოებით 50-დან 400 დოლარამდე მერყეობს.
ქართული Sneakerhead-ის გვერდზე ფეხსაცმლის ყიდვა 200 ლარამდეა შესაძლებელი. აქ ამბობენ, რომ ამერიკულ Sneakerhead-თან არაფერი აკავშირებთ. ქართულ გვერდზე არსადაა მითითებული - ორიგინალური პროდუქცია იყიდება თუ რეპლიკები.
თეონა პაკელიანმაც ფეხსაცმელი აქ იმიტომ იყიდა, რომ ამერიკული Sneakerhead-ის ფილიალი ეგონა.
უხარისხო პროდუქტის შეძენით დაზარალდა ნონა ბიბილაშვილიც. მან ამ წლის აპრილში ვებსაიტიდან KEDI.GE ადიდასის ბრენდის ფეხსაცმლის რეპლიკა გამოიწერა. ამბობს, რომ ფეხსაცმელი, რომელშიც 190 ლარი გადაიხადა, მესამე ჩაცმაზე დაიხა.
"ბევრი მოწონება ჰქონდა და გადავწყვიტე, გამომეწერა, მესამე ჩაცმაზე დაიხა. [გვერდის ადმინისტრატორს] მაშინვე ჩავუგდე ფოტოები, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. "ეს ჩვენ არ გვეხება, პირველი შემთხვევა არისო, ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხისააო". თანხის დაბრუნებაზე არც მქონდა პრეტენზია, გამომიცვალეთ-მეთქი, მაგრამ არაო. როცა ვესაუბრე ოპერატორს, მითხრა, უმაღლესი, პირველი ხარისხის რეპლიკააო, მაგრამ მომატყუა. ორ და სამ ჩაცმაზე პირველი ხარისხის რეპლიკა არ უნდა იხეოდეს", - ამბობს ნონა.
რეპლიკა ორიგინალის ანალოგია - მისი ხარისხიანი ასლი.
KEDI.GE-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოყენების შემდეგ დაზიანებულ პროდუქციაზე პასუხს არ აგებენ.
"ჩვენს ოფიციალურ საიტზე იყიდება სხვადასხვა ბრენდის რეპლიკა მოდელები, რაც არის ძალიან მაღალი ხარისხის. ფასიც ამის შესაბამისი აქვს. მომხმარებელმა თუ გამოიყენა და ფიზიკური დაზიანება როგორ და რა ფორმით მიაყენა, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ. თუ ჩვენგან დაზიანებული გაიგზავნა, ვაგებთ პასუხს, მაგრამ გამოყენების შემდეგ გამოცვლა ვერ მოხდება", - ამბობს KEDI.GE-ს წარმომადგენელი.
ადიდასის ბრენდის ფეხსაცმელების ფასი 60-დან 200-220 დოლარამდეა, KEDI.GE კი, ადიდასის სახელწოდებით, ფეხსაცმელებს 160-დან 200 ლარამდე ყიდის.
როგორ გავარჩიოთ ორიგინალი პროდუქტი ყალბისგან
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონით, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:
- საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი;
- პროდუქციის უსაფრთხოება;
- სანდო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე;
- არასათანადო ხარისხის მქონე და/ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
- საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ და სხვა.
თუ მაინც მოვტყუვდით - რა უფლება აქვთ დაზარალებულებს
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, თუკი ნაკლოვანების მქონე საქონელი შეიძინეთ, თქვენი შეხედულებისამებრ უფლება გაქვთ, გამყიდველისაგან მოითხოვოთ:
- საქონლის ნაკლოვანების აღმოფხვრა ან ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
- შესასყიდი ფასის შესაბამისი შემცირება;
- ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევა და ზარალის ანაზღაურება;
- ანალოგიური მარკის/მოდელის, არტიკულის/საქონელზე გაცვლა;
- იმავე სახის სხვა მარკის საქონლით შეცვლა ფასის გადაანგარიშებით.
თუ მაღაზია მომხმარებლის მოთხოვნას არ დათანხმდება, მაშინ ერთადერთი გზა - სასამართლოსთვის მიმართვა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა რჩება.
რთული და ხანგრძლივი პროცედურის გამო მომხმარებელთა უმრავლესობა სასამართლოს არ მიმართავს.
"300-მდე მომხმარებელი მოგვმართავს ყოველწლიურად. უფრო ხშირია საკვებთან და ტექნიკასთან [ელექტრო-საყოფაცხოვრებო] დაკავშირებით ჩივილები.
ჩვენი ორგანიზაცია უფასო იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას უწევს მომხმარებლებს", - ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე.
