Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არემჯის პასუხები რადიო თავისუფლებას


1. 2010 წლიდან მოყოლებული გამოქვეყნდა არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც ქვემო ქართლის რეგიონში ნიადაგი, ზედაპირული წყლები, მოყვანილი ბოსტნეული ტყვიით და სხვა მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული. ამ კვლევებში გამოთქმული მოსაზრებებით ეს დაბინძურება დაკავშირებულია თქვენი, მადნის მომპოვებელი კომპანიის საქმიანობასთან. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ, გამოსწორდა თუ არა გარემოს დაბინძურება თქვენს სამუშაო არეალში, ატარებთ თუ არა საკუთარ კვლევებს, როგორია დღეს მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურება ციფრებში გამოხატული. (გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები, მიგვითითოთ წყაროები).

საქმე გვაქვს არსებული ტერიტორიების 40 წლიან ისტორიულ დაბინძურებასთან, რომელიც კომპანიამ 2012 წელს მემკვიდრეობით მიიღო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა „არემჯი“ არასდროს გაქცევია ამ პასუხისმგებლობას.

კომპანია ღიად და გახსნილად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. „არემჯის“ გაცხადებული გარემოსდაცვითი პოლიტიკიდან გამომდინარე (ინფორმაციას კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე), ვიცნობთ რა ამ პერიოდში ჩატარებულ ყველა კვლევას, მათ შორის კონკრეტულად თქვენს მიერ მოყვანილ კვლევებს, მოგახსენებთ, რომ მათში მხოლოდ ვარაუდები და მოსაზრებები ფიქსირდება, რაც მეცნიერულად დასაბუთებული არ არის.

ჩვენის მხრივ, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 2018 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე (2018 წლის 13 მარტის N 000904 ადმინისტრაციული მიწერილობა, 2018 წლის 10 აპრილის N000906 ადმინისტრაციული მიწერილობა და 2017 წლის 15 ნოემბრის N000956 ადმინისტრაციული მიწერილობა), „არემჯიში“ დაიწყო გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელება, რომელიც „არემჯის“ სალიცენზიო და სანებართვო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობდა. მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვით პროგრამაზე კომპანიის გარემოს დაცვის გუნდთან ერთად, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golders Associates-მა იმუშავა. 4 წლის მანძილზე, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში „არემჯიმ “ 97 შემარბილებელი ღონისძიება განახორციელა, რომელთა უმეტესი ნაწილი წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.

2018 წლიდან, კომპანიამ დაიწყო გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება და ამ დროისათვის ყველა პუნქტი შესრულებულია. შესაბამისად, დაბინძურების არეალები მკვეთრად შემცირდა. დღეისათვის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება მინიმუმამდე არის დაყვანილი. აღნიშნულს ადასტურებს, როგორც კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევები, აგრეთვე გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევები. ამ ღონისძიებების საერთო ღირებულებამ 2020 წლის მარტის მონაცემებით, 24 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების მიერ არის დადასტურებული. (აუდიტის დასკვნა იხილეთ თანდართულ დოკუმენტად). 2020 წლის მარტის შემდგომ პერიოდში, კომპანიამ დამატებით განახორციელა დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულების გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელთან დაკავშირებითაც აუდიტორული დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში.

კომპანია მუდმივად აწარმოებს წყლის, ჰაერისა და ნიადაგის მონიტორინგს. (მონიტორინგის შედეგები) სინჯების აღება და გადამოწმება ხდება როგორც კომპანიის თანამედროვედ აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, ასევე დამოუკიდებელ აკრედიტებულ ლაბორატორიებში. არასასურველი მაჩვენებლების დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც გამონაკლისის სახით შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში (მაგალითად უხვი ნალექის დროს) დაფიქსირდეს, ვახდენთ მყისიერ რეგირებას. მნიშვნელოვანია, რომ „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს უწევს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და მასთან არსებული, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“. მხარეების შეფასებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ჩატარებული გარემოსდაცვითი ღონისძიებები წყალდაცვითი, მტვრის გაფრქვევის შემცირების, რეკულტივაციისა და სანაყაროების მოწესრიგების კუთხით არის დასრულებული და ეფექტური. 2019 წლის მდგომარეობით კომპანიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ ინფორმაციას/ანგარიშს იხილავთ ამ ბმულზე (მონიტორინგის ანგარიში).

2. მეცნიერ გურანდა ავქოფაშვილის ბოლო კვლევებით, ქვემო ქართლის სოფლებში ნიადაგის მძიმე მეტალებით დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია. როგორ ხსნით, რა ქმედებები განახორციელა კომპანიამ ნიადაგში წინა წლებში არსებული მძიმე მეტალების მაღალი შემცველობის გასანეიტრალებლად. რა სპეციალური სამუშაოები გაწია RMG ჯგუფმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?


ზოგადად, ნიადაგში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობის დაფიქსირება სამი მიზეზით შეიძლება იქნეს ახსნილი: ერთი, ეს არის ცალკეული ნიადაგის გეოქიმიური ანომალიები (რაც გულისხმობს რომ ზოგიერთ რეგიონში ნიადაგში მეტალების შემცველობა ბუნებრივად შესაძლებელია უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სხვა რეგიონში), მეორე, 40 წლის მანძილზე სამთო საქმიანობისას გარემოსდაცვითი სტანდარტების უგულებელყოფითა და საწარმოო პროცესების არასწორი მართვის შედეგით და მესამე, ორივე ჩამოთვლილის კომბინაციის შედეგად. კომპანიის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები, რაღა თქმა უნდა გავლენას ახდენს ნიადაგის ფონური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ეს პროექტები ძირითადად ეხება ამტვერიანების შემცირებასა და ზედაპირული წყლის ობიექტებში დაბინძურებული წყლების ჩაშვების აღკვეთას. კომპანიამ ჩაატარა ექსპერიმენტული გაზომვები ამტვერიანებასთან დაკავშირებით, გამოავლინა ემისიების წყაროები და დაიწყო ამტვერიანების შემცირების ღონისძიებები, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილით:

• გადაადგილება ხდება მხოლოდ ძარაგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

• 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს როგორც შიდა საკარიერო, აგრეთვე დასახლებული პუნქტების მიმდებარედ გზების ინტენსიური მორწყვა (განსაკუთრებით უნალექო დღეებში);

• მადნის სამსხვრევებთან დამონტაჟებულია გამშხეფი და მტვრის ჩამხშობი მოწყობილობები;

• სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში დამოტაჟებულია ასპირაციული და მტვერდამჭერი სისტემები;

• ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური რეცხვა;

• ფეთქი სამუშაოები ტარდება საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად.

ნიადაგის დაბინძურებაზე მტვერთან ერთად, გავლენას ახდენს დაბინძურებული წყლის ობიექტები. ჩვენ მიერ, მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული, ხოლო უმეტეს შემთხვევაში სრულად აღმოიფხვრა მდინარეებში ჩამდინარე წყლების ჩაშვება. ჩვენ მიერ მოწყობილ იქნა 3 თანამედროვე ქიმიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო წყლების გაწმენდას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატივების მიხედვით. პროექტზე პორტუგალიურმა და გერმანულმა ერთობლივმა საწარმომ იმუშავა. იქ, სადაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა გამწმენდი ნაგებობის მონტაჟი, საწარმოო წყალი მოქცეულ იქნა ჩაკეტილ ტექნოლოგიურ ციკლში, ანუ საწარმოო წყალი აღარ ხვდება გარემოში და მისი გამოყენება ხდება წარმოების მიზნებისათვის. კომპანიამ მოაწყო სადრენაჟო არხები და ავზები, რომელიც უხვი ნალექის დროს უზრუნველყოფს საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი წყლის არინებას და ცალკე შეგროვებას, რათა არ მოხდეს მისი ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში.
ამასთანავე, კომპანია ახორციელებს რეკულტივაციის სამუშაოებს, ტყის საფარის აღდგენისა და გაუმჯობესების მიმართულებით პროექტებს, როგორც ბოლნისში ასევე ქვემო ქართლის სხვა რაიონებშიც.


