უკრაინაში მებრძოლი 21 წლის ნიკოლოზ შანავა თბილისში, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. ის საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს.
ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპნენ. ორივე ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრი იყო. მენაბდიშვილი გუშინ, 16 აპრილს დაკრძალეს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპა 9 ქართველი მებრძოლი. ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.
უკრაინაში მებრძოლი ქართველებიდან 3-ის დაღუპვის შესახებ 16 აპრილს, გუშინ გახდა ცნობილი- თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა ქართველი მეომარი არკადი კასრაძე, მისი თანამებრძოლი ზურა მუშუქია კი მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დაიღუპნენ ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.