რუსული პროპაგანდის მთავარ სახეებს - ვლადიმირ სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანს მრავალ ფრონტზე უწევთ ბრძოლა. რამდენიმე დღის წინ თვით ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ჟურნალისტ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობა, რომლის უკან თითქოსდა უკრაინის სპეცსამსახური იდგა, თუმცა ამჯერად სოლოვიოვსა და სიმონიანს არა „ბანდერელი უკრაინელები“, „ამერიკელი იმპერიალისტები“ ან „რუსი მოღალატეები“ დაუპირისპირდნენ, არამედ თავისიანები, უფრო ზუსტად, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლებას მხურვალე მხარდამჭერები. ამასთან, საკუთრივ დაპირისპირების ფაქტზე მეტად, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს დაპირისპირებისას გამოყენებული თემები და ლექსიკა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თანამედროვე რუსეთის ფუნქციობის პრინციპების საუკეთესო ილუსტრაცია, ასევე სისტემის რღვევის ნიშანი.
2022 წლის 30 აპრილს ვლადიმირ პუტინმა დაბადების დღე მიულოცა რუს მომღერალს, ფილიპ კირკოროვს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა. კირკოროვი არასოდეს აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებასა და მის უცვლელ ლიდერს. 2017 წელს მომღერალმა პირადად ვლადიმირ პუტინისგან მიიღო ღირსების ორდენი და მადლობა ერთგული სამსახურისთვის. კირკოროვისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობას ვერაფერი დააკლო 2022 წლის 24-მა თებერვალმაც. მომღერალმა, ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, არც ქვეყანა დატოვა და არც ხელისუფლება გააკრიტიკა უკრაინაში შეჭრისა და იქ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო, მაგრამ კირკოროვმა მწვავედ გააკრიტიკა პუტინის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, ინგლისურენოვანი ტელევიზიის „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი.
„როგორ ბედავ ადამიანების საჯაროდ დამცირებას, ვინ მოგცა ამის უფლება? მარგარიტა, შენ ხარ მთავარი რედაქტორი ჩვენი ქვეყნის რუპორისა. შენ არ გაქვს უფლება, უთანხმოება დათესო. შენ ჟურნალისტი ხარ და არა ბაზრის უხამსი ქალი, რომელიც ჭორებსა და ბინძურ ამბებს ავრცელებს“, - განაცხადა კირკოროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მას შემდეგ ჩაწერა, რაც მარგარიტა სიმონიანი უხამსი ფორმით თავს დაესხა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან წასულ და კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ მაქსიმ გალკინს. სიმონიანმა ეჭვი შეიტანა გალკინის გულწრფელობაში იმის გამო, რომ „ის არის გეი, რომელიც ამ ფაქტის დამალვისა და გამდიდრების მიზნით ხანდაზმულ ქალზე [ალა პუგაჩოვაზე] დაქორწინდა“.
„რაშა თუდეის“ რედაქტორმა არ დაიზარა და ფილიპ კირკოროვსაც უპასუხა კიდევ უფრო უხამსი ფორმით.
„ფილიპ, თქვენი ყოფილი ნათესავები საზოგადოების პირში ისაქმებენ. არ ვიცი, შეიძლება თქვენიანებს ასე მოსწონთ კიდეც. არსებობს სხვადასხვა სექსუალური გარყვნილება, მაგრამ რუს ხალხს ეს არ მოსწონს“, - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერზე.
სიმონიანზე არანაკლებად გამოიჩინა თავი კიდევ ერთმა მსხვილმა მედიაპროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა, რომელმაც ურალის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, ვლადიმირ იაკუშევთან საუბრისას, ეკატერინბურგს პატრიოტული სულისკვეთება დაუწუნა და მას (ოლქის დედაქალაქს) „ლიბეროტების საძაგელი ცენტრი“ უწოდა. ცნობისთვის, ეკატერინბურგში მდებარეობს რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ცენტრი.
ვლადიმირ სოლოვიოვის ამ სიტყვებმა გულგრილი არავინ დატოვა ურალში. ამასთან, „ელცინ ცენტრზე“, „ლიბეროტებსა“ და „ლიბერასტებზე“ მეტად გაბრაზდნენ ურალელი „კონსერვატორები“ და „პატრიოტები“, მათ შორის, რუსეთის მმართველი პარტიიდანაც.
ტელეწამყვანს საჯაროდ უპასუხა ეკატერინბურგელმა მოკრივემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეგორ მეხონცევმა:
„ვწერ ამ ჩემს ვიდეოს ლიბეროტების საზიზღარი ცენტრიდან. ნეონაცისტებისა და ნაძირლების ეპიცენტრიდან, როგორც ვლადიმირ რუდოლფოვიჩ სოლოვიოვი ამტკიცებს. ესე იგი, გამოდის, ასეთი ვარ მე, ასეთია მთელი ჩემი გარემო, ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები. აი, რა მინდა ვთქვა, ვლადიმირ რუდოლფოვიჩ, თქვენ ყველანი გაგიჟდით მაგ ტელევიზიაში. სწორედ თქვენ ხართ ის ნეონაცისტი, რომელზეც საუბრობთ. ეს თქვენ ყოფთ ხალხს ურალის და მოსკოვის მკვიდრებად, უკრაინელებად და რუსებად, ეს თქვენ ხართ ნაძირალა. ალბათ, კმაყოფილი არ დარჩით თქვენი სემინარებით, რომლებიც აქ, ეკატერინბურგში ჩაატარეთ. მთელი ქალაქი გავსებული იყო თქვენი პლაკატებით: "ხისტი საუბრები ვლადიმირ სოლოვიოვთან". აი, რა! ჩამოდით ეკატერინბურგში, ურალში, ჩვენ გასწავლით, რა არის ნამდვილი ხისტი საუბარი“.
ვლადიმირ სოლოვიოვს მიმართა ურალის ფედერალური ოლქის გუბერნატორმა ევგენი კუივაშევმაც, რომლის თქმითაც, მართალია, შეურაცხმყოფელი განცხადების გამო „ეკატერინბურგში სოლოვიოვის ლექციების მსმენელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკატერინბურგელები მოთმინებით ელიან ტელეწამყვანს თავიანთ ქალაქში ახსნა-განმარტების მოსასმენად. ურალის გუბერნატორმა ასევე ურჩია სოლოვიოვს, „ლაპარაკისას სიტყვები შეარჩიოს“.
რუსული პროპაგანდისტური მედიის ვარსკვლავმა ურალის მხარის გუბერნატორისა და მმართველი პარტიის წევრის ამ მიმართვაში ძველბიჭური ტონი და მუქარა ამოიცნო, ამიტომ თვითონაც ძველბიჭურად ურჩია ევგენი კუივაშევს, „ცოტა აზრზე მოდიო“:
„შენ რა, ცდილობ, ქურდული გაგებით წამომიყენო პრეტენზიები?! ანუ ახლა გუბერნატორთან საუბრისას ბაზარი უნდა გავფილტრო ხოლმე? რაო, გუბერნატორო, სტრელკას ხომ არ მინიშნავ? ან იქნებ კუივაშევი შეუერთდეს მათ, ვინც ჩემს გაგორებას ცდილობდა? ერთი ამას დამიხედეთ, როგორი ყოჩაღი ყოფილა“.
ვლადიმირ სოლოვიოვმა ურალის გუბერნატორი ასევე შეადარა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი ურალმაშის კრიმინალური დაჯგუფების წევრებს.
სწორედ იმ დროს, როცა ბევრს ეგონა, რომ გავლენიანმა ჟურნალისტმა ადგილი მიუჩინა პროვინციელ ოპონენტს, ურალის გუბერნატორს ნამდვილი „ქურდული ლექსიკით“ გამოექომაგა რუსული ბლატნოი რომანსების ლეგენდარული შემსრულებელი და ლაგერების ყოფილი მკვიდრი, ალექსანდრ ნოვიკოვი, რომელმაც ვლადიმირ სოლოვიოვს მიმართა ისე, როგორც მიმართავდნენ ჟურნალისტის მიერ ნახსენები ურალმაშის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები:
„მისმინე, შე შტრიბანო! როცა ჩვენს ქალაქზე ლაპარაკობ, გაფილტრე შენი ღრუტუნობა. დამპალ ნესტარს დააჭირე და ნუ ბლატაობ!“
რუსი ბარდის, გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსული შანსონის ვარსკვლავის ამგვარმა მიმართვამ სოციალურ ქსელებში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. გარდა იმისა, რომ საყოველთაო დაცინვის საგნად იქცა პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მნიშვნელოვანი შინაარსითა და ლექსიკური მარაგით „გამდიდრდა“ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და ექსპერტული წრეების საჯარო დისკურსი.
შტრიბანი - ციხის ბლატნოი ჟარგონის მიხედვით, ბებერი, ჭკუისგან დაცლილი კუანა კაცი ყოფილა, ღრუტუნობა (хрюканина როგორც писанина-ს ზეპირი ფორმა) კი ისედაც ნათელია, რაც არის.
სამოქალაქო აქტივისტის, ალექსანდრ ორლოვის თქმით, ღრუტუნობა შესანიშნავი სიტყვაა, ამომწურავი, რომელიც აღწერს თითქმის ყველაფერს, რაც დღეს რუსეთში პირით ითქმის. გარდა ამისა, როდესაც ურალის ბლატნოი ენის ცნობილი მთარგმნელი ეუბნება პუტინის მთავარ პროპაგანდისტს „გაფილტრე შენი ღრუტუნობა და ენას დააჭირეო“, იმ ვითარებაში, როდესაც თავად პუტინი და მისი გარემოცვა ახლახან საჯაროდ წუხდნენ ამ პროპაგანდისტზე თითქოსდა შესაძლო თავდასხმის გამო, ეს „ღრუტუნობა“ ძალიან ჰგავს შავი ნიშნის დასმას.
Хрюканина-მ - ამ ახალმა სიტყვამ, კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკური ანალიტიკოსი სერგეი მარკოვიც კი მოხიბლა:
„ღრუტუნობა - ამ დღეების აღმოჩენაა. განსაკუთრებით მოეწონა მათ, ვისაც არ მოსწონს არც პუტინი და არც სპეციალური სამხედრო ოპერაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროების სიტყვა. აწი სწორედ ასეთ შეფასებას მისცემენ ერთმანეთის მოძულეები ოპონენტების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. ღრუტუნობა - ესაა საყოველთაო სიძულვილის დროების მეტყველება. ჯერ ხეირიანად არც ვიცით, როგორ იწერება ეს სიტყვა და უკვე საყოველთაოდ იყენებენ“.
როგორ იყენებენ?
ერთ-ერთმა რუსმა სამოქალაქო აქტივისტმა (მაშა ფილიმორ-სლონიმმა) ფეისბუკში დაწერა, რომ ფრაზა „როგორ დეგრადირდა მედვედევი“ სულელურად ჟღერს. ახალი სიტყვის გამოყენებით შესაძლებელია მედვედევის საპირველმაისო პერფორმანსის უფრო ზუსტი შეფასება. ასე მაგალითად:
„ეს არის სრული ღრუტუნობა, ბევრად მეტი თავისი ღრუტუნელობით, ვიდრე კატის უკანალი, რომელიც პუტინმა დაუხატა დაფაზე სკოლის მოსწავლეებს თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე!“
1 მაისს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა დაფაზე მარკერით დაწერა „გილოცავთ 1 მაისსა და გამარჯვების დღეს“, შემდეგ ხელი მოაწერა ლათინური ანბანის ბოლო ასოთი და მრავალმნიშვნელოვანი მზერით შეხედა მაყურებელს.
რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მედიაპროპაგანდისტის მონაწილეობით გამართული „ღრმა ინტელექტუალური დისკუსია“ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უკრაინაშიც.
„ქვეყანა-ზონაში ურთიერთობებიც შესაბამისია. საკმარისია გავიხსენოთ რუსი "დიპლომატების" აგრესიულობა ან უხამსი ანეკდოტები და ცხადი გახდება, რომ რუსეთის ფედერაციის ძალაუფლების "კენწეროში" სხვაგვარი ურთიერთობა შეუძლებელია. სოლოვიოვამდე რომ დასულიყო, სათანადო ენით აუხსნეს, რომ მისი "ღრუტუნობის" არავის ეშინია. რუსი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები აანალიზებენ ღრუტუნობის ღრმა მნიშვნელობას“, - დაწერა ტელეგრამში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ.
რუსი ლინგვისტები ამბობენ, რომ Хрюканина - ღრუტუნობა წარმოთქმული სიტყვის არა მხოლოდ ხარისხობრივი, არამედ ჟანრული განსაზღვრებაც არის. ღრუტუნობა, როგორც სიტყვა, აღნიშნავს ნებისმიერ გამოსვლას ტელევიზორში, განსაკუთრებით წამყვან ტელეარხებზე და განსაკუთრებით ოფიციალური პირებისას.
ჰასან ჰუსეინოვი, ენათმეცნიერი: „მომღერლის სიტყვები, მიმართული ვლადიმირ სოლოვიოვისკენ, მხოლოდ პასუხია თავად სოლოვიოვის კლოაკურ განცხადებაზე, სოლოვიოვმა ხომ ეკატერინბურგს „საძაგელი ლიბეროტების ცენტრი“ უწოდა. საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა: ინტელიგენციას მოეწონა "ღრუტუნობა", მაგრამ არ მოეწონა "საძაგელი ლიბეროტები". რატომ? ვფიქრობ, იმიტომ, რომ ვლადიმირ სოლოვიოვი რუსული მმართველი ელიტის სორტირის მეთვალყურეა (угловой - ვინც ტუალეტშიც კი უთვალთვალებს პატიმრებს ადმინისტრაციის დავალებით), სოლოვიოვი სწორედ იქ ცხოვრობს და ყოველდღე საათობით აბუყბუყებს თავის გულისამრევ შიგთავსს, შანსონიე ალექსანდრ ნოვიკოვმა კი მეორადი პროდუქტისგან ხელოვნების კომპაქტური ნიმუში შექმნა“.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო ცდილობს, ემოციებს არ აჰყვეს და მომღერლისა და პროპაგანდიыტის სასეირო დაპირისპირების მიღმა პოლიტიკური ინტერესების ჭიდილი დაინახოს.
„ასე ვლადიმირ რუდოლფიჩი დიდი ხანია არავის დაუმცირებია, კარგი სანახაობაა, მაგრამ უნებურად ჩნდება კითხვა, - ამბობს მაქსიმ შევჩენკო, - სოლოვიოვისა და სიმონიანის აქტიურობა და მათ ირგვლივ ადუღებული სკანდალები, ხომ არ არის პირველი არხისთვის ბრძოლის გამო ატეხილი ხმაური და მტვერი? სიმონიანის მიერ გალკინისა და პუგაჩოვას (რუსეთის პირველ არხთან არიან ასოცირებული) დევნა და სოლოვიოვის მზადყოფნა, გადაუაროს "ლიბერასიის ბუდეს" (სურდა "ელცინის ცენტრის" ასე მონიშვნა, მაგრამ საბოლოოდ შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ეკატერინბურგს) - ყოველივე ეს ძალიან ჰგავს საკუთარი სიცქვიტის დანახვებას ვიღაც "ზემოთ მყოფისთვის“, თუმცა, რაც მე მახსოვს, ბევრი ცდილა ერნსტის (რუსეთის პირველი არხის გენ. დირექტორი) პენსიაზე გაშვებას, მაგრამ არავის გამოსვლია“.
აბას გალიამოვი - რუსი პოლიტტექნოლოგი და კრემლის ყოფილი სფიჩრაიტერი, მიიჩნევს, რომ საჯარო დისკუსიებში, მათ შორის ცენტრალურ ფედერალურ არხებზე, ჟარგონისა და არანორმატიული ლექსიკის გამოყენება რუსეთის მმართველი ელიტის მძიმე დიაგნოზზე მეტყველებს.
„საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს მიაჩნია, რომ პოლიტიკა უნდა იყოს "სოლიდური". თვითონ არაერთხელ გამიგია ეს სიტყვა ფოკუსჯგუფებთან მუშაობისას. მოსაზრება, რომ სახელმწიფო დისკურსი შეიძლება ქურდული ფენის დონეზე განხორციელდეს, "ხალხის" მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს. კრემლს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ესმის და თავად პუტინი ცდილობს ხშირად არ გამოიყენოს კრიმინალური ჟარგონი. რა თქმა უნდა, ხანდახან წამოცდება ხოლმე, მაგრამ არა ხშირად. სოლოვიოვსა და კუივაშევს შორის მიმდინარე დისკუსიის შემხედვარე, შეუძლებლია სხვა დასკვნის გამოტანა: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწრაფად კარგავს კონტროლს ვითარებაზე. მოთამაშეებმა დამოუკიდებელი ცურვა დაიწყეს და თითოეული მათგანი იქით უსვამს, საითაც საჭიროდ მიაჩნია. ასე კვდებიან სისტემები“, - ამბობს აბას გალიამოვი.