„1945 წლის 10 აპრილს, დილის 2 საათზე, ჰოვარდ დოუსსა და რეგ ერლს, ნორფოლკის პატარა სოფელ მანდსლეის სანაპირო დაცვის წევრებს, მკვეთრმა სინათლემ მოსჭრა თვალი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვიდან, კერძოდ, პატარა სამაშველო ნავიდან ავარდა ცაში“, - ასე იწყებს თავის წიგნში თხრობას ამერიკელი მწერალი ერიკ ლი, ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მომხდარი ქართველთა აჯანყების შესახებ.
წიგნს ჰქვია „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“, რომელშიც ავტორი გვიამბობს, რომ ამ სამაშველო ნავში, სადაც მსხდარი ადამიანები ბრიტანელებს თავიდან მტრები ეგონათ, უჩვეულო შემადგენლობის ეკიპაჟი აღმოჩნდა - მათგან ათი ჰოლანდიელი იყო, ოთხს კი გერმანული ჯარის ფორმები ეცვა.
მაგრამ ძალიან მალე, როცა საეჭვო ოთხეული ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გერმანელი ტყვეების „დასახარისხებელ“ პუნქტში მიიყვანეს დაკითხვაზე, გაირკვა, რომ ეს „გერმანელი ჯარისკაცები“ სინამდვილეში წითელი არმიის ყოფილი ჯარისკაცები იყვნენ საბჭოთა საქართველოდან. ისინი, რამდენიმე წლით ადრე, გერმანელებს ტყვედ ჩაბარებოდნენ, მათ კი ისინი გერმანული არმიის ქართულ ლეგიონში მიეღოთ. გერმანული ფორმაც ამიტომ ეცვათ:
„ამბავი, რომელსაც ისინი მოჰყვნენ - მართლაც გასაოცარი იყო“, - წერს ერიკ ლი თავის წიგნში, რომელიც ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა და გამომცემლობა „ზიარმა“ გამოსცა.
ბრძოლა ტექსელზე 1945 წლის 6 აპრილს დაიწყო და 20 მაისამდე, კანადის ჯარის ჩასვლამდე გაგრძელდა.
უცნაური ის იყო, რომ ჯარისკაცებს ორივე მხრიდან ერთნაირი უნიფორმა ეცვათ. ერთ მხარეს ქართველები (მეტწილად საბჭოთა, ბრძოლის ველზე დატყვევებული ჯარისკაცები ვერმახტის 822-ე აღმოსავლეთის ბატალიონიდან), ხოლო მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც 6 აპრილის დილის საათებამდე ქართველები ერთგულ მებრძოლებად მიაჩნდათ.
როგორც წიგნის ავტორი წერს, მათ შორის ასევე იყვნენ ის ჰოლანდიელები, რომელთაც თავიდან ჩათვალეს, რომ კუნძული მოკავშირეთა ძალების მიერ იყო გათავისუფლებული, მაგრამ მალე ისინიც ამ სისხლიანი ორთაბრძოლის ნაწილი გახდნენ, რომელსაც ათობით სამოქალაქო პირის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლეც შეეწირა.
თბილისში მყოფ მწერალს, ერიკ ლის, წიგნის პრეზენტაციაზე შევხვდით და ვკითხეთ, თუ რატომ აირჩია სწორედ ეს ამბავი, რომელსაც აქამდეც არაერთი წიგნი და ფილმი მიეძღვნა.
„პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ქართველთა ისტორიის ნაწილია - თუ რა მოხდა მათ თავს ორი დიდი ტოტალიტარული იმპერიის შეჯახების წლებში, - გვიპასუხა მან, - ამბავი იმ ახალგაზრდა კაცებისა, რომლებიც აიძულეს ებრძოლათ ჯერ სტალინისთვის, შემდგომ ჰიტლერისთვის, შემდეგ ისევ სტალინისთვის და რაც, ფაქტობრივად, მათი სიცოცხლის განადგურებით დასრულდა - ეს საშინელი ტრაგედია და, ამავე დროს, ძალიან ადამიანური ამბავია“.
- რა პასუხებს იპოვიან ქართველები ამ წიგნში და რატომ შეიძლება ეს წიგნი იყოს მათთვის საინტერესო?
- იმიტომ, რომ მასში მოთხრობილია ნამდვილი, შეულამაზებელი ამბავი. მე თითქმის ყველა მტკიცებულებას გავეცანი. მასალების უმეტესობა, რაც ამ საკითხზე 1945 წლის შემდეგ გამოქვეყნებულა, ძირითადად, საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი იყო, როგორც მათი პოლიტიკური დღის წესრიგის მიზანი. მე კი, ამ წიგნის წერისას, ეს მიზანი არ მქონია.
- როგორ მუშაობდით წიგნზე, რა მასალებს გაეცანით?
- კი, ჯერ ამ თემაზე ინგლისურად არსებული მასალა წავიკითხე, ცხადია, ჩავედი კუნძულზე, ბრიტანეთის არქივშიც ვიმუშავე, სადაც გავეცანი იმ ოთხი ქართველის ჩვენებას, რომლებიც ტექსელიდან ნავით გაიქცნენ. საინტერესოა, რომ ბრიტანელებმა ყველაფერი იცოდნენ, რაც იქ ხდებოდა, ყველაფერი, რაც ითქმებოდა ბერლინში, მაშინვე გადაიცემოდა ლონდონში. ეს თავიდან ბოლომდე ტრაგიკული ამბავია - ისინი იბრძოდნენ საშინელი რეჟიმის მხარეს, შემდეგ გახდნენ ომის ტყვეები, რადგან საბჭოთა არმია ომისთვის საერთოდ არ იყო მზად, შემდეგ კი დადგნენ არჩევანის წინ - ან შიმშილით დახოცილიყვნენ ან გერმანიის არმიას შეერთებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭამათ. სხვა არჩევანი მათ არც ჰქონდათ.
ერიკ ლი გვეუბნება, რომ საბჭოთა მთავრობა გულმოდგილედ ცდილობდა გაევრცელებინა ცნობები, თითქოს ეს ხალხი არასდროს ყოფილა გერმანული არმიის ნაწილი. საბჭოთა დროს გადაღებულ ფილმშიც ისინი მხოლოდ ომის ტყვეებად წარმოაჩინეს.
„სინამდვილეში მათ იარაღი იმიტომ ეჭირათ, რომ გერმანული ჯარის ნაწილი იყვნენ. ხოლო მათი უპრეცედენტო ერთგულების ამბავი სტალინისა და საბჭოთა კავშირის მიმართ, აბსოლუტური მითია. ეს ასე არ ყოფილა. ისინი უბრალოდ გადარჩენას ცდილობდნენ და თავიანთ თავზე ფიქრობდნენ. მათ სახლში, ოჯახებთან დაბრუნება სურდათ - ზოგმა ეს მოახერხა კიდეც. მე მგონია, რომ ეს თან ძალიან სევდიანი ისტორიაა, მაგრამ ამავდროულად დიდი გმირობის ამბავიც. თუმც კი, შესაძლოა, მაშინ არც კი იცოდნენ, რას აკეთებდნენ“, - გვეუბნება ერიკ ლი.
ამ წიგნში ავტორი გვაცნობს აჯანყების ქართველ მონაწილეებს, წითელი არმიის საჰაერო ძალების მფრინავს, შალვა ლოლაძეს, ევგენი არტემიძეს - ზედმეტსახელად „პატარა სტალინს“, გადარჩენილ გრიშა ბაინდურაშვილს და გენერალ შალვა მაღლაკელიძეს, ქართული ლეგიონის ყოფილ მეთაურს, რომელიც ასევე გადაურჩა ომს, თუმცა დასავლეთ გერმანიდან საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებმა გაიტაცეს და საბჭოთა კავშირში დააბრუნეს.
გვიამბობს მაიორ კლაუს ბრაიტნერზე, 822-ე ბატალიონის მეთაურზე ტექსელზე. ჰოლანდიური წინააღმდეგობის მეთაურ იაკობ კაიზერზე, რომელიც ამ წიგნში ქართველებთან თავის ფარულ შეხვედრას იხსენებს... ამ ამბის მონაწილე სხვა არაერთ გმირსაც, რომელთა მონათხრობი „ევროპის ბოლო ბრძოლის“ სურათს აღადგენს.
ბატალიონი „ბერგმანი“
1941 წლის ოქტომბერში, დაახლოებით 400 ყოფილი საბჭოთა მეომარი - უმეტესად კავკასიის მკვიდრნი - ტყვეთა ბანაკიდან გაიყვანეს, სადაც მათ შიმშილით სიკვდილი ელოდათ. მოსამაგრებლად ისინი მიმდებარე სოფლებში დაასახლეს, შემდეგ კი - სტრანზის საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც სილეზიაში, ქალაქ ნოიჰამერის სიახლოვეს მდებარეობდა. სწორედ აქ შეიქმნა ბატალიონი „ბერგმანი“, როგორც ბრანდერბურგის პოლკის შენაერთი.
ერიკ ლი წერს, რომ ეს პოლკი თავის მხრივ იყო ელიტური ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში შეჭრის დროს. ამ ბატალიონში გაწევრიანება 130-მა ქართველმა ემიგრანტმაც მოინდომა.
ბატალიონ „ბერგმანშიც“ და მოგვიანებით შექმნილ ქართულ ლეგიონშიც, ყველა ოფიცერი გერმანელი იყო. შექმნიდან ხუთ თვეში „ბერგმანი“ 1000-ზე მეტ კაცს ითვლიდა. თუმცა „ბერგმანის“ ხალხი, მხოლოდ 1942 წლის აგვისტოს, მისი შექმნიდან ათი თვის თავზე გაიგზავნა აღმოსავლეთის ფრონტზე.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით:
„ბერგმანი“ არასოდეს მონაწილეობდა საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში, მაგრამ მას იყენებდნენ როგორც სადამსჯელო ჯარს, რომლის ამოცანა იმ საბჭოთა პატრიოტების მოძებნა და ლიკვიდირება იყო, ვინც მთებში გახიზნულ პარტიზანებს შეუერთდა და გერმანელი ნაცისტების ზურგში მოქმედებდა“.
წიგნის ავტორი გვიამბობს, რომ 1944 წელს, როცა „ბერგმანი“ SS-ის ძალებთან ერთად, ვარშავის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა, იქ ქართველები აღარ იყვნენ, რადგან ისინი უკვე ახლად შექმნილ ქართულ ლეგიონს შეუერთეს. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, 822-ე ბატალიონშიც კი აღმოჩნდა, რომელიც 1945 წელს უკვე ტექსელზე იყო განლაგებული.
ტყვეობაში
ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც გერმანელებმა დაატყვევეს, ვალიკო ჟღენტი აღმოჩნდა. ერიკ ლი წერს, რომ ის გერმანელებმა რიგაში 1941 წლის ივნისში, ლამის ომის დაწყებისთანავე დაატყვევეს. ჟღენტი მანამდე წითელ არმიაში იყო მოხალისედ ჩაწერილი. ირწმუნებოდა, რომ სამჯერ სცადა ტყვეობიდან თავის დაღწევა: „ბანაკში საშინელი პირობები იყო, ძაღლებსაც კი ვჭამდით, თუ დაჭერას მოვახერხებდითო“.
შალვა ლოლაძე კაპიტანი იყო და საბჭოთა საჰაერო ძალების ესკადრონს მეთაურობდა. 1942 წელს გერმანელებმა ის ოკუპირებული უკრაინის თავზე ჩამოაგდეს და ტყვედ აიყვანეს, საბოლოდ ლოლაძეც ქართულ ლეგიონში აღმოჩნდა.
გერმანელების მიერ დატყვევებული კიდევ ერთი ქართველი ევგენი არტემიძე იყო - ის ომს ცოცხალი გადაურჩა და ამიტომ, საკუთარი ამბავი თავად აქვს ნაამბობი.
ვარლამ ლომიძე წითელ არმიაში 1942 წლის მარტში გაიწვიეს - ის იმ დროს ისტორიის მასწავლებელი იყო თბილისში, ყირიმში იბრძოდა და გერმანელებმაც იქ დაატყვევეს. ჟღენტი, ლოლაძე, არტემიძე, ლომიძე, გონგლაძე ერთად აღმოჩნდნენ 822-ე ბატალიონში.
შემდეგ გონგლაძე იხსენებდა, გერმანელებმა ისინი შეგვარჩიეს, ვისაც კრუშინამდე, სამხრეთ პოლონეთში მდებარე ქალაქამდე ფეხით მისვლა შეეძლოო. გონგლაძე სხვებთან ერთად ქართულ ლეგიონში შეიყვანეს, რომლის ფორმირება სწორედ მაშინ იწყებოდა:
„ვინც გერმანული ფორმის ჩაცმაზე უარი თქვა, იქვე დახვრიტესო“, - გონგლაძის ნაამბობი ძალიან ჰგავს იმას, რაც კიდევ ერთმა ქართველმა, ლომთათიძემ მოჰყვა 1944 წელს, დატყვევების შემდეგ:
„დახვრეტას ყველაფერი ჯობდა. ჩვენი მიზანი იყო გამოჯანმრთელებას დავლოდებოდით. ძალები აღგვედგინა და იარაღი მიგვეღო. შესაფერის შემთხვევას ველოდებოდით. აქ გავიცანი ლოლაძე, დავიფიცეთ, რომ შურს ვიძიებდით“...
1943 წლის აპრილში, ათასამდე ქართველისგან 822-ე ბატალიონი ჩამოაყალიბეს. შალვა ლოლაძე ბატალიონის მესამე ასეულის მეთაური გახდა.
822-ე ბატალიონს გერმანელი კლაუს ბრაიტნერი მეთაურობდა. ის ქართველებს ჯერ პოლონეთიდან საფრანგეთში გადაყვანის დროს ახლდა, შემდეგ კი, ამ გზის ბოლოს, კუნძულ ტექსელზეც.
ერიკ ლი მოგვითხრობს, რომ ტექსელი (დასავლეთ ფრიზის კუნძულების ყველაზე დიდი და ყველაზე მეტად დასახლებული კუნძული), მესამე რაიხის მიერ ევროპის გაყოლებაზე, სიმაგრეებისა და თავდაცვითი ნაგებობების სისტემად გადაჭიმული „ატლანტიკური კედლის“ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა გადასხდომისთვის ხელი უნდა შეეშალა.
1944 წლის აპრილში, როცა ტექსელის აჯანყებამდე ერთი წელი იყო დარჩენილი, აჯანყების ორგანიზატორებმა შალვა ლოლაძემ, სერგი გუჯაბიძემ და ევგენი არტემიძემ ჰოლანდიური წინააღმდეგობის ძალებთან კონტაქტი დაამყარეს. მათ კავშირი ჰქონდათ ადგილობრივ კომუნისტებთანაც. თუმცა, მათ იდეას აჯანყების შესახებ მხარი საბოლოოდ არავინ დაუჭირა - ქართველები ღელავდნენ, რადგან შეიარაღებული აჯანყების გეგმა შესაძლოა, განუხორციელებული დარჩენოდათ.
„გადავწყვიტეთ, რომ საერთო მიზნისთვის სიკვდილი სჯობდა“
ომი დასასრულს უახლოვდებოდა და აღარც ელოდნენ, რომ აჯანყება მოხდებოდა. ყველა ფიქრობდა, რომ გერმანელები კაპიტულაციას გამოაცხადებდნენ და მათი ჯარისკაცები შინ დაბრუნდებოდნენ, ჰოლანდიელები კი მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
„მაგრამ ასეთი მოახლოებული რეალობა მისაღები იყო ყველასთვის 822-ე ბატალიონის გარდა. იმიტომ, რომ მათთვის ომის დასრულება სახლში დაბრუნებას სულაც არ ნიშნავდა - მათ იცოდნენ, რომ სტალინს ორჯერ ჰქონდა მათთვის გამოტანილი განაჩენი - ერთხელ იმ ბრძანებით, რომელიც ჯარისკაცს მტრის ხელში ცოცხლად ჩავარდნას უკრძალავდა და მეორედ - მტრის უნიფორმის ჩაცმისა და ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის - დაბრუნების შემთხვევაში მათ შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდათ“, - წერს ერიკ ლი.
მაიორმა კლაუს ბრაიტნერმა, 822-ე ბატალიონის მეთაურმა, მიიღო ბრძანება, რომ ოთხი ასეული, ქართველებისგან შემდგარი ჯარის ნახევარი, მოკავშირეებთან ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ ბატალიონს ბრიტანელებისა და კანადელების წინააღმდეგ ბრძოლა დიდად არ ხიბლავდა.
ევგენი არტემიძე იხსენებდა:
„გერმანელებმა გადაწყვიტეს, ჩვენი ბატალიონის ნახევარი ფრონტზე გაეგზავნათ, ნახევარი კი ტექსელზე დაეტოვებინათ, და თუ ქართველები გერმანელებს უღალატებდნენ და ბრიტანელების მხარეზე გადავიდოდნენ, ისინი ტექსელზე ქართველებს დახოცავდნენ... გადავწყვიტეთ, რომ საერთო მიზნისთვის სიკვდილი სჯობდა: გერმანელების წინააღმდეგ უნდა ავჯანყებულიყავით. თუ დავიხოცებოდით, დე, ასე ყოფილიყო. თუ გადავრჩებოდით, საბჭოთა კავშირისადმი ერთგული ჯარისკაცების სახელი გვექნებოდა“.
ლოლაძე მას დასთანხმებია და ქართველ ოფიცრებსაც გეგმა შეუმუშავებიათ - ლოლაძეს, როგორც აჯანყების მეთაურს, სასტუმრო „დე ლინდებოომი“ უნდა დაეკავებინა - გერმანელების შტაბბინა დენ ბურხში, სხვებს - სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამიზნეები.
გეგმაში იყო მაიორ ბრაიტნერის დაპატიმრებაც.
ოპერაცია „დაბადების დღე“
ოპერაცია ღამის პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო, როცა გერმანელებს მშვიდად ეძინათ. ქართველები კი ყაზარმებში შევიდოდნენ და მათ ჩუმად ჩახოცავდნენ.
ერიკ ლი წერს, რომ რადგან ბრძოლის დროს გერმანელებსაც და ქართველებსაც ერთნაირი სამხედრო ფორმები ეცმებოდათ, ამბოხებულებმა მოიფიქრეს პაროლი, რომელსაც გერმანელები სწორად ვერ გამოთქვამდნენ და ეს იყო რუსული ფრაზა, „ძენ როჟდენია“ - „დაბადების დღე“ - ასე ერქვა თავად ოპერაციას.
აჯანყება ღამით, მანათობელი რაკეტის გასროლით დაიწყო.
ვალიკო ჟღენტი იხსენებდა:
„ბუნკერს დავეცით, რომელშიც ოთხი ოფიცერი იმყოფებოდა. მე ორი მათგანი მოვკალი, მაგრამ მერე მკლავში ტყვია მომხვდა. მარცხენა ხელით ჩავხოცე დანარჩენი ორი, ძაღლებივით“...
ქართველებთან ერთად იყო იმ დროს ჰოლანდიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი ჰუუხ სნუკიც, რომელიც ასე იხსენებდა იმ ღამეს:
„სროლა მთელი ღამე გრძელებოდა... ქართველები კარგი მსროლელები იყვნენ და ყველა გერმანელი, ვინც კი გზად შემოგვხვდა, მოკლეს. ყველას თავში ესროდნენ, მუზარადები მათ ტყვიისგან ვერ იცავდა“.
მაიორი ბრაიტნერი იქ არ აღმოჩნდა, სადაც ქართველებს ეგულებოდათ: მოგვიანებით ის იხსენებდა, სასიგნალო მაშხალები და სროლის ხმა რომ გავიგონე, მეგონა, ქართველები ტექსელიდან გამგზავრებას აღნიშნავენო.
„ქართველებზე იმწუთას არ მიეჭვიაო“, - ამბობდა ის.
ერიკ ლი მოგვითხრობს, რომ ბრაიტნერის ანგარიში ბერლინში, უკვე ბუნკერში მყოფ ჰიტლერს გადაეცა. გერმანელ ჯარისკაცებს უბრძანეს, შეიპყრობდნენ თუ არა ქართველ ჯარისკაცს, მისთვის გერმანული უნიფორმა გაეხადათ. ჰიტლერის ბრძანება იყო: „დაუყოვნებლივ მოეკლათ ყველა ქართველი“.
აჯანყების შესახებ არც ტექსელის ჰოლანდიური მოსახლეობა გაუფრთხილებია ვინმეს - ჰანს ფერჰუვენი, რომელიც მაშინ 12 წლის ბიჭი იყო, იხსენებდა:
„ღამით სროლა მაინც გვესმოდა, მაგრამ გვეგონა, წვრთნას გადიოდნენ. თუმცა როცა ჩვენი სკოლის ეზოში ორი რუსი შემოვიდა და თოფებიდან ჰაერში გაისროლეს, ყვირილით, რომ ყველა გერმანელს „კაპუტ“ დაემართა, მივხვდით, რომ რაღაც დაუჯერებელი მოხდა“.
პირველ ღამით აჯანყებულებმა 400-ზე მეტი გერმანელი მოკლეს.
შალვა ლოლაძე, თურმე, პროკლამაციებს ავრცელებდა და ჰოლანდიელ მამაკაცებს მოუწოდებდა აჯანყებულებთან გამოცხადებულიყვნენ.
აჯანყებიდან რამდენიმე საათში, როგორც წიგნის ავტორი გვიყვება, გერმანელებმა პასუხის გასაცემად ყველაზე დაუცველი სამიზნე - ჰოლანდიელი მოსახლეობა აირჩიეს. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ბრძოლის დასრულების შემდეგ მათ სამოცდაცხრამეტი სამოქალაქო პირი ჰყავდათ მოკლული. მათ შორის - ბავშვებიც.
ამასობაში კი, გერმანელებმა კონტრიერიში დაიწყეს.
ერთი გზა რჩებოდა - დახმარების სათხოვნელად ინგლისში სამაშველო ნავი უნდა გაეშვათ - ის ოთხი ქართველი, რომლებიც დასაწყისში ვახსენეთ, სწორედ ამ ნავზე აღმოჩნდნენ - მათი გვარ-სახელები მოხვდა კიდეც მაშინ გასაიდუმლოებულ ანგარიშში. დავით გავაშვილმა, სიმონ ქარქაშაძემ, აკაკი მაჩაიძემ და გიორგი რევიაშვილმა ბრიტანულ დაზვერვას დეტალურად მოუთხრეს, თუ რა მოხდა ტექსელზე და დახმარების თხოვნაც გადასცეს.
მაგრამ ბრიტანელებმა ტექსელისკენ მხოლოდ სადაზვერვო თვითმფრინავი გაუშვეს - ქართველები კი კუნძულზე საკუთარი თავის იმედად დარჩნენ და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ. ზოგიერთი მათგანი ჰოლანდიელებთან აფარებდა თავს. ასეთი იყო, მაგალითად, ევგენი არტემიძე.
ერიკ ლი ამ წიგნში გვიზიარებს ერთი ჰოლანდიელი ქალის მოგონებას:
„ერთხელ გვითხრეს, „ხვალ აქ ვიღაცას მოვიყვანთ“. რომ მოიყვანეს, არტემიძე გამოდგა. მამაჩემმა თქვა: ამ კაცს რა მოვუხერხო? მანამდე ღორი დავკალით და შესანახად ქილებში ჩავაწყვეთ. სატივეში კი პატარა ოთახივით ღიობი დარჩა, ის ღორი იქ ცხოვრობდა. ზუსტად იქით წაიყვანეს არტემიძე, იქ, სადაც ღორი ცხოვრობდა“.
ხოლო ტექსელზე გადარჩენილმა ერთ-ერთმა ქართველმა, გრიშა ბაინდურაშვილმა, აჯანყებიდან სამოცდაათი წლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში გერმანელთა კონტრიერიში ასე გაიხსენა:
„ვიცოდით, რომ ყველანი იქ დავიხოცებოდით... ერთ საღამოს მე და კიდევ ორი ქართველი დასაზვერად წავედით... მოულოდნელად ძაღლის ყეფა მოგვესმა. ეს ნიშნავდა, რომ რეიდი უკვე დაწყებულიყო. სხვა გზა არ გვქონდა, იქვე მდგარ თივის ზვინში უნდა შევმძვრალიყავით... ერთმა ჯარისკაცმა კიბე მოიტანა და ზვინის წვერამდე ამოძვრა... 70 წლის შემდეგაც თვალწინ მიდგას. ახალგაზრდა კაცი იყო, შავთმიანი. იარაღის ლულა მისკენ მქონდა მიშვერილი, მას კი ჩახმახზე ჰქონდა შეყენებული. რამდენიმე წამი ასე გავატარეთ... მერე მოულოდენლად გატრიალდა, კიბეს დაბლა დაუყვა და წავიდა... გავიგონე როგორ თქვა: „არა, აქ არ არიან რუსი პარტიზანები“.
ბოლო ბრძოლა ტექსელზე მის ცნობილ შუქურასთან გაიმართა. წასასვლელი აღარსად იყო, ქართველები კუნძულის კიდესთან იდგნენ. კოშკში გამაგრებული ქართველები საბოლოოდ იქვე ააფეთქეს. გრიშა ბაინდურაშვილი კი ერთ-ერთი იყო, ვინც ამ აფეთქებასაც ცოცხალი გადაურჩა. ტექსელის ბრძოლაც ასე დასრულდა.
ქართველების ნაწილი, მათ შორის, თავად შალვა ლოლაძეც კუნძულზე იმალებოდა და ის ღრმა თხრილში შეფარებული ჩაცხრილეს გერმანელებმა. 5 მაისს კი გერმანელებმაც დაყარეს იარაღი. ხოლო მოკავშირეთა ძალები ტექსელზე გერმანელთა კაპიტულაციიდან ორ კვირაში გადასხდნენ.
ერიკ ლი წერს, რომ იმ 8000 ქართველიდან, რომლებიც გერმანიის არმიაში მსახურობდნენ, ნაწილი გულაგებში გააგზავნეს, მცირე ნაწილმა შეძლო სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მიღება. ტექსელის ბრძოლებს გადარჩენილები იღბლიანები გამოდგნენ, წერს ერიკ ლი, ისინი არ დაუხვრეტიათ. ზოგი დროებით გადაასახლეს.
წიგნის ავტორის სიტყვებით, შესაძლოა, ვერც ვერასდროს გავიგოთ, როგორ გადაურჩნენ ტექსელის ქართველები დასჯას, მაგრამ მათ შესახებ მითების შექმნის პროცესი რომ მანამდე დაიწყო, სანამ მათ კუნძულიდან გაამგზავრებდნენ, ეს კი ნამდვილად ვიცითო, ამბობს ავტორი.