Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“ და „კავკასია“ დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერას სთხოვენ


„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ ოთხი ტელეკომპანიის ერთობლივი განცხადება საზოგადოებას გააცნო გიორგი გაბუნიამ, რომელიც ამჟამად „მთავარი არხის" მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელია (ტელეარხის წარმომადგენელი კი დიმიტრი საძაგლიშვილია).

„მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“ და „კავკასია“ მიმართავენ დასავლელ პარტნიორებს:

„ჩვენ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნიკა გვარამიას დაჭერასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი, დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და NATO-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, „ოცნების“ რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია.

ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის ან ერთი ადამიანის საკითხი, ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე. ჩვენ ოპოზიციური მედია ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე“.

ტელეკომპანები დასავლეთის ქვეყნებს მხარდაჭერას სთხოვენ.

„თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის, ფინანსური დახმარება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და იმართება, უკვე დაუფარავად, რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას და ზეწოლას, ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხის და ჩვენი, კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, ამიტომ, მოგმართავთ თქვენ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ამ ოლიგარქიულ რეჟიმს, საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, 18 მაისს იგეგმება ნიკა გვარამიას მიმართ მედიის სოლიდარობის აქცია - მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.

„გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“, - აღნიშნავს ჯანგირაშვილი, თუმცა აზუსტებს, რომ ეს იქნება მედიის აქცია და არა პოლიტიკოსების.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG