საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაუბრუნებს ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას თავის მოსაზრებებს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით შევსებული კითხვარების პირველ ნაწილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კარგია, რომ პროცესი დათქმულ ვადებში მიდის, თუმცა ამ პროცესში მთავარი არა სიჩქარე, არამედ ხარისხია. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვების პასუხად განაცხადა, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ.
„პირველ რიგში, მქონდა პატივი, გუშინ პრემიერ-მინისტრის ხელიდან მიმეღო პასუხები პირველ კითხვარზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე კითხვარის პასუხებსაც მალე მივიღებთ. რაც კარგია, პროცესი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიდის. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა გარემოებას, რომ ეს პროცესი არ არის ასმეტრიანი სპრინტი, საქმე სიჩქარეში არაა. ის შეეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რასაც ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკეთებს. ეს შეეხება ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ საქართველოს ერთგულებას და მთავარ ეკონომიკურ და სხვა კრიტერიუმებს. რაც შეეხება ვადებს, მოველი, რომ ევროკომისია, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში წარმოადგენს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის შესახებ მოსაზრებას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება კითხვარზე გაცემული პასუხების გასაჯაროებას, რასაც სამოქალაქო სექტორი ითხოვს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „თამაშის წესების“ მიხედვით, ეს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამასთან თქვა, რომ საჯარო იქნება ევროკავშირის პოზიცია შევსებულ კითხვართან დაკავშირებით.
"თამაშის წესები აქ ასეთია, გადაწყვეტილების უფლებას ევროკავშირი მთავრობას უტოვებს, გაასაჯაროოს კითხვარი ან ორივე - კითხვარიც და მასზე პასუხებიც. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ახლა მათზეა დამოკიდებული გასაჯაროებენ თუ არა პასუხებს", - განაცხადა ჰარცელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მოსაზრებები საჯარო იქნება.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.
დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. იქამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. ორივე ქვეყანამ კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.
29 აპრილს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.
დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაასაბუთოს პასუხები კონკრეტული მაგალითებით.
იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პირველ ნაწილზე პასუხებს ევროკავშირს ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს ჩააბარებდნენ და რომ მათ გასაჯაროებას ხელისუფლება არ აპირებს.
„არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, - თქვა მინისტრმა.
ხელისუფლებამ კითხვარის მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს.