რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ ის აგრძელებს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის.
არსებული ცნობით, სუჯის გამანაწილებელი სადგურის გავლით, 12 მაისს, ბუნებრივი აირის მიწოდების რაოდენობა 50,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრის.
თუმცა ევროპისთვის ამ გზით მიწოდებული გაზის რაოდენობა ნაკლებია წინა დღით, 11 მაისს გადაქაჩულ მოცულობაზე, რომელიც 72,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრიდა, იტყობინება Reuters-ი.
სოხრანივკის მიმართულებით აირის გადაქაჩვაზე უარი თქვა უკრაინამ, განაცხადა „გაზპრომმა“. Reuters-ის თანახმად, ამას მოჰყვა ერთ დღეში ევროპისთვის გაზის მიწოდების მეოთხედით შემცირება.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნები ცდილობენ რუსეთის ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვონ. რუსეთის შესაბამის კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის არმიის დაფინანსებასთან, დასავლეთის მხრიდან დაუწესდა სანქციები. საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის გამო რუსეთის შემოსავალიც გაიზარდა.