ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა. პრესრელიზის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 29 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც მოცულობითია, მოიცავს 33 თავს და 2300-მდე კითხვას დარგობრივ თემებზე და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
ამავე ცნობით, კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა, საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.
კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე.
კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს ეხება, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, ქვეყანამ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კითხვარის პირველ ნაწილზე გაცემული პასუხების გასაჯაროების საკითხზე განაცხადა: „არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“.
კითხვარი ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარის პირველი ნაწილი ჩაიბარა. მასში 369 კითხვაა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გადასცა.
ხელისუფლების პასუხებზე დაყრდნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეაფასებენ, მზადაა თუ არა საქართველო, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
დოკუმენტში ევროკომისია ხელისუფლებას სთხოვს, დაასაბუთოს პასუხები და მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
მოლდოვამ და უკრაინამ უკვე დააბრუნეს შევსებული კითხვარები.