Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტს გეგმავენ


უკრაინაში ვიზიტის საკითხზე პარლამენტში გაიმართა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შედგება „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, დაზუსტებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დელეგაციაში იქნებიან: უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო. ჯერჯერობით უცნობია დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, „ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ დელეგაციით ვიზიტი მოხდეს უკრაინაში. ეს საორგანიზაციო საკითხები ძალიან სწრაფად მოგვარდეს“.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება დელეგაციაში. „დაველოდებით ხვალინდელ დღეს, როდესაც უფრო მეტი დეტალი იქნება საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებზე“, - აღნიშნა მან.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა.

"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინულ მხარეს გაახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.

ბუჩაში ჩასვლის სურვილის შესახებ განაცხადა პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში და თქვა, რომ "მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში".

XS
SM
MD
LG