დაიღუპა 18 მარტს, უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით, ირპენის ფრონტზე, ნაღმმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. თბილისში 26 მარტს ჩამოასვენეს.
დავით რატიანის დაღუპვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა მისმა თანამებრძოლმა, უკრაინელმა ჟურნალისტმა ალექსეი ბობროვნიკოვმა:
„დათომ თან წაიყოლა რამდენიმე ოკუპანტი. ტყვიამფრქვევიდან ისროდა. იცხოვრა გმირულად და გმირულად დაიღუპა: ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი დაზიანებული ჰქონდა, პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. დათო ადგილზე გარდაიცვალა. ის იყო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი“.
დარჩა მეუღლე ია შაშვიაშვილი და ოთხი შვილი.
დავით რატიანი უკრაინაში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, პირველ მარტს წავიდა და უცხოელ მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა.
ქმრის სიკვდილი მისმა მეუღლემ, იამ, ფეისბუკიდან შეიტყო:
„18 მარტს, დილით, ინფორმაცია გავრცელდა, ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპაო, მაგრამ ვერაფრით დავუშვი, რომ ერთ-ერთი დათო იქნებოდა. ისეთი გამოცდილი სამხედრო იყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამე დაემართებოდა. ალბათ არ მქონდა გათავისებული, რა სასაკლაოზე იყო წასული. სოციალურ ქსელში ისევ მწვანედ ენთო მისი მესენჯერი. თან გაფრთხილებული ვყავდი, ერთი-ორი დღე რომ ვერ გიპასუხო, პანიკაში არ ჩავარდეო. ამის იმედი მქონდა. მაგრამ მაინც ავფორიაქდი. ვერაფრით რომ ვეღარ დავუკავშირდი, ბოლოს ნადიმ ხმალაძეს (უკრაინაში მებრძოლი ქართველი - რ.თ.) მივწერე, დათოს ვერ ვპოულობ-მეთქი. მის პასუხს ველოდებოდი და თან ფეისბუკს ვათვალიერებდი და უცებ წავაწყდი დათოს სურათს და მისი სურათის ქვეშ ხალხის კომენტარებს, „ვაიმე, დათო“... მივხვდი, რაც მოხდა“.
აფხაზეთიდან დევნილი დავით რატიანი 25 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს, აგვისტოს ომში.
ია შაშვიაშვილი: „2008 წელს, როცა დათო ომში იყო, სწორედ მაშინ გავიგე, რომ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დათოსთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი, მისგან არაფერი ვიცოდი. ისიც არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ფეხებიდან მიწას რომ გამოგაცლიან, ისეთი შეგრძნება მქონდა“.
2014 წელს იმყოფებოდა ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, სადაც, ერთ-ერთი ტერაქტის დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
50 წლის ასაკში, დავით რატიანმა სამხედრო სამსახური დატოვა და ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, მძღოლად მუშაობდა. იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი. „სასტიკი უსამართლობის განცდა ჰქონდა იმის გამო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდებოდა“, - იხსენებს მისი მეუღლე, ია.
ია შაშვიაშვილი: „წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გვითხრა, რომ მიდიოდა. ჯერ მე მითხრა, ცალკე გამიყვანა. შევიცხადე, მაგრამ ისეთი მტკიცე სახე ჰქონდა და ისეთი კედელი აღმართა, ვიცოდი, ამ კედელს ვერ დავანგრევდი და ვერ გადავაფიქრებინებდი. მაინც ვთხოვე, იქნებ, ბავშვების გამო შეიკავო თავი-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, სწორედ ბავშვების გამო მივდივარ, ესენი რომ გაიზრდებიან, მერე ამათ არ დასჭირდეთ ბრძოლაო. იქ წყდება ახლა ჩვენი ბედიც და იქ უნდა ვიყო, რას მთხოვ, რომ ორმეტრიანი კაცი, სახლში, ბუჩქებში დავიმალოო? ზუსტად ეს სიტყვები მითხრა. დედამისმა საკუთარი ხელით შეუკრა ბარგი, ჩალაგებაში დაეხმარა. ცალკე გაიყვანა უფროსი ბიჭი, ჩემ გარეშე დაელაპარაკა“.
დათო ოჯახს ბოლოს 16 მარტს, ღამით, ვიდეოზარით ელაპარაკა:
„აქ ძალიან თოვდა და ვანახებდით, რამხელა თოვლი იყო. თვითონ თავისი ოთახი დაგვათვალიერებინა. წუხდა, ადამიანები თითო ჩანთით არიან გაქცეული სახლებიდან, საქართველოს ისტორია უკრაინაში მეორდებაო. ბავშვები დაარიგა, დედას დაუჯერეთო. მშვიდობიანი ღამე ვუსურვეთ ერთმანეთს და გავთიშეთ ტელეფონები. ეს იყო და ეს“...
დავით რატიანი 26 მარტს, თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.