კრემლის მრჩევლობაზე უარი თქვა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც თავის დროზე, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს ორ წყაროზე დაყრდნობით.
ფონდ „ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლუდმილა ტელენმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა პირმა სააგენტოს უთხრეს, რომ იუმაშევმა პუტინის მრჩევლობაზე უარი საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ აპრილში თქვა. „როიტერსმა“ ვერ შეძლო კომენტარების მიღება თავად ვალენტინ იუმაშევისა და კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვისგან.
ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში, მისი ქალიშვილის, ტატიანას ქმარს, პროფესიით ჟურნალისტ ვალენტინ იუმაშევს ეკავა ჯერ პრეზიდენტის მრჩევლის, შემდეგ კი, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. 1997 წელს, როცა იუმაშევი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, პუტინი მის მოადგილედ დაინიშნა და მას შემდეგ დაიწყო კარიერული წინსვლა. ის, რომ ვალენტინ იუმაშევი თითქმის 20 წლის განმავლობაში, პუტინის ადმინისტრაციაში საზოგადოებრივ საწყისებზე განაგრძობდა მრჩევლის ფუნქციის შესრულებას, საჯაროდ ცნობილი გახდა 2018 წელს.
როგორც „როიტერსი“ წერს, კრემლიდან იუმაშევის წასვლით გაწყდა ერთ-ერთი ბოლო კავშირი პუტინის ადმინისტრაციასა და ელცინის მმართველობის პერიოდს შორის, რომელსაც ახასიათებდა ლიბერალური რეფორმები და დასავლეთის მიმართ გახსნილობა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან დაახლოებით ერთ თვეში ცნობილი გახდა, რომ ელცინის მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ანატოლი ჩუბაისი გადადგა მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა.