უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს, კიევში შეხვდება.
„მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი იმისათვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. მე ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ ხვალ [13 აპრილს] მასთან მექნება ოფიციალური ზარი. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მოწვევა, მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ მე მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. გარდა ამისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. იქ არის ძალიან ბევრი ცნობილი პარლამენტარი. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინაში დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა სტეფანჩუკმა (ტელეკომპანია „იმედის" თარგმანი).
12 აპრილს უკრაინაში ვიზიტის საკითხზე საქართველოს პარლამენტში გაიმართა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შედგება „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან. ჯერჯერობით უცნობია, დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
დელეგაციის ხელმძღვანელისა და შემადგენლობის დაზუსტება 13 აპრილს იგეგმება.
8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.
პაპუაშვილმა უკრაინულ მხარეს გაახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.
ბუჩაში ჩასვლის სურვილის შესახებ განაცხადა პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში და თქვა, რომ "მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში".