Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აღმიწერეს, როგორ მოვკვდებოდი ტანჯვით": უკრაინელი ჟურნალისტი თავისი გატაცების და რუსულ ტყვეობაში გატარებული ერთი კვირის შესახებ


„მათ გარკვევით გამაგებინეს, რომ აღარ უნდა დავწერო“, თქვა მან. „გამაგებინეს, რომ ეს მათი შურისძიება იყო ჩემი სტატიების გამო“.
„მათ გარკვევით გამაგებინეს, რომ აღარ უნდა დავწერო“, თქვა მან. „გამაგებინეს, რომ ეს მათი შურისძიება იყო ჩემი სტატიების გამო“.

მარტში, უკრაინელი ჟურნალისტი, ოლეჰ ბატურინი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში გაიტაცეს და რვა დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. მან რადიო თავისუფლებას უამბო ცემის, დაკითხვებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ, რაც გადაიტანა და როგორ იყარეს მასზე ჯავრი სტატიების გამო.

2022 წლის 12 მარტი იყო, უკრაინელ ჟურნალისტს, ოლეჰ ბატურინს ნაცნობმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

როცა შეხვედრისთვის დათქმულ ადგილას მივიდა, მისი ნაცნობი იქ არ იყო - „მაგრამ იყო მანქანა რუსი ჯარისკაცებით“, მოუთხრო შემდეგ ბატურინმა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას. „ისინი მანქანებიდან გადმოხტნენ და ცემა დამიწყეს. ხელბორკილები დამადეს, მანქანაში შემათრიეს და ქალაქ ნოვაია ხაკოვკაში წამიყვანეს“.

ამ გატაცებით დაიწყო რვადღიანი ტყვეობა ბატურინისა - მედიასაშუალება "ნოვი დენის" კორესპონდენტისა, სამხრეთ ხერსონის რეგიონში, რომელიც ძირითადად რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული მოსკოვის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდან.

ორგანიზაციების - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ თანახმად, 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ, დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი ჟურნალისტი და ბევრი სხვა დაშავდა.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა განაცხადა, რომ მედიის, სულ მცირე, 20 თანამშრომელი დაიღუპა.

ბევრი სხვა, ბატურინის მსგავსად, დააკავეს, აწამეს და დაკითხეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში.

„მითხრეს - იცი რა, ეს საომარი მდგომარეობაა. ომი მიმდინარეობს და ჩვენ შეგვიძლია გაგასამართლოთ ისე, როგორც ომის დროს. უბრალოდ მოვიწვევთ ტრიბუნალს და გამოგიტანთ დახვრეტის განაჩენს“, ჰყვება ბატურინი. „დაიწყეს მუქარა, დეტალურად აღწერდნენ, როგორ გამატყავებდნენ დანით, რომ ნელა, ტანჯვით მოვმკვდარიყავი, როგორ დამთხრიდნენ თვალებს, დამაჭრიდნენ ყურებს და კიდურებს“.

ბატურინმა თქვა, რომ ის წაიყვანეს ნოვა ხაკოვკის საქალაქო მთავრობის შენობაში, სადაც დაკითხა ვოლოდიმირ ლეონტიევმა, პრორუსმა უკრაინელმა, რომელიც ოკუპირებული ქალაქის ადმინისტრატორად დანიშნეს.

„რუსულად მელაპარაკებოდა“, იხსენებს ბატურინი. „მიცანი? გაბედე და ჩემი ფოტოები გამოაქვეყნე ნაცისტურ ფორმაში? - მეკითხებოდა, უკიდურესად უხეშად მელაპარაკებოდა. უბრალოდ ლანძღვა-გინების ნიაღვარი იყო“.

უფრო ადრე, ბატურინმა დაწერა სტატიები დამპყრობელ ძალებთან ლეონტიევის თანამშრომლობის შესახებ და შესაძლებლობაზე, რომ ის ქალაქის ადმინისტრატორად დაინიშნებოდა. სტატიები დასურათებული იყო ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი ლეონტიევის ფოტოებით ისტორიულ წარმოდგენაში მონაწილეობის დროს.

„მაშინ მივხვდი, ვინ შეუკვეთა ჩემი გატაცება“, თქვა ბატურინმა და დასძინა, რომ ოთახში ასევე იმყოფებოდა დიდი რაოდენობით შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი. „ყველა მუქარა, რაც მოვისმინე, სერიოზულად უნდა მიმეღო. მე მთლიანად მათ ხელში ვიყავი“.

ბატურინის თქმით, სასტიკად სცემეს ტყვეობის პირველ საათებში.

„მათ მცემეს, როცა დამატყვევეს“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას აპრილში, როცა ოდესიდან ესაუბრებოდა. „მცემდნენ, როცა ნოვა კახოვკაში მივყავდი. მცემეს, როცა პოლიციის განყოფილებაში ვიყავი ნოვა კახოვკაში. მერიის კაბინეტში რომ დამკითხეს, იქაც მცემეს“.

მოგვიანებით სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ ბატურინს ოთხი ნეკნი ჰქონდა გატეხილი.

„მათ გარკვევით გამაგებინეს, რომ აღარ უნდა დავწერო“, თქვა მან. „გამაგებინეს, რომ ეს მათი შურისძიება იყო ჩემი სტატიების გამო“.
„მათ გარკვევით გამაგებინეს, რომ აღარ უნდა დავწერო“, თქვა მან. „გამაგებინეს, რომ ეს მათი შურისძიება იყო ჩემი სტატიების გამო“.

„მათ გარკვევით გამაგებინეს, რომ აღარ უნდა დავწერო“, თქვა მან. „გამაგებინეს, რომ ეს მათი შურისძიება იყო ჩემი სტატიების გამო“. ლეონტიევი განსაკუთრებით ბრაზობდა იმის გამო, რომ ათი წლის წინანდელი ფოტოები, სადაც ნაცისტის ფორმა ეცვა, ახლა გამოჩნდა.

ნოვა კახოვკაში, საოკუპაციო ადმინისტრაციის ქვეშ ერთ დღეზე მეტხანს გატარებული ტყვეობის შემდეგ, ბატურინი გადაიყვანეს რეგიონის დედაქალაქ ხერსონში, სადაც ის საშინელ პირობებში იმყოფებოდა.

„საკანში არაფერი იყო გარდა სკამისა, რომელიც ძალიან მოუხერხებელი იყო დასაძინებლად“, თქვა მან. „პირველ დღეებში ძალიან ციოდა, იმიტომ რომ ყინვიანი ამინდები იყო... ონკანი იყო წყლით, რაც კარგი იყო, იმიტომ რომ შეგვეძლო დაგველია, რამდენიც გვინდოდა“.

„იატაკში ხვრელი იყო და ეს იყო ტუალეტი“, გააგრძელა მან. „მაგრამ არ იყო ტუალეტის ქაღალდი... არ იყო საპონი, ხელები რომ დაგებანა“.

მისთვის მხოლოდ ცივი საჭმელი მიჰქონდათ, დღეში ერთხელ ან ორჯერ. პალტო იყო მისთვის საბანი და ბალიში.

„კიდევ კარგი, რომ პალტო მეცვა, როცა გამიტაცეს“, თქვა მან. „მაგიტომ არ გავიყინე ან ავად არ გავხდი“.

რუსულ ტყვეობაში ყოფნისას, ბატურინისგან მოითხოვდნენ დაესახელებინა „უკრაინელი ფაშისტები“ ან „ბელარუსი ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც შესაძლოა ხერსონის ოლქში იმყოფებოდნენ“.

„მაგალითად, მათ მკითხეს, ვინ იდგა Telegram-ის სხვადასხვა არხის უკან ხერსონის ოლქში და მოითხოვეს აქტიური, პროუკრაინული ჟურნალისტების დასახელება... ასევე აქტივისტების სახელები, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზებას ახორციელებდნენ ხერსონში“, თქვა მან.

ხერსონის ოკუპაციის წინააღმდეგ ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტმა, როგორც ჩანს, შეაშფოთა რუსები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ ხალხი შეიძლება სპონტანურად გამოვიდეს ქუჩებში, თქვა ბატურინმა.

რუსი ჯარისკაცი ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან. 2022 წლის აპრილი
რუსი ჯარისკაცი ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან. 2022 წლის აპრილი

მან მოიყვანა ერთ-ერთი რუსი ოფიცრის სიტყვები, რომელმაც დაკითხვისას უთხრა: „არა უშავს. ჩვენ დავიპყრობთ ნიკოლაევს, შემდეგ ოდესამდე მივალთ, და მერე მივხედავთ მთელ ამ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ. ისინი მეტ დემონსტრაციებს აღარ ჩაატარებენ“.

„ისინი საკუთარი წესრიგის დამყარებას ცდილობენ“, თქვა ბატურინმა. „სურთ, მთლიანად აღკვეთონ საზოგადოებრივი აქტივობის ნებისმიერი გამოვლინება. პირველი დაკითხვისას, მათ ღიად მითხრეს, რომ აპირებენ მთლიანად ჩაახშონ ჟურნალისტიკა და უბრალოდ ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ... ისინი თავიანთი მოქმედებებით აჩვენებენ, რომ ეს საკუთარ ტერიტორიად მიაჩნიათ. სჯერათ, რომ იქ მუდმივად იქნებიან“.

რვადღიანი ტყვეობის შემდეგ, ბატურინი გამოუშვეს. უთხრეს, რომ სახლში დარჩენილიყო კიდევ ხუთი დღის განმავლობაში.

„ჩემთვის ცხადია, რომ ისინი მე შედარებით რბილად მომექცნენ, განსაკუთრებით იმ ტყვეებთან შედარებით, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ“, თქვა ბატურინმა. ამ ტყვეებს „გამუდმებით აწამებდნენ“.

„ასეთი მოპყრობა და ის ფაქტი, რომ გამომიშვეს, იმაზე მიუთითებს, რომ ეს გატაცება გაფრთხილება იყო“.

ამის შემდეგ მალევე, ბატურინმა რეგიონი დატოვა და რთული და სახიფათო გზა გაიარა ფრონტის ხაზების გავლით მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონამდე იმის შიშით, რომ რუსები თუ კვლავ მოაკითხავდნენ, „შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა“.

„მე ისევ მახსოვს ის პირველი ღამე, პირველი 24 საათი ტყვეობაში“, იხსენებს ის. „არ მინდა ისევ ამაზე ფიქრი, მაგრამ თავიდან არ ამომდის“.

XS
SM
MD
LG