2021 წელს გაზაფხულზე, საქართველოში თურქეთის გავლით შემოვიდა 25 წლის კაცი, რომელიც მოგვიანებით იტყვის, რომ ის “ეფესბეს” აგენტია და მზადაა საქართველოს სპეცსამსახურებს ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს, სანაცვლოდ კი ითხოვს მხოლოდ ერთს - თავშესაფარს.
ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ამ სტატიაში ილიას დავარქმევთ, საქართველოს ხელისუფლებას 6 თვე სთხოვდა თავშესაფარს. პროკურატურა ახლა მას დაჩქარებული წესით, აშშ-ში ექსტრადიციისთვის ამზადებს.
“არჩევანი - ან ვმუშაობ რუსეთზე, ან ჩუმად ვარ, ოღონდ საფლავში”
ილია 1996 წელს მოსკოვში, შერეულ ოჯახში დაიბადა - მისი მამა ქართველია, დედა რუსი.
2014 წელს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ის ერთ-ერთ სტუდენტს დაუახლოვდა. როდესაც მიხვდა, რომ სინამდვილეში მისი ახალი მეგობარი “ეფესბეს” აგენტია, უკვე გვიან იყო - რუსულ სპეცსამსახურებს ილიას გადაბირება დაწყებული ჰქონდათ. ილია ჰყვება, რომ “ეფესბესგან” თავის დასახსნელად მამამისმა შვილის საქართველოში გაყვანის გზებზე დაიწყო ფიქრი, თუმცა აქაც დააგვიანეს.
“24 ნოემბერს ჩვენს ბინაში შემოვარდა “ეფესბე“, მათ წარმომიდგინეს დადგენილება ჩემი ბინის ჩხრეკაზე, სინამდვილეში არანაირი ჩხრეკა არ ყოფილა. მე მახსოვს ეს დადგენილება, ის იყო გამოტანილი ქალაქ კრასნოიარსკის სასამართლოს მიერ, ქალაქისა, რომელიც მდებარეობს მოსკოვიდან დაახლოებით ოთხი ათას კილომეტრში, რომელთანაც არ მქონია არანაირი კავშირი. უფრო მეტიც, არასოდეს გავლითაც არ ვყოფილვარ კრასნოიარსკში. მათ უთხრეს მამას, რომ გამესაუბრებოდნენ და მალე გამომიშვებდნენ… წამიყვანეს ლუბიანკაზე [“ეფესბეს” ცენტრალური ოფისი მოსკოვში - რ.თ.]”, - იხსენებს რუსეთის ფედერალურ საგამოძიებო სამსახურთან პირველ შეხებას ილია წერილში, რომელიც მან საქართველოს მიგრაციის სამსახურს გაუგზავნა. რადიო თავისუფლებას ეს დოკუმენტი პატიმრის ადვოკატებმა გადასცეს.
“ეს ლუბიანკაა ქართველო, “ეფესბეს” დაკითხვის სარდაფი, შენ უნდა ითანამშრომლო ჩვენთან, იმიტომ რომ შენ გაჭმევს რუსეთი”... ჩემი არჩევანი იყო ან ვმუშაობ რუსეთზე, ან ჩუმად ვარ, ოღონდ საფლავში… ან მდინარე “მასკვას” ფსკერზე”, - წერს ილია გლდანის ციხიდან შსს-სთვის გაგზავნილ წერილში.
Რადიო თავისუფლებამ Მისი სიტყვების ნამდვილობის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ილიას ისტორია, როგორც ჩანს, არც საქართველოს სპეცსამსახურებს გადაუმოწმებიათ. ისინი, ადვოკატების თქმით, უბრალოდ, არ შეხვდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამბობდა, რომ ღირებული ინფორმაცია აქვს გასაზიარებელი.
Მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ის “ეფესბეს” თანამშრომლების კონკრეტულ გვარებს ასახელებდა და ამბობდა, რომ კონკრეტული ინფორმაციის გაზიარება შეეძლო, ილია ამბობს, რომ ის არც სუს-ს და არც პროკურატურას არ დაუკითხავს.
ილიას მონათხრობის მიხედვით, ის, როგორც “საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურის” ფარული აგენტი, “ეფესბესგან” კონკრეტულ დავალებებს იღებდა - უნდა შეეგროვებინა პროგრამისტების, კომპიუტერული კოდირების სისტემების მცოდნე ახალგაზრდების შესახებ ინფორმაცია და შეექმნა საფუძველი მათი გადაბირებისთვის. შეხვედრებისა და ახალგაზრდებთან დაახლოებისთვის ილია კუთვნილ რესტორნებს იყენებდა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით 7 წელი.
რუსეთიდან საქართველოში გაქცევის იდეას ის 2020 წელს დაუბრუნდა, გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო: “როდესაც გავიგე, რომ კრიბავდნენ ჯგუფს, რომელიც დაკავებული იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის ძირგამომთხრელი საქმიანობით, ეს იყო ზღვარი… ყველა ადამიანს გააჩნია მორალი, რომლის იქითაც შეუძლებელია გადახვიდე. მე ვერ შევძელი ჩემი მორალური შეხედულებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, გადამელახა ზღვარი და შემესრულებინა რამე ჩემი ეთნიკური სამშობლოს წინააღმდეგ… ამიტომაც ვარ დევნაში”, - წერს ილია.
ბრალდება კიბერთაღლითობაზე და დაკავება
2021 წლის მარტში რუსეთიდან გამოქცეული ილია, საქართველოს პროკურატურამ თბილისში ოქტომბერში აშშ-ის მოთხოვნით დააკავა. დოკუმენტების მიხედვით, 25 წლის მამაკაცის დაპატიმრების გადაწყვეტილება კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 2021 წლის 24 აგვისტოს მიიღო. სექტემბერში მასზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდა. ილიას ბრალად ედება “შეთქმულება საბანკო თაღლითობის ჩადენის მიზნით და საბანკო თაღლითობის ჩადენა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით”.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, იგი ჯგუფთან ერთად ჰაკერობით მოიპოვებდა საბანკო, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემებს ყიდდა ონლაინ, პლატფორმა slilpp-ის მეშვეობით.
slilpp-ი მოპარული პერსონალური მონაცემების არალეგალური საერთაშორისო ონლაინბაზარია. slilpp-ზე ვაჭრობენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, კომპანიების პერსონალური მონაცემებით - მომხმარებლების სახელებით და პაროლებით საბანკო ანგარიშებში. ამ ინფორმაციას მათ შორის იყენებენ სწრაფი გადახდის სისტემებსა და მობილური ტელეფონების ანგარიშებში შესაღწევად და უკანონო ტრანზაქციებისთვის.
2021 წლის ივნისში აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ დააპატიმრა slilpp-ის სისტემაში ჩართული 10-ზე მეტი ადამიანი. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს სისტემა ყიდდა 80 მილიონზე მეტ მოპარულ მონაცემს, რამაც მთელ მსოფლიოში 1400 -ზე მეტი სუბიექტი დააზარალა, მხოლოდ აშშ-ში 200 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა ამ სისტემამ მოქალაქეებსა და კომპანიებს.
2021 წელს ამერიკელი, გერმანელი, ჰოლანდიელი და უნგრელი სამართალდამცავების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, slilpp-იდან გათიშეს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული სერვერები და დომეინები, რომლებიც ამ სისტემაში იყო ჩართული.
ამ სქემაში მონაწილეობა ედება ბრალად 25 წლის რუსეთის მოქალაქეს, რომელიც დაკავების შემდეგ საქართველოს თავშესაფარს სთხოვს. კოლუმბიის ოლქის საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, ილიამ კონკრეტულ პირებს ჯამში 5 000 000 დოლარზე მეტის ზიანი მიაყენა, საიდანაც დაახლოებით 390 ათასი დოლარი მას ერგო. ამ დანაშაულისთვის ბრალდებულს აშშ-ში 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდების მიხედვით, გამოძიებამ თაღლითობაში ეჭვმიტანილს ციფრული კვალით მიაგნო.
ამერიკელების თხოვნით საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ახლა გლდანის ციხიდან ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ბრალდებებს უარყოფს. ილიას ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მათი კლიენტი კიბერდანაშაულისთვის საკმარისად არ ფლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და მის სახელსა და ანგარიშს შესაძლოა “ეფესბეს” საფარქვეშ მოქმედი ჰაკერი იყენებდა.
უარი თავშესაფარზე
დაკავებისთანავე, 2021 წლის ოქტომბერში, ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქემ საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა.
ილია საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, რომ იგი არც რუსეთისთვის გადაეცათ და არც აშშ-სთვის. ამბობდა, რომ “ეფესბე” მას, როგორც მოღალატეს, ყველგან მისწვდებოდა.
თავშესაფრის მოთხოვნის განცხადების წარდგენის შემდეგ მიგრაციის სამსახური თავშესაფრის მაძიებელთან ატარებს სპეციალურ ინტერვიუს და 1 თვის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს თუ არა მოთხოვნა.
მიგრაციის სამსახურმა ილიასთან ინტერვიუ 2021 წლის 26 ნოემბერს ჩაატარა, 30 ნოემბერს, 2 სამუშაო დღეში კი უარი უთხრა “ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის” მინიჭებაზე.
ხშირად, თავშესაფარზე უარის თქმის შემდეგ მოქალაქეს წარმოშობის ქვეყანაში აბრუნებენ. ქართულმა მიგრაციის სამსახურმა ილიასთვის უარის თქმის დოკუმენტში მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებაც იმსჯელა, მასში წერია, რომ ქართულმა მხარემ შეისწავლა გარემოებები და მიიჩნია, რომ ილიას რუსეთში დაბრუნება საფრთხეს არ შეუქმნის.
