Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 16 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას.

როგორც კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ განაჩენი სამართლიანი იყო, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ საქმეში არ ყოფილა არანაირი პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი:

„ეს საქმე იმთავითვე წარმოშობდა კითხვებს დროის გარემოების, ბრალდებებისა და ზოგადად პროცესის შესახებ. თავად აღქმაც, რომ ამ გადაწყვეტილებაში იყო პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის ამ ტიპის საქმეების შედეგების მიმართ ნდობას. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რაც საქართველოს სასამართლო სისტემას გახდის უფრო ძლიერს, უფრო დამოუკიდებელს, უფრო მიუკერძოებელს. საქართველომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სასამართლო სისტემის მშენებლობის თვალსაზრისით და ახლა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“.

აშშ-ის ელჩის თქმით, როდესაც საქმე და გადაწყვეტილება მედიას ეხება, პროცესი კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე და ღია უნდა გახდეს:

„აშშ-ის საელჩო ამ საქმეს წლებია თვალს ადევნებს. ამ საქმემ გაიარა არაერთი ფაზა და ჩვენ ყველა ფაზას ვადევნებდით თვალს. მხოლოდ ჩვენ არ ვართ ისინი, ვისაც კითხვები გვაქვს. ამ საქმეზე კითხვები დასვა სახალხო დამცველმა, ასევე სხვებმაც, ვინც წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს ამ საქმეს. მთავარი ისაა, რომ, როდესაც საზოგადოებას აქვს კითხვები, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ეთანხმებიან განაჩენს, უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და მიღებული იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პროცესის შედეგად. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი მთლიანად სასამართლო სისტემაში. და როდესაც საქმე ეხება მედიას, კიდევ უფრო აუცილებელი ხდება, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, და ნათელი იყოს, რომ ის წარიმართა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

რადგან ასეთ დროს სასწორზე დევს ორი მთავარი კონსტიტუციური პრინციპი - ეს არის მედიის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოსადმი უფლება. საქართველოში, იმ გარემოში, სადაც ყველა ჩქარობს, რომ ერთმანეთს თავს დაესხას, სადაც ძალიან ცოტა ძალისხმევა იხარჯება იმაში, რომ თუნდაც სხვა პერსპექტივა მოისმინო ან გაიგო, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემა. მედიის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლო სრულად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური ჩარევისგან ან შერჩევითი სამართლისგან. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორედ ის, რაზეც საქართველო ბევრს მუშაობს, რომ გააძლიეროს და გააუმჯობესოს, როცა ის ადგას ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვნახოთ საქართველოს წარმატება ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის გზაზე. ჩვენ ყველანი ამ შედეგისთვის ვმუშაობთ. რეფორმები, რომლებიც სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას განამტკიცებს, ამ პროცესში უმთავრესია".

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG