Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს


აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას მხარი 18 მაისს დაუჭირა
აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას მხარი 18 მაისს დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინაში ელჩად კარიერული დიპლომატის, ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას. სენატში კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18 მაისს, საღამოს ჩატარდა. მანამდე ბრინკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა 25 აპრილს წარადგინა.

აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა 2019 წლიდან, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი. დიპლომატი მის გაწვევას უკავშირებდა უკრაინისადმი ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას. მას შემდეგ აშშ- კიევში ჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

კიევში ბრიჯიტ ბრინკის ელჩობა იწყება თანამედროვე უკრაინისთვის ყველაზე რთულ, რუსეთთან ომის პერიოდში. ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად ივნისიდან შეუდგება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ კიევში დროებით დახურულმა საელჩომ მუშაობა 18 მაისს განაახლა.

უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. 2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, "ქართული ოცნების" მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. "ქართულ ოცნებაში" ამას უარყოფდნენ. 2011-2014 წლებში ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

XS
SM
MD
LG