Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი უკრაინაში "ატარებს ტერორის, სისასტიკის, აღმაშფოთებელი აგრესიის კამპანიას"


ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი.
ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ატარებს "ტერორის, სისასტიკის, აღმაშფოთებელი აგრესიის კამპანიას". პრაისის ეს განცხადება მოჰყვა 18 აპრილს რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშს, რასაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

"რაც ბოლო საათებში ვიხილეთ, ლვოვზე და კიევის შემოგარენზე თავდასხმების სახით, რაც ვიხილეთ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რაც ვნახეთ ბუჩაში - ეს ყველაფერი არის მკაფიო ნიშანი, მკაფიო ჩვენება სისასტიკის და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ", - აცხადებს ნედ პრაისი.

18 აპრილს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონზე.

"ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული", - ამბობს ზელენსკი ტელეგრამით 18 აპრილს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამით აცხადებდა, რომ მისი ძალები ცეცხლს უხსნიდნენ 100-ზე მეტ სამიზნეს ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო შეიარაღება და ჯარისკაცები. სამინისტროს თქმით, რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის რვა ტანკი და სხვა დაჯავშნილი მანქანები, ჩამოაგდო სამი თვითმფრინავი და გაანადგურა იარაღის ოთხი დეპო. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, რუსეთი მთელი უკრაინის მასშტაბით სულ უფრო ხშირად უტევს იარაღის ქარხნებს, რკინიგზას და სხვა ინფრასტრუქტურას, რათა დაასუსტოს უკრაინის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს მასშტაბურ სახმელეთო იერიშს ქვეყნის აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG