ისინი ”ხალხის მტრების“ ცოლები იყვნენ: ელენე სოკოლოვა-
ყანდარელი, ლიზიკო აბზიანიძე და კარი მაყაშვილი - სამი ქალი
საქართველოდან, რომლებიც 1937 წელს, სხვა ათასობით
რეპრესირებული ქალის მსგავსად, ქმრების დაპატიმრების და
დახვრეტის შემდგომ, გულაგების გზას გაუყენეს. მათ არავინ
არაფერს უხსნიდა: „ერის მოღალატეების“ ცოლობა ან ოჯახის
წევრობა, ავტომატურად, იმავეს ნიშნავდა.
საბჭოთა რეჟიმი მათ სამშობლოდან ძალიან შორს, ყველაზე მკაცრი
კლიმატის მქონე მხარეებში მდებარე შრომით-გამოსასწორებელ
კოლონიებში, ბანაკებში აგზავნიდა.
ელენემ, ლიზიკომ და კარიმაც ეს ბედი გაიზიარეს.
მათ დაატოვებინეს საკუთარი სახლი, მცირეწლოვანი შვილები და
სამშობლოდან თითქმის ათი წლით, ისე გადაასახლეს, რომ ოჯახის
წევრებზე დიდხანს არაფერი სმენიათ.
ამ სამმა ქალმაც, როგორც სხვა უამრავმა „ხალხის მტრის“ ცოლმა,
მხოლოდ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში,
სტალინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული რეაბილიტაციის
პროცესის პერიოდში მიღებული ცნობებიდან შეიტყო მეუღლეების
ჯერ დახვრეტის, შემდეგ კი მათი გამართლების ამბავი.
მანამდე კი, „დიდი ტერორი“ შეეხო ყველას. შინაგან საქმეთა
სახალხო კომისარიატი - ე.წ. НКВД (Народный комиссариат
внутренних дел) არავის ინდობდა. „ანტისაბჭოთა და მავნებლური
საქმიანობის” ბრალდება შეეძლოთ წაეყენებინათ ყველა პროფესიის
და სოციალური ფენის ადამიანისთვის.
დახვრეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ე.წ. „ტროიკას”
(სამი ადამიანისგან შემდგარი არასასამართლო ორგანო, რომელსაც
დახვრეტის განაჩენი გამოჰქონდა) 10 წუთიც ჰყოფნიდა - არც
სასამართლო პროცესი, არც გასაჩივრების უფლება: განაჩენი
სისრულეში მომენტალურად მოჰყავდათ.
რეპრესირებულ ადამიანებს, დახვრეტილების და
გადასახლებულების ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში ამ
თემაზე ლაპარაკი ეკრძალებოდათ.
„ხალხის მტრების” სახეებს ფოტოებიდან შლიდნენ.
შიშის გამო, მათ ოჯახებთან მეგობრობას, ყველა ერიდებოდა.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ნაადრევად დაბერებული
ელენე, ლიზიკო და კარიც დიდხანს დუმდნენ. ბანაკის ამბების
თხრობა არ ეხალისებოდათ. ამ სამი ქალიდან დღიურის დაწერა
მხოლოდ ერთმა, ლიზიკომ გადაწყვიტა და ისიც, სიცოცხლის ბოლო
წლებში.
ეს კი ის ამბებია, რომლებიც გადარჩა და დღეს თავიანთი
რეპრესირებული ბებიების ამბებს შვილიშვილები მოგვითხრობენ.