Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის კითხვარი გადასცა


 ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გადასცა კითხვარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. კითხვარის შევსება სტატუსის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა.

„ევროპეისკაია პრავდას" ცნობით, ცერემონია კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა.

„ჩვენ ბევრი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ. ამიტომ შევსებას დასჭირდება არა წლები, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ კვირები", - ციტირებს გამოცემა ურსულა ფონ დერ ლაიენს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ შენიშნა, რომ უკრაინა ამ ამოცანას კიდევ უფრო სწრაფად გაუმკლავდება. „ჩვენ პასუხები ერთი კვირის შემდეგ გვექნება მზად", - თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, როდის მიიღებს ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, რომ საქართველოს კითხვარი, სავარაუდოდ, ორშაბათს გადასცემს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.

„კითხვარი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოში შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არის ინსტიტუტი, რომელიც ამ დოკუმენტზე პასუხების მომზადებას კოორდინაციას გაუწევს“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

უკრაინამ ევროკავშირს მისი დაჩქარებული წესით მიღება სთხოვა, მოსკოვის სამხედრო შეტევის ფონზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. 1 მარტს ევროპის პარლამენტის კენჭისყრაზე უკრაინისთვის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ. პარლამენტის რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.

უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით მიმართეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG