Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მაისს


საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, გვარამიას დაპატიმრება სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ მუქარად აღიქმება

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ გაფრთხილებად და მუქარად აღიქმება, - ამბობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მისთვის გამოტანილი განაჩენი კი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მედიაგარემოზე და აჩენს შიშს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

გვარამიას დაკავების შემდეგ აქტიურად დაიწყო განხილვა იმის შესახებ, რომ ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის ინიციატივა გამოთქვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაკავების გამო დღეს ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. ნიკა გვარამიას მხარდამჭერები 19:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ წავლენ.

სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ასევე ნახე:

ჯოჯოხეთი სრულდება? - რა ელით "აზოვსტალიდან" გამოყვანილ უკრაინელ სამხედროებს

„აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების, მათ შორის - დაჭრილების გამოყვანა 16 მაისს მოულოდნელად დაიწყო და 17 მაისსაც გაგრძელდა. რა შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს ევაკუაცია და რა ბედი ეწევათ მათ? ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხი ბუნდოვანია.

რას ამბობს რუსეთი:

დაჭრილების გაყვანის ფაქტზე მალევე ააგო რუსულმა მედიამ პროპაგანდისტული სცენარი. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბატალიონ „ვოსტოკის“ მეთაურმა, ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ, რუსეთის პროპაგანდისტულ „როსია 24“-ის ეთერში თქვა, რომ „აზოვსტალის“ შენობიდან უკრაინელი მებრძოლების ჯგუფი თეთრი დროშით რუსეთის მხარესთან მოსალაპარაკებლად გამოვიდა.

რა გავიგეთ უკრაინული მხარისგან:

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თავიდანვე თქვა, რომ დაჭრილი მებრძოლების გამოჯანმრთელების შემდეგ იგეგმება მათი გაცვლა რუს ტყვეებზე. მან ჰუმანიტარული ოპერაციის მომდევნო ეტაპებიც ახსენა, რომელზეც მისი თქმით მუშაობა დაწყებულია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 მაისს, გვიან ღამით თავის მიმართვაში მებრძოლებს გმირები უწოდა და თქვა, რომ პროცესი „უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკების ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ძალისხმევით“ წარიმართა.

17 მაისს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეწყვეტილია.

ვინ იგულისხმება „მოლაპარაკების ჯგუფში“, რომელზეც ზელენსკი საუბრობს? რა პირობით გაიყვანეს „აზოვსტალიდან“ დაჭრილები და არის თუ არა გაცვლის შანსი? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის სანქციებთან "საქართველოს არასაკმარის შესაბამისობაზე" გაამახვილა ყურადღება

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა, რომელზეც ძირითადად ყურადღება სამ საკითხზე - ევროკავშირში განაცხადზე, სანქციებთან შესაბამისობასა და რეფორმების პროცესზე გამახვილდა. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იუწყება ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით, კერძოდ, შარლ მიშელს აღუნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შესახებ სავარაუდოდ 8-15 ივნისს მოსალოდნელი დებატები დაკავშირებული იქნება სანქციების საკითხსა და რეფორმების პროცესთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა უფრო მეტი „რეალური რეფორმებისკენ“, რომლის მხრივაც, როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობა საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული, ბოლო თვეებში ბევრი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება რუსეთის მიმართ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველომ „არასაკმარისი ნიშნები“ აჩვენა ბრიუსელის პოლიტიკასთან შესაბამისობის მიღწევის თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც გაავრცელა. მათი ცნობით, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

წაიკითხე მეტი.

დღეს ფინეთი და შვედეთი ერთობლივად წარადგენენ ნატოს წევრობის განაცხადს

ფინეთის პარლამენტმა სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 188 დეპუტატმა, 8 - წინააღმდეგი იყო.

მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და მთავრობამ ამ ნაბიჯს ფუნდამენტური გადაწყვეტილება უწოდეს. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი ნიინისტე დაამტკიცებს საპარლამენტო კენჭისყრის შედეგებს.

შვედეთამდე ცოტა ხნით ადრე, ნატოში შესვლის ოფიციალური გადაწყვეტილება გამოაცხადა ფინეთმა. ევროკავშირის ამ ორმა სახელმწიფომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.

ოთხშაბათს, 18 მაისს ფინეთი და შვედეთი ერთობლივად წარადგენენ ნატოს წევრობის განაცხადს, აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

წაიკითხე მეტი.

სირცხვილია: გიორგი მჟავანაძე დააკავეს. პოლიციელებმა მას ბორკილებდადებულს სცემეს

"სირცხვილია" ინფორმაციას ავრცელებს მოძრაობის დირექტორის, გიორგი მჟავანაძის დაკავების შესახებ. აქტივისტების გაერთიანების ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში ჯარიმის ჩასაბარებლად მისული მჟავანაძე პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"განყოფილებაში მისულ გიორგის პოლიციელი ადგილზე არ დახვდა და სთხოვა, დალოდებოდა. ამ დროს, პოლიციის განყოფილების მისაღებში მყოფი სხვა პოლიციელი მიუახლოვდა და დაახლოებით მსგავსი დიალოგი დგება:

- რაზე ხარ მოსული?
- ვიღაც პოლიციელს ველოდები.
- შენი ვიღაცაა პოლიციელი?
- სახელი და გვარი არ ვიცი.

ამის შემდეგ, გაღიზიანებულ პოლიციელს უერთდება რამდენიმე თანამშრომელი, გიორგის აგდებენ შენობიდან და "ამას რას ელოლიავებით, დააკავეთ" ბრძანების შემდეგ ადებენ ხელბორკილებს“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მჟავანაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული 173 მუხლის დარღვევისთვის, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი განყოფილებაში ცემის შესახებ უწყება კომენტარს არ აკეთებს.

წაიკითხე მეტი.

კრემლს ჩაფიქრებული აქვს ბავშვთა მოძრაობის შექმნა

კრემლი, ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტო ("როსმოლოდეჟ") და განათლების სამინისტრო განიხილავენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ახალი რუსული მოძრაობის შექმნას. ამის შესახებ რამდენიმე რუსული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობების თანახმად, ახალი ორგანიზაციის შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს შეიძლება წარედგინოს 19 მაისს, საბჭოთა პიონერული მოძრაობის დაარსების მე-100 წლისთავზე. ერთ-ერთმა წყარომ მოძრაობის შექმნის ამოცანად დაასახელა "ბავშვებსა და მოზარდებში პატრიოტიზმის აღზრდა, სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება". ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო აღნიშნავს, რომ ახალ სტრუქტურაში გაწევრიანება სურვილისამებრ მოხდება.

წაიკითხე მეტი.

რატომ არიან „ძალოვანი სტრუქტურები“ უკმაყოფილო პუტინით?

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე - ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ რუსეთში, სულ უფრო მეტ ცოცხალ ძალას, სამხედრო ტექნიკასა და მატერიალურ რესურსს მოითხოვს. რუსი და უცხოელი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზეც კი ერევა ომის მსვლელობაში, რაც ძალოვანი უწყებების გულისწყრომასა და დისტანცირებას იწვევს.

ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი მარცხი განიცადა მდინარე ჩრდილო დონეცკის ფორსირებისას. ISW-ის ანალიტიკოსების თქმით, 550 რუსი სამხედრო მოსამსახურიდან დაიღუპა 485 და განადგურდა 80 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, „რაც დასტურდება ბრძოლის ველის აეროფოტოგადაღებებით“.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, სულ ომის მსვლელობისას რუსეთმა უკვე დაკარგა იმ სახმელეთო ძალების დაახლოებით მესამედი, რომლითაც 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

რატომ არიან ძალოვანი სტრუქტურები პუტინით უკმაყოფილო? წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ვინ არის ფრედერიკ ბეგბედერი: ადამიანი, იოგურტი, თუ მოაზროვნე იოგურტი? რა და ვინ გაახსენდა ფრანგ მწერალს, როდესაც მას მწვანე დღიური, ძველი ფოტოები და პუტინის პორტრეტი აჩვენეს? 8 ფოტო ფედერიკ ბეგბედერის არქივიდან - „ყველა კარგი ისტორია წვეულებით იწყება“.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG