რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე იმყოფებიან, იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვეს.
„აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე, ყველამ დაყარეთ იარაღი. სიცოცხლის შენარჩუნება გარანტირებულია“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის სამხედრო უწყებამ, მოსკოვის დროით 13:00 საათიდან, რუსეთისა და უკრაინის მხარეებს ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლა და ამ დროიდან „სიჩუმის რეჟიმის“ ამოქმედება შესთავაზა. რეჟიმის მოქმედების ნიშნად, რუსეთის მხარე დროშების აღმართვის წინადადებით გამოვიდა - რუსეთის მხრიდან - წითელი, ხოლო უკრაინის მხრიდან - თეთრი დროშის. ამასთან, "სიჩუმის რეჟიმის" ამოქმედება მხარეებმა უნდა დაადასტურონ კავშირის ყველა არხით.
მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა უიარაღოდ უნდა დატოვონ „აზოვსტალის“ ტერიტორია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ უკრაინელი სამხედროები შესაბამის ბრძანებას კიევიდან ვერ მიიღებენ, ამიტომ მათ მოუწოდებენ, „გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ და დაყარონ იარაღი“.
მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს დანებება რუსეთის თავდაცვის უწყებამ მანამდეც მოსთხოვა, თუმცა მათ ეს შეთავაზება უარყვეს.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქიდან ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა მოითხოვა, ვინაიდან, მათი განცხადებით, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, თუმცა ასეთი კორიდორი არ გაიხსნა.
მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსეთის არმია არა მხოლოდ „აზოვსტალს“, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც ესვრის.
უფრო ადრე ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა იერიშის დაწყების შესახებ „აზოვსტალზე“, სადაც, მათი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.
„შტურმისთვის მომზადებული ჯგუფი მუშაობას შეუდგა, - უთხრა ტელეკომპანია „როსია 24“-ს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა, - ამაში რუსეთის ავიაცია და არტილერია კარგად გვეხმარება, იმედი გვაქვს უკრაინელი ხალხის ეს ფსევდომცველები ჩაგვბარდებიან. ხალხი შვებით ამოუსუნთქავს და აღარასოდეს გავიგებთ მარიუპოლელი მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვის შესახებ“, - განაცხადა მან.
„აზოვსტალს“ ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ - კერძოდ, 36-ე საზღვაო ბრიგადა და „აზოვის“ პოლკი.
გუშინ, 18 აპრილს, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხაილ ვერშინინმა CNN-ს განუცხადა, რომ დაბომბვისა და საჰაერო იერიშისგან „აზოვსტალის“ ტერიტორიას 1000 ადამიანი აფარებს თავს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მარიუპოლიდან ბერდიანსკამდე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოთხოვნით მიმართა.
დღეს, 19 აპრილს, დილით მან განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ გახსნილა.
ბასურინი სიცრუეს უწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.
არსებულ ვითარებაში ვერ ხერხდება ორივე მხარის ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება.
რუსეთის ჯარებმა და სეპარატისტებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან მარიუპოლზე მარტის დასაწყისში მიიტანეს იერიში. ამ დღიდან მიმდინარეობს ქალაქის გაწმენდა, რომელშიც, სხვადასხვა შეფასებით, ერთნახევრიდან სამ ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად "აზოვის" ბატალიონისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებიან. ბრიგადის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ტყვედ ჩაბარდა.
უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მარიუპოლში რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებების შედეგად, შენობების 90%-ზე მეტი განადგურდა. ჯერჯერობით შეუძლებელია მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის გამოთვლა, მაგრამ აშკარაა, რომ საუბარია ათასობით ადამიანზე.