რამდენად მასშტაბურია ფალსიფიცირება
ფალსიფიცირებული პროდუქციის მსხვერპლი ყოველდღიურად ათასობით მოქალაქეა. ყალბი საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდება ისეთ ონლაინმაღაზიებში, როგორებიცაა, მაგალითად, Myamazon.ge; Isurve.ge; Imart.ge.
ამ მაღაზიებს საკუთარი გვერდები აქვთ სოციალურ ქსელებში, სადაც სხვადასხვა წამახალისებელი აქციით იზიდავენ მომხმარებელს.
ერთ-ერთი მსხვილი ონლაინმაღაზიის Myamazon.ge-ს (მაიამაზონ.ჯი)
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Myamazon.ge "საერთაშორისო ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. არსენალში კი 5 მილიონამდე დასახელების პროდუქტი აქვთ".
მათი ვებსაიტი ამერიკული გიგანტის amazon.com-ის ვებსაიტს ჰგავს. ლოგოც ამერიკული ამაზონის მსგავსია. ვებსაიტის მენიუში "ჩვენ შესახებ" განყოფილებაში Myamazon.ge-ს გუნდის ამსახველად ინტერნეტიდან აღებული ფოტოა.
რადიო თავისუფლება Myamazon.ge-ს როგორც მყიდველი დაუკავშირდა და მათ საიტზე განთავსებული, მსოფლიოში ცნობილი მაღალი ხარისხის მწარმოებელი ბრენდის, Dewalt-ის რამდენიმე პროდუქტის შესახებ ინფორმაცია სთხოვა. მაღაზიის წარმომადგენელი თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს ნივთები ორიგინალი Dewalt-ია. მოდელის ზუსტი დასახელებისა და დამატებითი დეტალების მოთხოვნის შემდეგ გვითხრეს, რომ მათი წარმომადგენელი დაგვიკავშირდებოდა და არავინ გამოჩენილა.
რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა პროდუქცია, რომელსაც Myamazon.ge მომხმარებელს Dewalt-ის ბრენდის სახელით სთავაზობს და აღმოაჩინა, რომ მაგალითად კუთხსახეხი, რომლის სიმძლავრე 98 ვოლტია და აქვს 98 ვოლტის სიმძლავრის ელემენტი, Dewalt-ს დღემდე არ უწარმოებია.
რადიო თავისუფლების მოკვლეული ინფორმაციით, Myamazon.ge სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიას აერთიანებს, მათ შორის, Imart-ს და ოფიციალურ დოკუმენტებში კომპანია შპს "ნანოტეკის" სახელითაა ცნობილი. კომპანია საჯარო რეესტრში 2015 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა.
მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, Myamazon.ge-სა და Imart-ში ბრალდებაზე, რომ ყალბ პროდუქტს ყიდიან, კომენტარი არ გააკეთეს. რადიო თავისუფლება მათ მითითებულ რამდენიმე მისამართზე მივიდა, ელექტრონული ფოსტით თუ ტელეფონით სცადა დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.
იაფი, მაგრამ ფალსიფიცირებული - ვიგებთ თუ ვზარალდებით?
ონლაინმაღაზიები მომხმარებელს ორიგინალი ბრენდების ყალბ ასლებს შედარებით იაფად, განვადებით და ფასდაკლების აქციებით სთავაზობენ. ამ პროდუქტების უმეტესობა დაბალი ხარისხის ჩინური ნაწარმია, რომელიც საქართველოს საზღვარზე კონკრეტული ბრენდირების გარეშე შემოდის და მისი დასტიკერება, ბრენდული სახელის დარქმევა აქ ხდება.
უხარისხო ასლები ნაადრევად გამოდის მწყობრიდან და დაზარალებული მომხმარებელი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ კონკრეტული ბრენდის ტექნიკა შეიძინა, შეკეთებას ამ ბრენდის სერვისცენტრებს სთხოვს.
"ხშირად მოგვმართავენ, თქვენ ხომ ხართ DEWALT-ის წარმომადგენლობა და შეკეთება გვინდაო. ჩვენ ყველას ვუხსნით, რომ ეს არის ყალბი საქონელი, რომელიც თქვენ შეიძინეთ არაბრენდირებული არხებით და მისი შეკეთება შეუძლებელია.
როცა დასპონსორებული პროდუქტები გვხვდება, ადამიანებს ვაფრთხილებთ, იქვე ვუპოსტავთ, რომ ეს ყალბი საქონელია და არ შეიძინოთ. ამის მეტი ჩვენ ვერ წავედით", - უთხრა რადიო თავისუფლებას DEWALT-ის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში გოჩა მანგოშვილმა.
"კონტრაფაქცია (ფალსიფიცირება) საშინელი პრობლემაა. ჯერ ბიუჯეტი კარგავს უამრავ თანხას, მერე ჩრდილოვანი ეკონომიკა იზრდება, იმიტომ, რომ ხელიდან ხელში ხდება ყალბი საქონლის გადასვლა და კანონიერ არხებში აღარ მოძრაობს. ეს საბოლოო ჯამში ისეთ მასშტაბებს იღებს, რომ სახელმწიფოც ზარალდება, ოფიციალური მაღაზიებიც და რიგითი ადამიანების უფლებებიც ირღვევა. სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვას აზრი არ აქვს. რომ დავუკავშირდით, იმას მიმართეთ, ამას მიმართეთო და ამდენი დრო არ გვაქვს", - ამბობს მანგოშვილი.
ცნობილი გერმანული ბრენდის BOSCH-ის (ბოში) დისტრიბუტორი საქართველოში, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მათი ბრენდის გაყალბებული საქონელი ხშირად Myamazon.ge-სა და Imart.ge-ზე იყიდება.
ფალსიფიცირებული პროდუქტი ხვდება isurve.ge-ზეც. ამ კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ყალბი პროდუქტებისგან თავი არიდებას ცდილობენ, თუმცა ვალდებულებას ვერ აიღებენ.
"ჩვენ შემთხვევაში ეს არის მომწოდებლისგან მიღებული პროდუქციის რეალიზაცია. ჩვენ ვართ შუალედური აგენტები. ტექნიკურად არ ვართ აღჭურვილი იმდენად, რომ რომელიღაც პროდუქტი შევამოწმოთ, ბრენდის მიერ წარმოებულია თუ არა. პროდუქტს მოცემული ბრენდი აწერია და ჩვენ ამას მოცემულობად ვიღებთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტს ვიზუალურადაც აშკარად ეტყობა, რომ ყალბია. ჩვენც გვაზარალებს კონტრაფაქციული საქონელი, ამიტომ ჩვენი კომერციული ინტერესიცაა, უხარისხო პროდუქტი არ გავყიდოთ", - ამბობს Isurve.ge-ს დამფუძნებელი დავით ავაზაშვილი.
ინტერნეტმაღაზიებსა და სოციალურ ქსელებში პროდუქტის ორიგინალობა მომხმარებელთა ნაწილში ეჭვს ხშირად იწვევს, მაგრამ კითხვაზე, არის თუ არა პროდუქტი ორიგინალი, მაღაზიის წარმომადგენელი არასწორ ინფორმაციას აწვდის. ონლაინგამყიდველები პროდუქციის სიიაფეს ხშირად ფასდაკლების აქციით ხსნიან.
ვინ და როგორ ებრძვის ფალსიფიცირებას
საბაჟო
იმისათვის, რომ საბაჟომ კონკრეტული ბრენდის დასახელებით შემოსული საეჭვო პროდუქტი შეაჩეროს, ეს ბრენდი საქპატენტში უნდა იყოს რეგისტრირებული. საქპატენტში ბრენდებს სასაქონლო ნიშანი (დიზაინი, პატენტი და ა.შ.) აქვთ რეგისტრირებული.
საქპატენტს ჰყავს პატენტრწმუნებულები, მეტწილად იურისტები, რომლებსაც ევალებათ, ამა თუ იმ ბრენდის ინტერესი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და სასამართლოში დაიცვან.
თუ საბაჟო თავის ბაზაში რეგისტრირებული ბრენდის იდენტური დასახელების საეჭვო პარტიას აღმოაჩენს, იმ ბრენდის წარმომადგენელთან, პატენტრწმუნებულთან ერთად ამოწმებს და თუ პროდუქტი ფალსიფიცირებული აღმოჩნდება, ანადგურებს.
მაგალითად, ეს ვიდეო, ქვემოთ, ასახავს, როგორ ანადგურებენ პატენტრწმუნებულის თანდასწრებით, ფალსიფიცირებულ კოსმეტიკას.
თუ პროდუქტის შემომტანი ნებაყოფლობით განადგურებას არ დათანხმდა, ტვირთი საწყობში ილუქება და დავა სასამართლოში ინაცვლებს.
სასამართლო
სასამართლოში პროცესი, სადაც მხარეები ცდილობენ მოსამართლეს დაუმტკიცონ პროდუქტის ორიგინალობა ანდა სიყალბე, ხშირად იწელება. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ყალბად მიიჩნევს მოსამართლე, პროდუქცია განადგურდება, თუ არადა და - მფლობელს დაუბრუნდება.
რადიო თავისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილებები მოიპოვა, რომელთა მიხედვითაც, რამდენიმე ასეულ ათასად ღირებული ყალბი საოჯახო ტექნიკა გაანადგურეს. სასამართლოში ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით გამართული დავების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია უცნობია. რადიო თავისუფლებას სასამართლოში განუმარტეს, რომ ამ ინფორმაციის დამუშავება არ ხდება და ამიტომ ციფრებს ვერ გვეტყვიან.
