Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული აზარტული თამაშების მოყვარული ბუღალტერი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს.

დღეს დილით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლეილა წკრიალაშვილის დაკავების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სულ მითვისებულია და ონლაინტოტალიზატორში გადაირიცხა 143 985 ლარი.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს "თიბისი ბანკში" და სს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

როგორ გავიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბუღალტრის კვალზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს შემოწმება მოულოდნელად დაიწყო. საქმე ისაა, რომ გორის მერიასაც ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური და მერიას დაქვემდებარებულ აიპ-ებს ის ამოწმებს, თუმცა ამ საქმეში პირდაპირ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაერთო და ბიუჯეტისთვის მიყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზარალი აღმოაჩინა. დიდი ოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ, აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აცნობა, დაიწყო გადარიცხვების და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა. დაკითხვაზე დაიბარეს ფინანსური მენეჯერი. გამოძიების პროცესში დაახლოებით 145 ათასი ლარის ტრანზაქცია აღმოაჩინეს. ბუღალტერი ჯერ პირად ანგარიშზე ირიცხავდა საბიუჯეტო თანხას, შემდეგ კი იქიდან აზარტული თამაშების ინტერნეტანგარიშებზე ათავსებდა.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია იმ ინტერნეტტოტალიზატორის შესახებ, სადაც გორის საბიუჯეტო თანხა შედიოდა. რადიო თავისუფლებას გორის მერიაში დასაქმებული ერთ-ერთი წყარო ეუბნება, რომ ბიუჯეტის ფინანსების მითვისებისა და ბუღალტრის საქმის კვალზე, გამოძიება გიორგი ქვათაძემ გაიყვანა. ქვათაძე რამდენიმე თვის განმავლობაში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. მისი სახელი უკავშირდება ე.წ. ბიტკოინის საქმეს. ის ამ დრომდე დაკავებული არ არის და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

კრიპტომაინერების საქმე

გიორგი ქვათაძე რამდენიმე წლის განმავლობაში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ბოლო თვეებში კი ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. მან კულტურის ცენტრის სარდაფში მაინერების ფერმა მოაწყო და ამ ფერმისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი ბიუჯეტიდან იფარებოდა. თვეში დაახლოებით 6 ათასი ლარი იყო ხარჯი. 3 თებერვალს სუს-მა მაინერები გორის კულტურის ცენტრიდან ამოიღო, დაიწყო გამოძიება. ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა. იგი არ დაუკავებიათ. სხვა დეტალები უსაფრთხოების სამსახურს არ გაუხმაურებია. წყაროს ცნობით, სწორედ ამ გამოძიების პროცესში, ქვათაძემ სამართალდამცავები უფრო დიდი თანხის მითვისება-გაფლანგვის კვალზე გაიყვანა. ამჟამად გიორგი ქვათაძე დუმილს ინარჩუნებს. მხოლოდ ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას უთხრა, რომ ყველაფერს გამოძიების დასრულების შემდეგ იტყვის.

აიპ-ის თანამშრომლები და ხელმძღვანელებიც მედიის წარმომადგენლების კითხვებს გაურბიან და ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადევნებენ თვალყურს.

სამი დღის წინ, ფინანსურმა მენეჯერმა ლეილა წკრიალაშვილმა აიპ-ში განცხადება დისტანციურად გაგზავნა და სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. ამ დროს უკვე „მოდულის“ შენობაში დაკითხვებზე დადიოდა. ის პარალელურად ტრანსპორტის სააგენტოს ბუღალტრადაც მუშაობდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა წკრიალაშვილის განცხადება ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო და მისი თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სწრაფად დააკმაყოფილა. ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ ბუღალტრის გარეშე სამსახურის პარალიზება მოხდებოდა და გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიეღო.

მოგებული „რეინჯ როვერის“ ნაცვლად ფული

2021 წელს ლეილა წკრიალაშვილს, ტელევიზიიდან, ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მის მიერ ონლაინტოტალიზატორში ჩარიცხული თანხების შესაბამისად, დოლურაში განთავსებული ბილეთებიდან ერთ-ერთი ამოვიდა და ამ გათამაშებიდან მან ახალი „რეინჯ როვერის“ მანქანა მოიგო. სატელევიზიო გადაცემის დროს, ტელეფონში გახარებული წკრიალაშვილის ხმა ისმის და ის მადლობას ეუბნება წამყვანებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბუღალტერმა მანქანის წამოყვანაზე უარი თქვა და მის ნაცვლად თანხა მოითხოვა. მანქანის ღირებულებაზე ბევრად ნაკლები, 98 ათასი ლარი მიიღო ამისთვის.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების აიპ-ის ყოფილი თანამშრომლები, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ სამსახურიდან, წელიწადში ორჯერ, მათი სურვილის წინააღმდეგ შვებულებით უშვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ასე იყო საჭირო, რადგან თანხა აღარ იყო საკმარისი. ეს ხდებოდა ივნისისა და დეკემბრის თვეებში. ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ იძულებითი შვებულება, სწორედ ამ ფინანსური სქემის ნაწილი იყო.

ეს ემთხვევა სწორედ 2020-2021 წლების პერიოდს, როდესაც აიპ-ის ანგარიშიდან თანხა ქრებოდა. ამ პერიოდში გორის მერი იყო კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მერიის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში.

„მე არაფერი არ ვიცი, თქვენ უნდა ნახოთ, სად არის გამქრალი და გადარიცხული. აბა, მე ახლა ეგ როგორ უნდა ვნახო?“

სააგენტოს არც ამჟამინდელი და არც ყოფილი ხელმძღვანელები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. აგორებული სკანდალის პირველ დღეებში მხოლოდ გელა კაპანაძემ - აიპ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ორგანიზაციის ათამდე თანამშრომელი და მათ შორის ყოფილი ხელმძღვანელებიც ახლა სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში არიან დაბარებული.

ოპოზიციის პოზიცია

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბუღალტერი მარტო ვერ იმოქმედებდა და ამ საქმეში თანამონაწილეებიც ეყოლებოდა, მაღალი თანამდებობის პირების სახით. ამიტომ, მათი აზრით, გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს და უნდა გამოვლინდნენ ის პირებიც, ვინც ბუღალტერს მფარველობდა. საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იბარებენ გორის მერს და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს, რათა მათ მაინც გასცენ დაგროვებულ კითხვებზე პასუხი. ყველაზე მეტად ოპოზიციას ის აინტერესებს, რატომ ვერ აღმოაჩინა შიდა აუდიტის სამსახურმა, სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნანა ლოთიშვილი ამბობს, რომ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს.

„უკვე ვნახეთ, კულტურის აიპ-ში ბიტკოინებს როგორ ამუშავებდნენ და ხალხის ფულს როგორ ითვისებდნენ. დღეს უკვე ბუღალტერმა გაბედა იმდენი, რომ ნახევარ მილიონამდე ლარია გაფლანგული ამ აიპ-იდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამაში მხოლოდ ფინანსური მენეჯერი არ არის დამნაშავე, აქ აუცილებლად უნდა დადგეს აიპ-ის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი და ასევე შიდა აუდიტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც“.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მამუკა ფანიაშვილი ამბობს, რომ ფინანსური სქემის უკან აუცილებლად იქნებიან სხვა ადამიანებიც.

„ამ ქალბატონის და ამ სქემის უკან სხვა ადამიანებიც დგანან, რომლებიც მას მფარველობდნენ ან მინიმუმ ვერ აკონტროლებდნენ. სწორედ ამიტომ ჩვენ სხდომაზე ვიწვევთ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს, რომელთანაც გვექნება მკაცრი საუბარი და კონკრეტული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ გამოავლინა აღნიშნული დანაშაული“, განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ამ საქმესთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა გააკეთა, მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც საბიუჯეტო ფინანსების გაფლანგვაში იქნება ბრალდებული.

დაკავებული ფინანსური მენეჯერის, ლეილა წკრიალაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG