რადიო თავისუფლება: ადამ, მახსოვს, საკუთარ თავს პოლონეთის ყველაზე დიდ რუსოფილს უწოდებდით...
ადამ მიხნიკი: დიახ, მაგრამ, მე ანტისაბჭოთა რუსოფილი ვიყავი, ახლა ანტიპუტინური რუსოფილი ვარ. ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბევრი თაობისთვის არის წყევლა.
რადიო თავისუფლება: რატომ შეცდა მასში ამდენი ადამიანი? მახსოვს, 1999 წელს, როდესაც მოსკოვში სახლებს აფეთქებდნენ, მეგობრებს ვარწმუნებდი, პუტინი დიდ ბოროტებაზე წამსვლელი არ არის-მეთქი. ახლა თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებ, რომ არა მარტო მე, არამედ ისეთი დიდი ადამიანებიც შეცდნენ, როგორიცაა სერგეი კოვალიოვი. ის ამბობდა, ამას თუ დავიჯერებთ, საერთოდ გაუგებარია, აწი როგორ უნდა ვიცხოვროთო...
ადამ მიხნიკი: მგონია, რომ ყველა შეცდა. სერგეი ადამოვიჩი მეუბნებოდა: „არ დაგავიწყდეს, ის სუკის აგენტია! არ ღირს ამის დავიწყება. მას სხვანაირი მენტალიტეტი აქვს, მას უბრალოდ არ ესმის, რომ სხვანაირადაც შეიძლება“. არ ვეთანხმებოდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანს იმის სჯერა, რისი დაჯერებაც უნდა.
მან რუსეთი ხაფანგში მოამწყვდია. არც ვიცი, ამას თავი როგორ უნდა დააღწიონ, რადგან ეს არა მხოლოდ ბანდიტური ომი, წაგებული ომიცაა.
მე რუსოფილი დისიდენტებისა და გარდაქმნის გამო ვიყავი. მეგონა, რუსეთისთვის ეს ისტორიული მომენტი იყო, რომ რუსეთს ესმის, საბჭოთა რეჟიმი არქაული ისტორიაა და რუსეთის მომავალი ევროპაა და არა ისლამსა და ჩინეთთან დაძმობილება. დღემდე მინდა მჯეროდეს, რომ ეს სამარცხვინო, ბანდიტური ომი უკრაინასთან რუსეთისთვის არეულობის მომენტია, შავი სცენარი, რომელსაც პუტინი ახორციელებს. როდესაც ვალდაის კონფერენციაზე, პუტინს მიხაილ ხოდორკოვსკიზე ვკითხე, ნამდვილი განგსტერივით მიპასუხა. ვიფიქრე, რომ განგსტერია, მაგრამ გათვლაც შეუძლია, ახლა კი ვხედავ, რომ ეს არის განგსტერი-ფსიქოპატი - ყოველგვარი გათვლის გარეშე.
მან რუსეთი ხაფანგში მოამწყვდია. არც ვიცი, ამას თავი როგორ უნდა დააღწიონ, რადგან ეს არა მხოლოდ ბანდიტური ომი, წაგებული ომიცაა. გაცრუვდა პუტინის იმედი, რომ იგივე გამეორდებოდა, რაც ყირიმთან დაკავშირებით მოხდა. ის ფიქრობს, როგორც ალბათ ჩვენი რუსი მეგობრების ნაწილი, რომ უკრაინა უკრაინა არაა, ისინი მალოროსები არიან, ერთი ნაცია. ეს არა მხოლოდ პუტინის შეცდომაა, არამედ ძალიან ბევრი ჭკვიანი და წესიერი ადამიანის რუსეთში.
გარდა ამისა, მას არ უფიქრია, რომ დასავლეთი ასე ერთ მუშტად შეიკვრებოდა. ფიქრობდა, რომ ქაბულის შემდეგ აშშ მოკვდა და ბაიდენს ტრამპის ფანტაზიები არა აქვს, ტრამპივით არ ფიქრობს, რომ პუტინი დიდსულოვანი გენიოსია. ბაიდენი მშვიდი, ნორმალური ადამიანია, რომელმაც იცის, რომ ის ბანდიტია და იცის, როგორ უნდა მოიქცეს ბანდიტთან. კიდევ ის არ ფიქრობდა, რომ უკრაინის ჯარი და უკრაინული საზოგადოება ასე გმირულად უპასუხებდა. ეს ფანტასტიკაა. ამას არავინ ელოდა. მეუბნებოდნენ უკრაინელები, რომ ასე იქნება, მაგრამ არ ვიჯერებდი.
რადიო თავისუფლება: რა უფრო ლოგიკურია რუსეთისთვის, 90-იანი წლების დემოკრატია, იმდროინდელი იმედებით, თუ მაინც პუტინი?
ადამ მიხნიკი: ერთი მხრივ, ის ისტორიის პირმშოა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეცდომებისაც, მაგალითად, ელცინის შეცდომების. არ მინდა ვთქვა, რომ პუტინი რომ არ ყოფილიყო, რუსეთში სამოთხე იქნებოდა. არა, მაგრამ შესაძლოა სხვადასხვა სცენარით წასულიყო ცხოვრება: არა პუტინი, მაგრამ, მაგალითად, ბორის ნემცოვი. შესაძლოა ახლა ჩვენ ნემცოვის პოლიტიკა გვეკრიტიკებინა, მასაც ექნებოდა შეცდომები, მაგრამ ეს არ იქნებოდა - ეს ბარბაროსობა და წყევლა.
რა თქმა უნდა, ხშირად გამიგია მოსკოვში, რომ „უკრაინელები უმცროსი ძმებივით არიან, ოღონდ არა ისეთი სრულფასოვნები (თავიანთი კულტურითა და ცივილიზაციით), როგორც ჩვენ“.
არ მჯერა, რომ რუსები პუტინს ასი პროცენტით უჭერენ მხარს. 200 ათასი მოქალაქე საზღვარგარეთ წავიდა. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრისას, მოსკოვში, წითელ მოედანზე 7 კაცი გამოვიდა. ახლა კი უკვე 8 ათასია დაპატიმრებული იმის გამო, რომ ქუჩაში იდგნენ ლოზუნგით „არა ომს“. ჩვენ გაზეთში ბევრ რუს მწერალს ვბეჭდავდით... რა თქმა უნდა, მესმის უკრაინელების, როდესაც ისინი ამბობენ: „წადით თქვენი პუშკინებით, დოსტოევსკებით, ჩაიკოვსკებით, ჩვენთვის რუსეთი ბომბები და უბედურებაა...“ მესმის, მაგრამ, ერთი მხრივ, ემოციებია, მეორე მხრივ კი, არის გონებაც.
რა თქმა უნდა, ხშირად გამიგია მოსკოვში, რომ „უკრაინელები უმცროსი ძმებივით არიან, ოღონდ არა ისეთი სრულფასოვნები (თავიანთი კულტურითა და ცივილიზაციით), როგორც ჩვენ“. ცნობილ უკრაინელ მწერლებს რუსეთში არ კითხულობდნენ, არც ანდრუხოვიჩს, არც ზაბუჟკოს, არც ჟადანს. ეს რუსული კულტურული და ინტელექტუალური ელიტისთვის გამოწვევაა - მათ უნდა გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.
რადიო თავისუფლება: ახლა ყველა იხსენებს, რომ ლეხ კაჩინსკი 2008 წელს ამბობდა, საქართველოს შემდეგ უკრაინის ჯერი დადგებაო. რუსული აგრესია იწინასწარმეტყველა ადამიანმა, რომელიც პოლონეთის კონსერვატიული გარემოცვიდან იყო, თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა. ლიბერალები ამ საკითხთან დაკავშირებით ილუზიებში იყვნენ? თუ უბრალოდ, ცუდი დროა ლიბერალიზმისთვის?
ადამ მიხნიკი: ასე არ ვიტყოდი. კი, კაჩინსკი თბილისში ჩავიდა და იქ თქვა ეს. იმ დროს მას მხარს ვუჭერდი. გაზეთის პირველ გვერდზეც დავწერე, რომ კარგად მოიქცა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ანალიზის შედეგი არ იყო. ეს უბრალოდ მიტინგზე ითქვა, როდესაც რაღაც მკვეთრი უნდა თქვა. ის ჩემგან განსხვავებით რუსოფილი არ იყო. მან არც რუსული ლიტერატურა იცოდა და არც მისი ისტორია. რუსეთს მე-19 საუკუნის პოლონელის თვალსაწიერიდან უყურებდა და რუსი დემოკრატის თვალსაზრისს არ ითვალისწინებდა. მას ეს არ ესმოდა, მაგრამ თბილისში კარგად თქვა. ჩვენ ბევრს ვაკრიტიკებდით პუტინს, მაგრამ ვფიქრობდით, რომ პუტინი არ არის ჩვენი დროის ნიკოლაი პალკინი, ეს ასეთი სტერეოტიპია, ანტირუსული, არ შეიძლება სტერეოტიპებით იცხოვრო. აბსურდია იმის თქმა, რომ ნებისმიერი რუსი თავისი ბუნებით იმპერიალისტი, შოვინისტი, ჰომოფობი და ანტისემიტია.
კიდევ ერთი, ჩემი თაობისა და წრის ადამიანისთვის რუსეთი მხოლოდ ბრეჟნევი არაა. ის ასევე არის გარდაქმნა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. მე გორბაჩოვს ვუთხარი: „თქვენი გარდაქმნის გამოისობით ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა“. ესეც სიმართლეა. ძალიან არ მინდა, პოლონელებს ეგონოთ, რომ ნამდვილი რუსეთი პუტინია. „გლასნოსტის“ დრო რაღაც პრეცედენტი არ ყოფილა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ეს მოხდა რუსეთში და მომავალში თავის შედეგს კიდევ მოიტანს.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ჯერჯერობით ისე გამოვიდა, რომ ადამიანი, რომელსაც იმ დროს სობჩაკის ჩანთა დაჰქონდა, ახლა მსოფლიოს წინაშე წარდგა, როგორც საყოველთაო ბოროტება, ეგზისტენციალური ბოროტება. მაგრამ მსოფლიოსთვის ეს ბოროტება ახალი არაა. რატომ დახვდა ის მოუმზადებელი იმ ბოროტებას, რომელსაც მშვენივრად იცნობდა, რომლის შესახებაც ფილმებს იღებდა, წიგნებს წერდა. პუტინმა ხომ არაფერი ახალი არ გააკეთა, უბრალოდ აჩვენა, რომ შესაძლოა ეს ბოროტება რეალობად იქცეს?
ადამ მიხნიკი: დასავლეთი თავის პრობლემებზე ფიქრობდა და ეს ნორმალურია. დასავლეთში ყველა ოცნებობდა სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ რუსეთზე. მახსოვს, პუტინს ჰქონდა იდეა, რუსეთი ნატოსა და ევროკავშირში შესულიყო. ეს კარგი იქნებოდა. იდეა ხიდების, კავშირების შენების - კარგი იდეაა.
რადიო თავისუფლება: ეს დასავლეთის შეცდომაა, ილუზიაა?
ადამ მიხნიკი: მგონია, რომ ეს რუსეთის შეცდომაა. დასავლეთის მხრიდან დიდ შეცდომას ვერ ვხედავ. რუსეთი პუტინის გზას ევროპის მხარდაჭერით ან პროვოკაციით კი არ დასდგომია. შესაძლოა იყო მიამიტობაც, მაგრამ რუსული სულის გაგებაც არის საჭირო - არასრულფასოვნების კომპლექსის, რომელიც მას იმპერიის დაცემის შემდეგ აქვს.
რუსეთში ცვლილებები ომების მერე ხდებოდა: ფინეთის ომის შემდეგ, იაპონიის ომის შემდეგ, ავღანეთის ომის შემდეგ, ახლა უკრაინაა.
უნდა ვიმედოვნოთ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ მარქსი, ენგელსი და სტალინი წაკითხული გვაქვს, ვიცით, რომ დეტერმინირება არ არსებობს, არსებობს არჩევანი. რუსეთმა ცუდი რამ არჩია. მაგრამ რჩება იმედი, რომ ჯერ კიდევ შეიძლება - მე ვერ მოვესწრები, მაგრამ ჩემი შვილი მოესწრება - ახალი ტალღა წამოვიდეს, როგორც 1905 წლის რევოლუციის შემდეგ მოხდა თებერვლის რევოლუცია.
რადიო თავისუფლება: მაგრამ შემდეგ ოქტომბრის რევოლუციაც იყო...
ადამ მიხნიკი: რუსეთში ცვლილებები ომების მერე ხდებოდა: ფინეთის ომის შემდეგ, იაპონიის ომის შემდეგ, ავღანეთის ომის შემდეგ, ახლა უკრაინაა. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინისთვის უკრაინა იგივე გახდება, რაც ბრეჟნევისთვის ავღანეთი გახდა.
რადიო თავისუფლება: დასავლეთმა რა უნდა ქნას? ომი ხომ შეიძლება უკრაინისთვისაც საკმაოდ ცუდად დასრულდეს, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით და დასავლეთი ვერაფერს იზამს. გასაგებია, რისიც ეშინია. ასეთი მწირი არჩევანის პირობებში დასავლეთმა რა უნდა ქნას?
ადამ მიხნიკი: ჩემი აზრით, იქ ახლა ასეთი ფილოსოფიაა, რომ რუსეთი ომს წააგებს, რადგან რუსეთში ეს ომი პუტინისა და შოიგუს გარდა არავის უნდა. უკვე 18 ათასი ჯარისკაცი მოკლეს. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ დიად, რუსულ ჯარს ერთი მსხვილი ქალაქის აღებაც კი არ შეუძლია. მსოფლიოს მთელი სიმპათია უკრაინას ეკუთვნის, რუსეთი კი ჩინეთზეა დამოკიდებული. ჩემი ფიქრით, დასავლეთის პოლიტიკა გონივრული და ეფექტურია. შედეგიც აქვს: რუსეთი აგებს, მსოფლიო ომი კი არავის უნდა. დასავლეთი რუსეთი არაა. ეს პუტინსა და შოიგუს შეუძლიათ თქვან: „ახლა კი ბირთვული დაბომბვა დავიწყოთ“. დასავლეთში ეს შეუძლებელია. საზოგადოების დიდ ნაწილს ომი არ უნდა, არ უნდა სიკვდილი არც უკრაინაში, არც სხვაგან. მეორე მსოფლიო ომის დროს რუზველტს სურდა ომში ჩართულიყო და ვერ შეძლო. იაპონელები პერლ ჰარბორს რომ არ დასხმოდნენ თავს, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. ახლაც ასეა. რა თქმა უნდა, მეც ვუყურებ და არც მე შემიძლია მშვიდად ძილი, როდესაც საკუთარ უძლურებას ვხედავ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ბურთი ჯერ კიდევ თამაშშია.