გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის სახლი“ გთავაზობთ გადაცემას მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს შედევრზე, ძველი აღთქმის მარგალიტზე, „იობის წიგნზე“, ერთ-ერთ ყველაზე პოეტურ და ამაღლებულ ლიტერატურულ ძეგლზე, რაც კი ოდესმე დაწერილა. წიგნი იობისა ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეთვრამეტე კანონიკური წიგნია. მისი სიდიადე განპირობებულია არა მხოლოდ წიგნში წამოჭრილი მარადიული პრობლემით (ესაა უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის თემა), არამედ იმ ლიტერატურული ფორმითაც, რომელიც მისცა ნაშრომს V საუკუნის ანონიმმა ებრაელმა ავტორმა. წიგნი დაწერილია პოეტური დიალოგის სახით, რომელსაც წინ უძღვის პროლოგი (1-2) და ასრულებს პროზაული ფორმის ეპილოგი (42:7-17). ბიბლიური ავტორის ნაშრომს ტანჯვით შეპყრობილი მართალი კაცის ძველი ამბავი უდევს საფუძვლად. მასზე დაყრდნობითაა შეთხზული პოეტური დიალოგი იობსა და მის სამ მეგობარს შორის, რომელთაც იობის გასაჭირის შესახებ შეიტყვეს და მის მოსანახულებლად მივიდნენ. თავდაპირველად იობი თავისი ბედუკუღმართობის გამო გამოხატავს წუხილს, შემდეგ თითოეული მეგობარი სათითაოდ სამჯერ გამოთქვამს თავის აზრს და იობი ყოველ ჯერზე გასცემს პასუხს თითოეულ მათგანს. ამგვარად იქმნება საუბართა სამი ციკლი (3-27), რომლებშიც ოფიციალური სიბრძნის წარმომადგენლები იცავენ თეზისს ღმერთის სამართლიანი საზღაურის შესახებ, ვინც დამსახურებისა და დანაშაულის შესაბამისად აჯილდოებს ან სჯის ადამიანებს. თავის პასუხებში იობი ეკამათება ამ სიბრძნეს საკუთარ ამბავსა და სხვა მსგავს შემთხვევებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც სმენია. იობისთვის უმნიშვნელოვანესია შეხვედრა ღმერთთან, რომელმაც იგი არ დაგმო: იობმა ხელახლა იპოვა საკუთარი ღმერთი და ახლა სხვა აღარაფერი ესაჭიროება.