კრემლში ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს რუსეთის პრეზიდენტის ნათლიმამის, პრორუსული უკრაინული პარტია "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეომიმართვაზე, რომელშიც იგი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს სთხოვს, რომ გაცვალონ უკრაინელ ჯარისკაცებზე და სამოქალაქო პირებზე, ომით გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლიდან.
„ჩვენ ვნახეთ (ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა). არავითარი რეაქცია (ვლადიმირ პუტინის მხრიდან. - რედ) ჯერჯერობით არ ყოფილა“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორშაბათს, 18 აპრილს, გაავრცელა პატიმრობაში მყოფი პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის გამოდის შეთავაზებით, გაიცვალოს უკრაინელ ჯარისკაცებზე და სამოქალაქო პირებზე, ომით გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლიდან.
მედვედჩუკი ამ თხოვნით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
უცნობია, რამდენად თავისუფლად ლაპარაკობს მედვედჩუკი ამ ვიდეოჩანაწერში.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამაა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.
12 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაციის“ შედეგად. 16 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა.