რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების დროებით გახსნის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს.
საუბარია გამშვებ პუნქტებზე „რაზდახანი“(ოძისი/მოსაბრუნი), „სინაგური“(სინაგური) და „პერეუ“(პერევი).
„ანატოლი ბიბილოვმა 20 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2022 წლის წლის 21 აპრილის დილის 08:00 საათიდან 2022 წლის 25 აპრილის საღამოს 20:00 საათამდე, ღია იქნება გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ „სინაგური“ და „პერეუ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
28 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში პარტია „ნიხას“-ის ლიდერმა ალან გაგლოევმა 10707 ხმა (38,55%) მიიღო, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი - 9706 ხმა (34,95%).
მანამდე ბიბილოვმა სიცრუეში დაადანაშაულა ოპონენტები, რომლებიც, მისი თქმით, ახალგორელებს თითქმის სამი წლის წინ დაკეტილი გზის გახსნას დაჰპირდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ პრეზიდენტმა „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ამის შემდეგ გზა რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საგუშაგოს აღებამდე, ახალგორი ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნის.