რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს გაიმართება. ადგილობრივმა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება დღეს, 14 აპრილს გამოაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას თანახმად, მეორე ტურის დღედ განიხილებოდა 23 აპრილი და 1 და 8 მაისიც, მაგრამ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კენჭისყრა 28 აპრილს ჩატარდება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. 5 კანდიდატიდან ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა ვერ მიიღო, ამიტომ საჭირო გახდა მეორე ტური. მასში მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული "შემაჯამებელი ოქმის" თანახმად, პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მისცა 34.95%-მა, ხოლო გაგლოევს - 38.55%-მა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველიდან ორ კვირაში, ანუ 24 აპრილისთვის უნდა დანიშნულიყო, თუმცა, ადგილობრივი „კანონებით“ კენჭისყრა არ ტარდება სადღესასწაულო დღეებში. 24 აპრილს აღდგომაა. 28 აპრილი ხუთშაბათია, რომელსაც მეორე ტურის გამო უქმე დღედ გამოაცხადებენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ ჩატარებულ არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.
ცხინვალში 10 აპრილს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა, უკრაინამ და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.