საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატების ნაწილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურში ხმა არ მისცენ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს.
10 აპრილს ჩატარებულ პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. შედეგების 99%-ის შეჯამების მიხედვით, 27.6%-ით პირველ ადგილზეა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ლიბერალი ემანუელ მაკრონი და მეორეზე - 23.4%-ით, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი. მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.
ხმების 22%-ით მესამე ადგილზე გასულმა, მემარცხენე ჟან-ლიუკ მელანშონმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ მეორე ტურში მარინ ლე პენმა ვერცერთი ხმა ვერ უნდა მიიღოს. მომხრეებს ასეთივე მოწოდებით მიმართა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, თითქმის 5%-ით მეხუთე ადგილზე გასულმა ვალერი პეკრესმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა ლე პენის „ისტორიულ სიახლოვეს“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
საკუთარ მომხრეებს მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს სხვა კანდიდატებმაც - პარიზის მერმა ანნ იდალგომ, კომუნისტმა ფაბიენ რუსელმა და „მწვანეების“ კანდიდატმა იანიკ ჟადომ.
ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს მხარდაჭერა გამოუცხადა, პირველ ტურში ხმების 7%-ით მეოთხე ადგილზე გასულმა, მემარჯვენე ერიკ ზემურმა.
ლიბერალი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ წინა, 2017 წლის არჩევნების დროსაც. მეორე ტურში მაკრონმა ხმების 66% მიიღო, ხოლო ლე პენმა - 33%.