აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება აშშ-ის უზენაესი სასამართლოდან გაჟონილ ინფორმაციას, აბორტის უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიის შესახებ.
ჰარისი წერს, რომ „თუ სასამართლო გააუქმებს გადაწყვეტილებას რო უეიდის წინააღმდეგ, ეს თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევა იქნება“.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "რო უეიდის წინააღმდეგ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ამ გადაწყვეტილებიდან 50 წლის შემდეგ კი, გამოცემა Politico-ს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.
Politico-ს ხელთ არსებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აბორტების თაობაზე გადაწყვეტილება ხალხის მიერ არჩეულებმა უნდა მიიღონ, რაც ტექნიკურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება შტატების პარლამენტების დონეზე მიიღება.
ოქტომბერში აბორტის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია "გუტმახერმა" განაცხადა, რომ თუ აბორტის აკრძალვის თემა შტატების დონეზე დავა, აბორტები შეიძლება არალეგალური გახდეს ამერიკის 50-დან 26 შტატში.
აბორტის აკრძალვის თემა აშშ-ის საზოგადოებაში ტრადიციულად ძლიერ პოლარიზაციას იწვევს. მოელიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროტესტის ტალღას გამოიწვევს. ამაზევე მეტყველებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტის გაჟონვაც, რაც Politico-ს თანახმად, პირველი ასეთი შემთხვევაა.