გამოაქვეყნეთ, რა უპასუხეთ ევროკომისიის კითხვარს ან დაასაბუთეთ, რის საფუძველზე ასაიდუმლოებთ პასუხებს - მოუწოდებენ ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები.
2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად, "საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას".
"ღია საზოგადოება-საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მწვანე ალტერნატივა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და სხვები აღნიშნავენ, რომ ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობას 88 პროცენტი ემხრობა. ეს ხელისუფლება ავალდებულებს, უზრუნველყოს ევროინტეგრაციის გამჭვირვალობა და ჩართოს მასში ყველა დაინტერესებული მხარე.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.
დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. იქამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. ორივე ქვეყანამ კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.
29 აპრილს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.
დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაასაბუთოს პასუხები კონკრეტული მაგალითებით.
იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პირველ ნაწილზე პასუხებს ევროკავშირს ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს ჩააბარებენ. მათ გასაჯაროებას ხელისუფლება არ აპირებს.
„არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, - თქვა მინისტრმა.
ხელისუფლებამ კითხვარის მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს.