Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმის საკითხის ფორმულირებას მხარს არ უჭერს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პირველი შეხვედრები ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე გამართა. რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი იყო დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ დეპუტატებთან მისი პირველი შეხვედრის მთავარი თემა. გაგლოევის თქმით, რეფერენდუმის ფორმულირება დღეს კითხვებს აჩენს, მაშინ, როცა აუცილებელია რუსულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციების გამართვა.

„პირველად დებატების დროს გავიგეთ ამ რეფერენდუმის შესახებ. მისი ფორმულირება მაშინ სხვანაირად ჟღერდა, დღეს - სხვაგვარად. კითხვა ასე რომ ყოფილიყო: “მხარს უჭერთ თუ არა რუსეთის ფედერაციაში შესვლას ცალკე სუბიექტის უფლებებით?“ მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა. დღეს კი რეფერენდუმის ფორმულირება ასეა წარმოდგენილი: „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ფინანსურ კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას 32.5 მილიონი რუბლი (დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი) დაუჯდება.

„ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩასატარებლად ბანკისგან ვისესხოთ ფული, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად იქნება მის შემადგენლობაში მიგვიღოს”, – განუცხადა ახალარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. დეპუტატებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატები დაეთანხმნენ გაგლოევს, რომ „რეფერენდუმის ფორმულირება არასწორია და გადასინჯვას ექვემდებარება“.

ოსური მედიის ცნობით, ასევე იყო მოსაზრებები, რომ არ არის საჭირო მეორე რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ამ საკითხზე დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ თავისი აზრი 30 წლის წინ გამოთქვა.

„1992 წელს ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულ დოკუმენტს - სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ. მის პირველ პუნქტში ნათქვამია: „სთხოვოს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საბჭოს, მიიღოს სამხრეთ ოსეთი მის წევრად“. და ამ დოკუმენტს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა“, - განაცხადა პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატმა ვიაჩესლავ გობოზოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა დასძინა, რომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია ელჩმა გამოაცხადა.

„აქ ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადავდგათ ასეთი ნაბიჯები მოსკოვის თანხმობის გარეშე. აუცილებელია რუსულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა და ყველა ჩვენი ქმედების კოორდინაცია“, - აღნიშნა კოჩიევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი დანიშნა. კითხვა ფორმალურად ასეთია: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას? როგორც რუსული მხარე, ასევე ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებენ, რომ აღნიშნული კითხვის ფორმულირება არ არის სწორი. თუმცა, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, შეიცვლება თუ არა მისი ფორმულირება, უცნობია.

24 მაისს პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიტყვა „გაერთიანება“ თავის თავში ახალი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რაც არ იგეგმება და „ალბათ, საჭიროა უბრალოდ ცოტათი დაფიქრება ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით“. მიუღებელი სიტყვის ალტერნატივად კრემლი, სავარაუდოდ, „შეერთებას“ განიხილავს, თუმცა პესკოვი დეტალებს აღარ უღრმავდება.

„ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არ იგეგმება“, - ასეთია მისი განცხადება რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების და გაგლოევთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების გაუქმებას აპირებს, ამიტომ იგი ამ საკითხს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან ათანხმებს და გარდა ამისა, მოსკოვიდან მკაფიო სიგნალიც აქვს, რომ ამის გაკეთების დრო ახლა არ არის.

XS
SM
MD
LG