Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარაჯანოვის და ილიენკოს უკრაინა


„გედის ტბა.ზონა“ (1989, სსრკ, რეჟისორი იური ილიენკო)

„გედის ტბა. ზონა“ უკანასკნელი ფილმია სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაში. დიდი ოსტატის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იური ილიენკომ, ფარაჯანოვის შედევრის „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ ოპერატორმა, სთხოვა მას იმ მოთხრობების ეკრანიზაციის უფლება, რომლებიც რეჟისორმა სასჯელის მოხდის დროს დაწერა, დღევანდელ ლუგანსკთან აშენებულ საბჭოთა ბანაკში. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ფარაჯანოვისთვის ციხეში გატარებული წლები უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. როგორც თავად იგონებდა, ზედამხედველები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ პატარა შედევრების შექმნას ზონაში - კოლაჟების, ქანდაკებების, ნახატების.... მეტიც, ეხმარებოდნენ კიდეც. ფარაჯანოვი ბევრს წერდა. თავისი ბიოგრაფიის ეკრანიზაციაზე სიცოცხლის ბოლომდე ფიქრობდა. თუმცა ილიენკოს, რომელთანაც მეგობრობდა, რომლის მოსაზრებებს კინოზე, კადრის პლასტიკაზე, მსახიობებთან მუშაობის წესებზე სრულიად იზიარებდა, ცხადია, უარს ვერ ეტყოდა.

არც ფარაჯანოვს და არც ილიენკოს არ უყვართ კვაზიდოკუმენტური მხატვრული კინო. ორივესთვის რეალობა მხოლოდ ზედაპირია, რომლის მიღმა სილამაზე იმალება - გაწონასწორებული, ჩაკეტილი, სურათოვანი სამყარო, სადაც ადამიანები თითქმის არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ორივეს შეჩერებული გამოსახულება უყვარს, რადგანაც ყოფითსა და ცვალებადში ყოველთვის ეძებენ პირველადს, „ადრეისტორიულს“. ორივესთვის ყველაფერი, რასაც ვხედავთ ცხოვრებაში, ყველაზე უმნიშვნელო საგანიც კი, ცოცხალია და პოეტური სახეა. ვფიქრობ, ამიტომაც დაიწუნა კრიტიკოსების ნაწილმა ეს სურათი; იმ მშფოთვარე წლებში, „პერესტროიკის“ ეპოქაში, როცა საბჭოთა იმპერია ინგრეოდა, განყენებული რეალობის გამოხატვის სურვილი ლამის ღალატად აღიქმებოდა. თუმცა დღეს, როცა უკრაინის ომით ვცხოვრობთ, ეს ფილმი სულ სხვანაირად ფასდება - არანაირი ტკბობა სილამაზით. ეს სიმბოლური „ზონაა“, სადაც სისტემისგან დევნილი და დაჩაგრული ადამიანები, მიუხედავად საშინელი განსაცდელისა, მაინც არ კარგავენ სოლიდარობის უნარს.

სასჯელის სრულ მოხდამდე 3 დღით ადრე სურათის გმირი ციხიდან გარბის და აღმოჩნდება ძალიან უცნაურ ადგილას - მონუმენტში, რომელსაც „ნამგალი და ურო“ ჰქვია. აქ გაიცნობს ქალს... „მონუმენტში მოხვედრა“ ხომ თავისთავად სიურრეალიზმია და სიყვარული დანგრეულ, გამომპალ „ნამგალსა და უროში“ - ორჯერ უფრო სიურრეალიზმი. კომუნისტური სიმბოლიკის ასეთი წარმოდგენა, რაოდენ გაცვეთილიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ნუ გაგაღიზიანებთ. 80-იანი წლების მიწურულია ეს! ოფიციალური იდეოლოგიის მოშლის ეპოქა, საბჭოთა რეალობის სრული დანგრევის თითქმის საყოველთაო ვნებით. ისტორიის ახლებურ შეფასებაზე ილიენკოც ვერ იტყოდა უარს - ფარაჯანოვისგან განსხვავებით ის არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ ფარაჯანოვთან თანამშრომლობას და მეგობრობას მუდმივად ახსენებდნენ.

მიუხედავად საბჭოთა კრიტიკოსების მეტისმეტად უარყოფითი შეფასებისა (სიმკაცრით უფრო რუსები გამოირჩეოდნენ), „გედის ტბა. ზონა“ 1990 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართეს. სურათი დაჯილდოვდა „ფიპრესის“ პრიზით ნოვატორული ენისთვის, რაც ასევე ნიშანდობლივია - საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის - უკრაინასა და საქართველოში, კინემატოგრაფისტთა ახალი თაობა მოდიოდა. მაგრამ „ნოვატორული ენისთვის“ მსოფლიო ისევ კლასიკოსებს აჯილდოებდა.

გამიჭირდა გარკვევა, მოასწრო თუ არა ფილმის ნახვა ფარაჯანოვმა, რომელიც სურათის მსოფლიო პრემიერიდან 6 თვეში გარდაიცვალა. თუმცა მგონია, რომ დიდი რეჟისორი უკმაყოფილო დარჩებოდა, ილიენკოს ნამუშევარში თავისი ესთეტიკის უბრალო ასლი რომ დაენახა. არადა, იური ილიენკოსგან სწორედ ფარაჯანოვის ეპიგონობა იყო მოსალოდნელი. ბოლოს და ბოლოს, „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ ერთად გადაიღეს. და მოგვიანებით, 70-იან წლებში, როცა ილიენკომ რეჟისურაში სცადა ბედი, ყველა მისი სურათი ფარაჯანოვის მოსწავლის სავარჯიშოს უფრო ჰგავდა, ვიდრე დამოუკიდებელ ნამუშევარს. მაგრამ „გედის ტბა. ზონა“ იმდენადაა ფარაჯანოვის სტილის გაგრძელება, რამდენადაც პოეტურ-ფერწერული კინოს ალტერნატივაა. მეტიც, ხანდახან სურათი „პერესტროიკის“ ეპოქაში პოპულარულ, ე.წ. ჩერნუხას მოგაგონებთ. დღეს, როცა ილიენკოს სურათს უყურებ, უფრო კარგად გრძნობ, როგორ მოახერხა რეჟისორმა ნგრევის, ჭუჭყის, გახრწნის ესთეტიზაცია, როგორ დაინახა ყოფითში მარადიული. მე თუ მკითხავ, ამ თვალსაზრისით ფილმიი უფრო ახლოსაა ტარკოვსკისთან, ვიდრე ფარაჯანოვთან. თუმცა ისიც გავიხსენოთ, როგორ აღმერთებდა სერგო ფარაჯანოვი ანდრეი ტარკოვსკის.

1990 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმში ასახულმა გარემომ, ამ „ნამგალმა და ურომ“, რომელსაც დევნილი ადამიანი თავს აფარებს, მაყურებელს ჩერნობილის ავარია გაახსენა. უკრაინა იმხანად ამ ტკივილით ცხოვრობდა. ტკივილით და ხვალინდელი დღის შიშით. დღეს „ნამგალი და უროს“ ეს მონუმენტი უკვე ჩამოქცეული იმპერიის სახეა. იმხანად ყველას გვეგონა, რომ იმპერიას, თავისი მონუმენტებით, ისტორია უმოკლეს დროში წყალს გაატანდა. შევცდით. ეს იმპერია დღესაც არსებობს და იბრძვის გადარჩენისთვის. ფარაჯანოვმა და ილიენკომ 33 წლის წინ, ერთ ფილმში, რომელშიც დიალოგები თითქმის არაა, მაგრამ არის სურათი იმპერიის აპოკალიფსის შემდეგ, სწორედ ჩვენი ეს დრო იწინასწარმეტყველეს.

გაგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის დროშის შეცვლას ითვალისწინებს; დეპუტატები მოითხოვენ, ხელისუფლებამ აღადგინოს საბჭოთა კავშირის წითელი დროშა, თავისი ნამგლითა და უროთი.

ფილმის ნახვა შეგიძლიათ აქ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG