Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პავლიკ მოროზოვები - რუსეთში ჩაშვების ინსტიტუტი დაბრუნდა


1972 წლის საფოსტო მარკა - პავლიკ მოროზოვი და პიონერები
1972 წლის საფოსტო მარკა - პავლიკ მოროზოვი და პიონერები

კრემლი ადუმებს ყველას, ვინც არ ეთანხმება უკრაინაში გაჩაღებულ ომს. კრიტიკოსების დასჯაში მას „არაგულგრილი” მოქალაქეებიც ეხმარებიან. სპეციალურად ამისთვის მაბეზღარა ბოტებიც კი შექმნეს.

მამამ საკუთარი ქალიშვილი პოლიციაში დააბეზღა ომის გაპროტესტებისთვის; მოსკოვის ერთ-ერთ უბანში კაცმა ფანჯარაში გამოფინა ნათურები უკრაინის დროშის ფერებში. მეზობელმა პოლიციაში დარეკა; ინგლისურის მასწავლებელი მერვეკლასელებს უხსნიდა, რომ უკრაინაში ომია. ბავშვებმა მისი საუბარი ჩაიწერეს და პოლიციაში დააბეზღეს.

ეს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა იმ ასეულობით საქმიდან, რომელიც რუსეთში ბოლო 2 თვეში აღიძრა.

კრემლი მკაცრად აკონტროლებს, რას ამბობენ რუსეთის მოქალაქეები ომზე და როგორ გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში შემოიღეს კანონი „ფეიკების შესახებ”, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს უკრაინაში ომის ომად მოხსენიებას.

მალევე, ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოავლინონ „ნაციონალ-მოღალატეები” ქვეყნის შიგნით. მისი თქმით, „ხალხი გაარჩევს პატრიოტებს ნაძირლებისა და მოღალატეებისგან და უბრალოდ გადმოაფურთხებს [პირში] შემთხვევით შეფრენილი ქინქლივით”.

ომის დაწყებიდან 2 თვის თავზე, უფლებადამცველები ამბობენ - როგორც ჩანს, ბევრმა პუტინის მოწოდება გულთან ახლოს მიიტანა.

უფლებადამცველი ცენტრის, „ოვდ-ინფოს“ წარმომადგენელი, ალექსანდრა ბაევა ამბობს, რომ მასობრივი დემონსტრაციების და საზოგადოებაში უკმაყოფილების ზრდისას, ყოველთვის გამოიძებნება ვიღაც, ვინც ხელისუფლებას „მტრების” გამოვლენაში მიეხმარება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დაბეზღების იდეაზე საუბრობს არა ვიღაც უცნობი, არამედ მაღალი თანამდებობის პირი. ვფიქრობ, ადამიანები აღიქვამენ ამას, როგორ მოწოდებას ქმედებებისკენ. უნდა გვესმოდეს, რომ რეპრესიებს ახორციელებენ არა მხოლოდ სამართალდამცველები და საჯარო მოხელეები. მათში მონაწილეობენ რიგითი მოქალაქეებიც - ვიღაცა გულწრფელად, ვიღაცას აწვებიან. მაგრამ რეპრესიები მათი “დამსახურებაცაა”, - ამბობს იგი.

მაბეზღარა ბოტები

პოლიციაში მისვლა აუცილებელი არაა. ხელისუფლებამ „არაგულგრილ” მოქალაქეებს საქმე გაუმარტივა. შექმნილია არაერთი საიტი და ტელეგრამ-არხი, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ამხილონ ყალბი ამბები „სპეციალური ოპერაციის” შესახებ.

Za Правду "ედინაია როსიას" შექმნილი ბოტია
Za Правду "ედინაია როსიას" შექმნილი ბოტია

ჯერ კიდევ მარტში, მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონში მოქალაქეებს მისწერა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. უწყება მათ მოუწოდებდა, დაეხმარონ ხელისუფლებას „პროვოკატორებისა და თაღლითების” გამოვლენაში. „ბოროტმოქმედების” მონაცემები ხალხმა სპეციალურ ჩატბოტს უნდა გაუგზავნონ.

მაბეზღარა ბოტების შექმნა ახალი ტრენდია. 21 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ” სპეციალური ჩატბოტი სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლებისთვის შექმნა. მისი მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ, დაეხმარონ ინტერნეტმარეგულირებელს, „როსკომნადზორს“, „დეზინფორმატორების” გამოვლენაში.

ახალი პავლიკ მოროზოვები

გამოცემა „მედუზასთან” საუბარში, ანთროპოლოგი ალექსანდრა არქიპოვა ამბობს, რომ დაბეზღების ინსტიტუტი ჯერაც არ ამოშლილა რუსი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან. სხვადასხვა ისტორიული წყაროს თანახმად, მხოლოდ სტალინის დროს, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა „ენკავედეში“ 4 მილიონზე მეტი საჩივარი გააგზავნეს.

თანაც, ყველა საბჭოთა მოსწავლეს უყვებოდნენ „გმირი” ბავშვის, პავლიკ მოროზოვის ამბავს. გადმოცემის თანახმად, 13 წლისამ მან კულაკი მამა დააბეზღა. პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პროპაგანდამ საკულტო ფიგურად აქცია.

არქიპოვას თქმით, კრემლი არ ავალდებულებს მოქალაქეებს, ლოიალურები იყვნენ, ის მათ უბრალოდ დადუმებას სთხოვს, თუმცა სახელმწიფო პროპაგანდის ძალისხმევით, მოსახლეობაში „კოლექტიური პარანოია იზრდება”.

„სსრკ-ს დროს ზოგისთვის ჩაშვება იყო საკუთარი თავის გადარჩენის ან სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ახლა კი ეს ბევრისთვის უანგარო ქმედებაა, ქვეყნის სასარგებლოდ. დაბეზღება მათ ილუზიას უქმნით, რომ ჩართულები არიან საზოგადოების კონტროლში. ზოგს საკუთარი მნიშვნელობის განცდა უძლიერდება”, - თქვა მან.

არქიპოვას თქმით, რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, უკვე ათასობით ადამიანი გამოკითხეს. მათი თითქმის მეოთხედი - ე.წ. ქსელური დანაშაულისთვის. ანუ მოქალაქეებს იმის გამო ედავებიან, რომ საკუთარი აზრი გამოხატეს ინტერნეტში.

„ოვდ-ინფო“ და სხვა ორგანიზაციები აღნიშნავენ - ხშირად პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებას ან მცირე ჯარიმას სჯერდება. თუმცა ზოგს გაცილებით მძიმე სასჯელი ემუქრება. ჯერ კიდევ 7 აპრილს უფლებადამცველმა ორგანიზაცია „აგორამ” გამოაცხადა, რომ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით, სულ ცოტა, 21 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG