მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „დოჟდ“-ის მიერ, მისი დაბლოკვის გამო შეტანილი სარჩელი. რუსეთის ხელისუფლებამ ამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების ვებსაიტის მუშაობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1 მარტს დაბლოკა, 3 მარტს კი, ტელეარხმა მაუწყებლობა შეაჩერა.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, 23 მაისს სასამართლოს სხდომაზე, რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა „დოჟდ“-ის დაბლოკვა იმით ახსნა, რომ ამ მედიასაშუალების მუშაობა „საფრთხეს უქმნიდა რუსეთის კონსტიტუციური წყობის სტაბილურობას და უსაფრთხოებას“. პროკურორის თქმით, ჟურნალისტებს „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლასთან დაკავშირებულ ვითარებაში“ სურდათ „საზოგადოებაში საპროტესტო განწყობების ფორმირება“.
თავის მხრივ, „დოჟდ“-ის წარმომადგენელმა სარჩელის განხილვისას განმარტა, რომ ფედერალური სამსახურის, „როსკომნადზორ“-ის მოთხოვნაში, რომელიც ეხებოდა საიტიდან მასალების წაშლას, მითითებული არ იყო, კონკრეტულად რომელი მასალებით ირღვეოდა კანონი. „ჩვენ არ გვესმის, რა უნდა გაკეთდეს მოთხოვნის შესასრულებლად? მთელი საიტი წავშალოთ და თეთრი გვერდი დავტოვოთ?“ - განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
კრემლი, რომელიც უკრაინაში შეჭრას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით.
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ათეულობით დამოუკიდებელი მედიასაშუალების მუშაობა.