გარდა ამისა, 70-80-იან წლებში დამონტაჟებული ფაბრიკა-დანადგარები ჩანაცვლებული და გადაიარაღებული იქნა თანამედროვე ენერგოეფექტური და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე საწარმოო აღჭურვილობით.
ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, არის ნაწილი იმ პროექტებისა, რომელიც კომპანიამ განახორციელა და რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა წყლის, ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ასევე, ამაზე მიუთითებს ბოლო წლებში მიმდინარე თვითმონიტორინგის შედეგები, რისი ნახვაც შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე(იხ. გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშები);


3. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გურანდა ავქოფაშვილი 2018 წლიდან არის RMG ჯგუფის კონტრაქტორი, კომპანიის მიერ რეკულტივაციის სამუშაოების განხორციელების პროექტში. გთხოვთ გვიპასუხოთ ზუსტად რა დროს გაფორმდა ავქოფაშვილთან ხელშეკრულება და რა ტიპის მომსახურებას უწევს კომპანიას?


გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრები მუდმივად უნდობლობას უცხადებდნენ სანაყაროების რეკულტივაციის სამუშაოებს, მათ მიერ მოთხოვნილ იქნა, საცდელ სამუშაოებში სხვა კონტრაქტორებთან ერთად, გამოყენებულიყო გურანდა ავქოფაშვილის მეთოდიც და წარმატების შემთხვევაში კომპანიას სწორედ ამ მეთოდით ემუშავა. თანამშრომლობისათვის საჭირო გახდა შესაბამისი იურიდიული ფორმის მიცემა. ვინაიდან, გურანდა ავქოფაშვილის მეთოდი წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და ასევე, მას მონიტორინგი უნდა გაეწია პროცესისათვის, მასთან გაფორმდა მომსახურების საკონსულტაციო ხელშეკრულება. აქვე განგიმარტავთ, რომ გურანდა ავქოფაშვილის საქმიანობა კომპანიაში მხოლოდ რეკულტივაციის პროცესის კონსულტირებას და მონიტორინგს ითვალისწინებს. ხელშეკრულების სხვა დეტალები მიგვაჩნია რომ არ წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის

სფეროს, არის კონფიდენციალური და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “საქართველოს კანონის თანახმად, ვერ იქნება ჩვენს მიერ გასაჯაროებული.

რაც შეეხება მომსახურების ტიპს, გაცნობებთ რომ ჩვენ შორის შეთანხმებით შეირჩა #2 სანაყარო, რომლის ფორმირება გრძელდებოდა 40 წლის განმავლობაში, სადაც იმდენად კომპლექსური ქანებია, რომ მასზე სარეკულტივაციო სამუშაოების განხორციელება ურთულეს გამოწვევას წარმოადგენდა. #2 სანაყაროზე 2018 წელს, პირველ რიგში დაიწყო მისი სტაბილიზაციის სამუშაოები, ხოლო უკვე ფორმირებულ საფეხურებზე და მის წვერზე 2019-2020 წლებში განხორციელდა საცდელი-სარეკულტივაციო სამუშაოები ორივე მხარის მიერ.


საერთო ძალისხმევამ და გურანდა ავქოფაშვილის მეთოდმა/ჩართულობამ გამოიღო ხელშესახები შედეგები, რომელიც აღიარებულია პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. შესაბამისად, მოხარული ვიქნებით თუ გურანდა ავქოფაშვილი სამომავლოდაც დაგვთანხმდება თანამშრომლობაზე და მსგავსი კითხვები უარყოფითად არ იმოქმედებს მის გადაწყვეტილებაზე. ზოგადად კომპანიის პრიორიტეტია, ადგილობრივი, პროფესიონალი სპეციალისტების და მეცნიერების მოზიდვა, შემდგომში სხვადასხვა პროექტებში თანამშრომლობის მიზნით.

4. სპეციალისტთა მოსაზრებებით მძიმე მეტალები ნიადაგიდან, ჰაერიდან ხვდება და აკუმულირდება ადამიანების ორგანიზმში, განსაკუთრებით იმ ადამიანების ვისაც ყოველდღიური სამსახურებრივი შეხება აქვთ დაბიძნურებულ გარემოსთან. გთხოვთ გვიპასუხოთ ხდება, თუ არა RMG ჯგუფში დასაქმებული ადამიანების გამოკვლევა მათ ორგანიზმში მძიმე მეტალების შემცველობაზე. გთხოვთ მოგვაწოდოთ სტატისტიკური ინფორმაცია (პერსონალის იდენტიფიცირების გარეშე) 2012 წლიდან დღემდე, რამდენი თანამშრომელი გამოიკვლიეთ მძიმე მეტალებზე (კონკრეტულად რომელ მინერალზე) რამდენ მათგანს აღმოაჩნდა დასაშვები ნორმის ფარგლებში და რამდენს დასაშვებზე მაღალი. გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ ჩაშლილად თითოეული წლის მიხედვით.

მოგახსენებთ, რომ ჩვენს კომპანიაში სოციალური პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის კუთხით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები.
2012 წლიდან ვთანამშრომლობთ ბერძნულ ფონდ „ჰელენიქეართან“ (ფონდი მონაწილეობს დაავადებათა სკრინინგის სახელმწიფო ქვეპროგრამაში). მათი ჩართულობით, ჩვენს თანამშრომლებს 2 წელიწადში ერთხელ, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უტარდებათ სხვადასხვა გამოკვლევები.

ჩვენს საწარმოს სს „ევექსის კლინიკებთან “ 2020 წლიდან გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამშრომლებს, პროფესიულ დაავადებათა გამოვლენის მიზნით, უტარდებათ სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება. ამ ეტაპზე, თანამშრომლების 54 %-ია გამოკვლეული.აღნიშნულ პერიოდში კომპანიის არცერთ თანამშრომელს არ გამოვლენია პროფესიული დაავადება.

ასევე, 2022 წლის მაისში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება, აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან “, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამშრომლებს პერიოდულად ჩაუტარდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სკრინინგი.

კომპანიაში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია გადაუდებელი და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით. ადგილზე 24/7 წარმოდგენილია სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ექთნები, ქვეყნის მასშტაბით სამაგალითო კოვიდის ოპერატიული შტაბი.ყველა თანამშრომელს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც შეუძლია მიიღოს დროული და კვალიფიციური სამედიცინო მოსახურება. კვლევები ადასტურებენ, რომ სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით და სტატისტიკური მაჩვენებლებით რეგიონი ქვეყნის მაშტაბით 38-ე ადგილზეა.

5. შრომის ინსპექციიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით გასული 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა თქვენი კომპანიების შემოწმება, დარღვევების იდენტიფიცირება და თქვენს მიერ ამ დარღვევების გამოსწორება, თუმცა ინსპეციის მოწოდებული ოქმებით ირკვევა, რომ 1 კონკრეტულ დარღვევას წლების განმავლობაში არ ასწორებდით (აღნიშნული დარღვევაა: ,,მძიმე ტექნიკის სარემონტო, სახარატო საამქრო აღჭურვეთ შესაბამისი კოლექტიური დაცვის საშუალებებით და მიანიჭეთ მათ უპირატესობა ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებთან შედარებით. დაამონტაჟეთ/მოაწყვეთ ეფექტური ხელოვნური მომდენ-გამწოვი სავენტილაციო და ასპირაციული სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. (საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ მუხლი 6. პუნქტი 1, ,,ზ’’ ქვეპუნქტი’’, მუხლი 6, პუნქტი 3, ,,ვ’’ ქვეპუნქტი.)
გთხოვთ განგვიმარტოთ ამ დარღვევის გამოუსწორებლობის მიზეზი და მოგვაწოდოთ უახლესი ინფორმაცია ამ დარღვევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ჩვენს საწარმოშიდაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევას, კერძოდ: მძიმე ტექნიკის სარემონტოს დასახარატო საამქროს შესაბამისი კოლექტიური დაცვის საშუალებებით (ხელოვნური მომდენ-გამწოვი სავენტილაციო და ასპირაციული სისტემები) აღჭურვის საკითხს, გაცნობებთ, რომ ვინაიდან აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრა დაკავშირებული იყოტექნიკური და საინჟინრო საშუალებების გადაწყვეტილების ერთობლიობასთან, მის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა ახალი სავენტილაციო სისტემების დაპროექტება და მონტაჟი, რომლის დროულად შესრულებაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კოვიდ პანდემიამ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციის მიერ აღნიშნულ ობიექტებზე დარღვევის აღმოსაფხვრელად, გონივრულ ვადად განსაზღვრული გვაქვს მიმდინარე წლის 20 მაისამდე პერიოდი, დარღვევის აღმოფხვრის კუთხით კომპანიამ უკვე დაასრულა ყველა ღონისძიება აღნიშნული სავენტილაციო სისტემების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მოსაზრებით და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი მასშტაბის კომპანიისთვის, სადაც 4000-მდე თანამშრომელია დასაქმებული, აღნიშნული ტიპის დარღვევა უმნიშვნელოა. ყველა მითითების გამოსწორება ხდება შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში.

კომპანიის შრომის უსაფრთოების სამსახური და მის მიერ დანერგილი OHSAS სტანდარტი (რაც სავალდებულო არ არის საქართველოს კანონმდებლობით) სრულად შეესაბამება მსოფლიოში ამ დარგში აღიარებულ, თანამედროვე მოთხოვნებს.

6. ადამიანები, რომლებიც გასულ წლებში აპროტესტებდნენ RMG ჯგუფის საქმიანობას, ამბობდნენ რომ კომპანია აზიანებდა გარემოს და მართავდნენ საპროტესტო აქციებს დღეს ჩუმად არიან. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით მათი ნაწილი ან მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ არემჯი ჯგუფში და ამიტომაც აღარ სურთ საჯაროდ პრობლემებზე საუბარი. ადასტურებთ თუ არა, რომ ამ გზით კომპანია ცდილობს საპროტესტო ხმის ჩახშობას.

დღეს კომპანია “არემჯი“ სულ სხვა კურსის მატარებელია. კომპანია გამჭვირვალეა და აქვს მკაცრად გაწერილი გარემოსდაცვითი პოლიტიკა. კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და უდიდეს ძალისხმევას და რესურს მიმართავს ამ მიმართულებით. კომპანიის მიმართ კრიტიკის შემცირება გამოწვეულია 2017-2018 წლის შემდეგ კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი პროფილის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებით.აღნიშნული ღონისძიებების შედეგები სახეზეა და ამას, თუნდაც დაპირისპირებული ყველა მხარე აღიარებს. ვფიქრობთ, მისასალმებელია, რომ კომპანიას აქვს გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების სურვილი და უკვე ხელშესახები შედეგები. კომპანიას შეუძლია თავისი საქმიანობა წარმართოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეების გარეშე და გაატაროს თანამედროვე შემარბილებელი ღონისძიებები. გარდა ამისა, კომპანია არასდროს ეუბნება უარს თანამშრომლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ისევე როგორც არ გავურბივართ თქვენს კითხვებს.

7. ბალიჭში მცხოვრები მოქალაქე გივი მწყაზარიშვილი სასამართლოში ედავებოდა RMG-ს და ამბობდა, რომ კომპანიის საქმიანობამ მისი ფუტკრების დაცემა, განადგურება გამოიწვია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მან ვერ წარუდგინა სასამართლოს ამ ფაქტის მეცნიერული დადასტურება, თუმცა რადიო თავისუფლებასთან სხვა ბალიჭელმა მეფუტკრემაც ისაუბრა ფუტკრების მასობრივად განადგურების შესახებ.
ხომ არ მოხდა თქვენი კომპანიის მიერ ამ ფაქტების შესწავლა, დაცემული ფუტკრების ლაბორატორიული გამოკვლევა, თუ კი გთხოვთ მოგვაწოდოთ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში არსებობენ თანამოქალაქეები, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერ გზებს მიმართავენ.
კერძოდ, სოფელ ბალიჭში მცხოვრები გივი მწყაზარიშვილის ფუტკრების საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. კონკრეტულად კი, მოქალაქე გ.მწყაზარიშვილის ფუტკრის ოჯახების დაცემა-განადგურებასა და კომპანიის საქმიანობას შორის რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოს მიერ დადგენილი არ ყოფილა.

მეტიც, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ფუტკრის ოჯახების დასუსტება-დაღუპვა შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ, აგრეთვე ვეტერინარულ-სანიტარული და ზოოჰიგიენური ნორმების დარღვევამ ან/და სხვა გარემოებებმა. სააგენტო ასევე განმარტავს, რომ ამ შემთხვევებში საკითხის დადგენისათვის საჭიროა დროულად მოხდეს ფაქტების შესწავლა. იმავდროულად, ჩვენთვის ცნობილია, რომ გ. მწყაზარაშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ მარტო 2015 წელს ფუტკრების 22 ოჯახი მოაკლდა, ოთხი წლის მანძილზე ერთხელაც არ მიუმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის, რათა მომხდარიყო შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა და გამორიცხულიყო რაიმე დაავადების ალბათობა. გ. მწყაზარიშვილმა სააგენტოს მიმართა მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში, როდესაც საერთოდ ​დაცარიელებული იყო მისი საფუტკრე. ფუტკრების ოჯახების დანელება-გაქრობის პრობლემა დგას არა მხოლოდ ბალიჭელი, არამედ მსოფლიოს ყველა რეგიონის მეფუტკრეების წინაშე და მიზეზების კვლევა-ძიების პროცესი დღესაც არ დასრულებულა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მეფუტკრეობას ბალიჭის სხვა მაცხოვრებლები დღემდე წარმატებით ეწევიან.


8. გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები RMG ჯგუფს ადანაშაულებენ კანონის დარღვევის ხარჯზე გარემოს დაზიანებაში. “რადიო თავისუფლებამ” შეკრიბა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომპანია უნებართვო საქმიანობას ახორციელებდა (ბექთაკარის საბადოზე რეზერვურის მოწყობა; საყდრისის და აბულმუგის ტერიტორიაზე მადნის გამოსატუტი მოედნების უნებართვოდ მოწყობა; აბულბუქის სამსხვრევის სახელმწიფო მიწაზე მუშაობა) რა პოზიცია აქვს კომპანიას ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

კომპანია ოპერირებს საქართველოს არსებული კანონმდებლობის დაცვით. სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი პროცედურული უზუსტობების აღმოფხვრა მიმდინარეობს ეტაპობრივად. მოგეხსენებათ, სამთო საქმიანობა ცოცხალი პროცესია და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აპრობირებული პრაქტიკაა, მიმდინარე რეჟიმში გადაწყვეტილების დროულად მიღება. არის შემთხვევები, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილებების შესაბამისი სანებართვო პროცედურები თანადროული არ არის. თუმცა ყველა კონკრეტული შემთხვევაზე დადგენილი წესის შესაბამისად ხდება კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცევა.

რაც შეეხება, ბექთაქარის საბადოზე კომპანიის დაჯარიმებას, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას სალექარის მშნებლობით გარემოზე ზიანი არ მიუყენებია და ამის დასტურია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება. კომპანიის დაჯარიმება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მშენებლობის ეტაპზე მოხდა კანონმდებლობის ცვლილება. შესაბამისად, კომპანიას ვადა დასჭირდა ახალი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პროცედურების გასავლელად. კერძოდ, შპს „არ ემ ჯი აურამაინმა“ 2017 წლის 14 ივნისს სალექარის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და დაიწყო გუბურა-სალექარის მშენებლობასთან დაკავშირებით სანებართვო პროცედურები. წერილის პასუხად, იმ დროს მოქმედი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის 28 ივნისს სამინისტროს N5724 წერილით გვეცნობა, რომ სალექარის მოწყობა არ ექვემდებარებოდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვას.

იმის გამო, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისი მუხლები და დანართები ამოქმედდა, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ სალექარის მშენებლობისათვის საჭირო იყო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას ერთის მხრივ, დაწყებული ჰქონდა მშენებლობა (მშენებლობის სამუშაოებს აგრძელებდა მათ შორის კოდექსის ამოქმედების შემდეგ - 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ), ხოლო მეორეს მხრივ, სალექარის ექსპლუატაციის ეტაპზე ადგილი ექნებოდა გარემოზე ზემოქმედებას, შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება, ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად.

შპს „არ ემ ჯი აურამაინმა“ 2019 წლის 21 მარტს მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინა სალექარის სკოპინგის ანგარიში, თუმცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე სალექარის მშენებლობის გამო, კომპანიის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ასკ-ს 797 მუხლის პირველი ​ნაწილით და საქმე განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ გასცა სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით დასკვნა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს (საქმე N4/ა-101-19) დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კომპანია სალექარი-ავზის მშენებელობას ახორციელებდა ისე, რომ არ ჰქონდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა 7000 ლარით. სამინისტროს მიერ სკოპინგის დასკვნა გაცემულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგენილ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი სალექარის მშენებლობასთან დაკავშირებით, კერძოდ 2019 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს დადგენილების შემდეგ, 2019 წლის 24 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევა სახეზე იყო, ექსპლუატაციის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით კომპანიას დაევალა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადება, რაც კომპანიის მიერ შესრულებულ იქნა და გუბურა-სალექარის ექსპლუატაცია მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად.
რაც შეეხება აბულმუგის ტერიტორიაზე მადნის გამოსატუტი მოედნების უნებართვოდ მოწყობას, ამასთან დაკავშირებით კომპანიას არ აქვს ინფორმაცია და არც რაიმე სახის მტკიცებულება (საქმის მასალები) მიღებული.

ასევე სამსხვრევის საკითხთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ კომპანიამ 2014 წელს მიიღო გარემოზე ზემოქმედების ნებართვა სამსხვრევის მოწყობაზე, თუმცა მიწის ნაკვეთზე უფლების მიღება პროცედურული პროცესების გამო გახანგრძლივდა. პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე სამსხვრევი მოეწყო, რისთვისაც კომპანიამ გადაიხადა ქონებით სარგებლობის საფასური (საიჯარო ქირა უკანონოდ დაკავებული პერიოდისათვის), გადახდილ იქნა ჯარიმა უკანონო მშენებელობისათვის და შემდეგ მშენებლობის კანონმდებლობის წესის შესაბამისად, უზრუნველყო შესაბამისი ნებართვის მიღება და აგრეთვე სამსხვრევის ტერიტორიის სარგებლობის უფლებით მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფასურით.​

9- 10. 2014 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ RMG -ს ბრალი დასდო გარემოსთვის დაახლოებით 30 მლნ ლარის მოცულობის ზიანის მიყენებაში. რა ბედი ეწია ამ საქმეს, საბოლოოდ რა თანხა დაეკისრა კომპანიას გადასახდელი, თუ მოხდა მისი გადახდა და როდის?
გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით 2014 წლიდან დღემდე 3-ჯერ მოხდა მასალების გადაგზავნა პროკურატურაში სადაც კომპანიის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები იყო. რა ბედი ეწია ამ საქმეებს, დადგა თუ არა საბოლოო სამართლებრივი შედეგი და როგორი? დადგინდა თუ არა კომპანიის ბრალეულობა აღნიშნულ საქმეებში?

კომპანიისთვის უცნობია გამოვლენილი ზიანის ოდენობა და დათვლის მეთოდოლოგია. ამ დროისთვის აღნიშნული თანხის გადახდა კომპანიას არ დაკისრებია. აქვე გაცნობებთ, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლის წესი ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად 2021 წელს შეიცვალა და მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც ნაცვლად მონეტარული პასუხისმგებლობისა ითვალისწინებს გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებისათვის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, კომპანიამ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში გაატარა 97 გარემოსდაცვითი ღონისძიება და ამისათვის დაახლოებით 30 მილიონი ლარი დახარჯა (აღნიშნული თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ პირველი კითხვის პასუხში).

11. 2014 წელს დაიწყო გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებით შესაძლო დანაშაულებებზე, ამ საქმის გამოძიებისას ფიგურირებდა თუ არა თქვენი კომპანია, დადგა თუ არა რაიმე სამართლებრივი შედეგი თქვენი კომპანიისთვის და რა სახის.


საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან მიმართებაში გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია და აღნიშნულ საკითხზე, დღემდე კომპანიის მიმართ, რაიმე სამართლებრივი შედეგი ამ თვალსაზრისით არ დამდგარა.

12. “რადიო თავისუფლების” მიერ შეკრებული მტკიცებულებებით კომპანიის რიგით და ხელმძღვანელ პირებს ჯამში დაახლოებით 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული მმართველი პროლიტიკური გუნდისთვის საარჩევნოდ. მათ შორის გარკვეულ ნაწილს თანხები ერთი და იგივე დღეს აქვს შეწირული. არის თუ არა ეს თქვენი კომპანიის კორპორატიული პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, თუ ყველა თანამშრომელი ინდივიდუალურად უჭერს მხარს ხელისუფლებას.

„არემჯი“ ჯგუფში ჯამში დასაქმებულია 4000-მდე თანამშრომელი და თითოეული მათგანი თავისუფალია საკუთარი ნების გამოხატვაში. შესაბამისად, კომპანია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს შეწირულობების მონიტორინგი და აღნიშნულ ფაქტს არ განიხილავს კომპანიის კორპორაციულ მხარდაჭერად.

XS
SM
MD
LG