Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს


ფოტო: დავით არახამია მონაწილეობს მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციასთან
ფოტო: დავით არახამია მონაწილეობს მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციასთან

უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა Youtube-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მომხმარებლის, Cyber Kmara-ს აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია.

არახამია „ტელეგრამის" არხზე თავდაპირველად წერს უკრაინელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე. როგორც ის აღნიშნავს, ისინი იყვნენ და იქნებიან მოძმეები. პარლამენტარი აცხადებს, რომ ქართველები იბრძვიან ომში უკრაინისთვის, ხოლო საქართველოს ცნობილმა ადამიანებმა 24 თებერვლამდე ვიდეორგოლი გადაიღეს - ისინი მხარს უჭერენ ომში უკრაინის გამარჯვებას. „მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება, - განაგრძობს არახამია და შემდეგ მიზეზს ასახელებს, - მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირს ადასტურებს ივანიშვილის ახლახან გამოქვეყნებული ჩანაწერები".

არახამია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა არის კრემლის მითითებების შესრულება. უმაღლესი რადის წევრის შეფასებით, ეს არის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ მათი რიტორიკის - რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარების და სანქციების გვერდის ავლის გზით რუსეთისთვის დახმარების გაწევის.

დავით არახამია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს: „დღეს ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. უნდათ ქართველებსა და უკრაინელებს შორის გაჩაღდეს დაპირისპირება, რომელიც ათწლეულს გასტანს. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", - აცხადებს დავით არახამია.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება, რომელშიც ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

სავარაუდოდ, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის საუბრის პირველი აუდიოჩანაწერი (რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადასტურებული) მარტში გავრცელდა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში მიმდინარე თვეს შეიყვანა.

XS
SM
MD
LG