ფინანსური პოლიცია
ფალსიფიცირებული პროდუქტით ვაჭრობა კანონმდებლობით ისჯება. ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლია, რომელიც ფალსიფიცირებისთვის, მომხმარებლის მოტყუებისთვის სასჯელს ითვალისწინებს. ყველაზე მკაცრი სასჯელი რამდენიმეწლიანი პატიმრობაა. ამ ტიპის დანაშაულებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, იგივე ფინანსური პოლიცია იძიებს.
"სახელმწიფო უწყებებთან მიმართვის მცდელობა გვქონდა, მივედით ფინანსურ პოლიციაში და ასეთი რაღაც აღმოჩნდა, რომ თუ, ვთქვათ, არ აღმოჩნდა დიდი ფალსიფიკატი ერთად ადგილას (რამდენიმე ათასზე არის საუბარი), მაგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, უძლურია ფინანსური პოლიცია და ერთადერთი, რისი გაკეთება შეუძლია, ეს არის საგადასახადოდან მოიწვიონ ხალხი, ჩავატაროთ იმ კომპანიაში შემოწმება, საიდან ჩამოვიდა ეს საქონელი და ა.შ. ამით ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება გამყიდველს, მაგრამ რთულია გაირკვეს, საიდან შემოვიდა და ვინ შემოიტანა", - ამბობს ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენელი, რომელიც ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში სახელმწიფოს დახმარებას ითხოვდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2016 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, სულ 155 სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს ფალსიფიცირების და სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე და მათგან, 6 წლის განმავლობაში, ჯამში, 140 პირის წინააღმდეგ 97 საქმე მოხვდა სასამართლოში. ყველაზე მეტი გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ ამ მუხლებით 2018 წელს აწარმოა, ჯამში, 28 საქმე. მას შემდეგ რიცხვები შემცირებულია და გასულ წელს მხოლოდ 12 საქმე იყო.
რა არის გამოსავალი
ფალსიფიცირების პრობლემის მასშტაბურობას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებენ პატენტრწმუნებულები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა ბრენდის ინტერესებს იცავენ.
საქპატენტში აღნიშნავენ, რომ იყიდება მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საშიში გაყალბებული საქონელი - საკვები, სასმელი, ავტონაწილები, სათამაშოები, პარფიუმერია, კოსმეტიკური, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.
კონტრაფაქციის პრობლემა მხოლოდ ქართული არ არის და ის გლობალურად მწვავედ დგას. OECD/EUIPO-ს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ფალსიფიცირებული და მეკობრული პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობა გამაოგნებელი ტემპით იზრდება და 2022 წლისთვის 991 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
საქართველოში ფალსიფიცირებული პროდუქტის აღმოჩენა მარტივია, მასთან ბრძოლის მექანიზმებია რთული.
საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მრავალი სახეობის ფალსიფიცირებული პროდუქტი უპრობლემოდ იყიდება.
დაზარალებული მომხმარებლებისთვის საკუთარი უფლებების დაცვა წლის პირველი ივლისიდან უნდა გამარტივდეს, როცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი შევა ძალაში.
კანონი პირველი ივლისიდან ნაწილობრივ, პირველი ნოემბრიდან კი სრულად უნდა ამოქმედდეს.
"მთავარი, რასაც კანონი ითვალისწინებს, ისაა, რომ საქართველოში მომხმარებლებს დაახლოებით იგივე უფლებები ექნებათ, რაც აქვთ ევროკავშირში. ის, რომ მომხმარებლებს მეწარმეებთან, მაღაზიებთან დავის შემთხვევაში ახლა მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზა დარჩენიათ, პირველი ნოემბრიდან კანონი ამას სახელმწიფო უწყებას - კონკურენციის სააგენტოს დაავალდებულებს. მომხმარებელს შეეძლება, კონკურენციის სააგენტოს მარტივი პროცედურით მიმართოს. ეს უკანასკნელი კი ვალდებული იქნება, მეწარმე შეამოწმოს, ქმედების განხორციელება მიუთითოს და თუ არ დაემორჩილება, დააჯარიმოს კიდეც", - განმარტავს კობალაძე.
ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, ნაკლის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა ამტკიცოს, რომ პროდუქტს ქარხნული ნაკლი ჰქონდა, ახალი კანონი მტკიცების ტვირთს მეწარმეს დააკისრებს.
ამასთან, პროდუქტის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე პროდუქტის დაბრუნების უფლება აქვს, თუ პროდუქტი მალფუჭებადი საკვები არ არის.