Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

New York Times-ი ბუჩაში მკვლელობებისა და მათი მიზეზების შესახებ იტყობინება


გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა ვრცელი რეპორტაჟი ბუჩიდან, რომელიც უკანასკნელ დღეებში იქცა უკრაინის მოსახლეობის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ ომის განმავლობაში. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთის სამხედროებს ბრალს სდებენ სამოქალაქო პირების მასობრივ დასჯაში. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.

New York Times-ი ამტკიცებს, რომ მისმა კორესპონდენტებმა დაადგინეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილის ადგილი და დრო და ესაუბრნენ მოწმეებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბუჩის მაცხოვრებლები რუსეთის ჯარების მსხვერპლი გახდნენ. გამოცემა აქვეყნებს ინტერაქციულ რუკას, რომელზეც აღნიშნულია ადგილები, სადაც აღმოაჩინეს გვამები.

გარდა ამისა, ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მოხდა 100 ათასზე მეტი გვამის ექსჰუმაცია საფლავებიდან, რომლებიც ბუჩაში გაითხარა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში.

„კიევზე რუსეთის იერიში შეკავებულ იქნა მტკიცე წინააღმდეგობის მეშვეობით, ბუჩის ოკუპაცია ტერორისა და შურისძიების კამპანიად იქცა“, - წერს გამოცემა. დოკუმენტირებულია ბუჩის მოსახლეების მიზანმიმართული დასჯისა და წამების შემთხვევები, რაც, გამოცემის თანახმად, შურისძიების მოტივით მოხდა. დახვრიტეს მინიმუმ 15 ხელებშეკრული ადამიანი. მაგრამ, მოწმეთა თქმით, ბუჩის მრავალი მაცხოვრებელი მოკლულ იქნა რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ქუჩაში გავიდნენ. ქალაქის მოსახლეობას შორის სიკვდილის მიზეზი გახდა ჰუმანიტარული კატასტროფაც. New York Times-ი წერს, რომ ხანდაზმულთა ადგილობრივ სახლში შიმშილით გარდაიცვალა 6 ადამიანი.

New York Times-ი ასახელებს იმ ათობით მოწმის სახელებსა და გვარებს, რომლებიც გამოცემას მოუყვნენ მათი დაღუპვის გარემოებების შესახებ. ბუჩაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ბუჩაში მასობრივი მკვლელობების შესახებ ცნობილი გახდა აპრილის დამდეგს, მას შემდეგ, რაც ქალაქი დატოვეს რუსეთის ჯარებმა, რომელთაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ეკავათ ის. მკვლელობების შესახებ ცნობების ფონზე დასავლეთმა კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთის მიმართ რიტორიკა და პოლიტიკა. შემოღებულ იქნა ახალი სანქციები და გაძლიერდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ზოგიერთი დასავლელი ლიდერი პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს სამხედრო დანაშაულებში.

რუსეთი კვლავაც უარყოფს მკვლელობებთან თავისი სამხედროების კავშირს. რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენელი ლაპარაკობს იმაზე, რომ ბუჩაში მკვლელობები „დადგმული“ იყო, რომ მკვლელობები რეალური იყო, მაგრამ მათთვის პასუხისმგებლობა უკრაინის სამხედროებს ეკისრებათ.

XS
SM
MD
LG