რუსეთში უსაფრთხო გარემოს შესახებ წერია პროკურატურის დადგენილებაშიც. კერძოდ, ქართველი პროკურორი წერს, რომ ღია ინტერნეტ საძიებო სისტემებით (როგორიცაა, Google; yahoo) გადაამოწმეს და რუსეთის ხელისუფლებისგან ილიას დევნის კვალი ვერ იპოვეს.
მოქალაქეების რუსეთში ექსტრადირება - დაბრუნება საფრთხედაა მიჩნეული ექსტრადიციის საკითხებზე მომზადებულ კვლევაში, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2021 წელს გამოაქვეყნა. კვლევაში საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერია, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება და ისევ ხდება დევნა, წამება და დადგენილია არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც.
ამ კვლევის მიხედვით რუსეთმა 2013-19 წლებში საქართველოს 23 პატიმრის გადაცემა მოითხოვა, საქართველომ მოსკოვს უმრავლესობა - 14 ადამიანი გადასცა.
ილია რუსულ მხარეს ამ დრომდე არ მოუთხოვია. ილიას ადვოკატების* ინფორმაციით რუსეთის ხელისუფლებას სავარაუდოდ ილიას მშობლებიც ემალებიან.
თავშესაფარზე უარი ილიას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ შსს-ს მიგრაციის სამსახურმა საკითხი სათანადოდ არ შეისწავლა და დაჩქარებულად, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. სარჩელი რუსეთის მოქალაქემ გასული წლის დეკემბერში შეიტანა, განხილვა მაისშია დაგეგმილი.
დაცვამ სასამართლოში რუსეთში მოპოვებული დოკუმენტები წარადგინა. ერთი აღწერს ილიას სახლის ჩხრეკას მოსკოვში, დაკავებულმა ამაზე მიგრაციის სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა, როგორც “ეფესბეს” მხრიდან დაშინების დამადასტურებელ ფაქტზე. მეორე დოკუმენტში მითითებულია “ეფესბეს” ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც, დაკავებულის თქმით, იგი იძულებით გადაიბირეს.
ექსტრადირების მოლოდინში
სანამ ადმინისტრაციული სასამართლო ილიას ადვოკატების საჩივარს განიხილავს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე აქვს სისხლის სამართლის კუთხით ორი ინსტანციის მწვანე შუქი ილიას აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნაზე - საქალაქო სასამართლო დაეთანხმა და უზენაესმა ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება და ახლა რუსეთის მოქალაქის აშშ-ში ექსტრადიციის აღსრულებას მხოლოდ იუსტიციის მინისტრის ხელმოწერა აკლია.
კანონით, იუსტიციის სამინისტრო ექსტრადიციამდე ვალდებულია, დაელოდოს ადმინისტრაციულ საქმეზე მაისში დანიშნული განხილვის დასრულებას და მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. ამ დავაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ილია საქართველოში თავშესაფარს. ამ მომენტისთვის ის კვლავ თავშესაფრის მაძიებლად ითვლება.
ამას არ ეთანხმება პროკურატურა. გენერალური პროკურატურის შედგენილ შუამდგომლობაში წერია, რომ რუსეთის მოქალაქის ექსტრადირების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ არსებობს.
“მანამ, სანამ ადმინისტრაციული სასამართლო განხილვა არ დასრულდება და გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, თავშესაფრის მაძიებელი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული”, უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
იურისტები მიუთითებენ კანონზე “საერთაშორისო დაცვის შესახებ”, რომლის 56-ე მუხლი ამბობს, რომ თავშესაფრის მაძიებელი “არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში“.
ამ მუხლის მიხედვით, სახელმწიფო უწყებები უნდა დაელოდონ ადმინისტრაციული სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე და შემდეგ გადაწყვიტონ, მოხდება თუ არა ექსტრადირება. ამ საქმეზე კი ჯერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც არ არსებობს.
“საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, „ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად“, საქმის დასრულებამდე თუ მოხდება ამ ადამიანის ექსტრადიცია, მას აღარ ექნება შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე წარდგეს, უშუალოდ განახორციელოს დაცვა და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში”, უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ ჩოფიკაშვილმა.
რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს კითხვები გაუზავნა, თუმცა მწირი, შაბლონური პასუხი მიიღო.
რატომ არავინ დაინტერესდა სავარაუდოდ “ეფესბეს” აგენტის ინფორმაციით?
ილია დაკავების დღიდან ამტკიცებს, რომ ის “ეფესბეს” “აგენტია” და აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურის მიერ საქართველოში დაგეგმილი დივერსიული გეგმების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ილიას ადვოკატებმა გადასცეს “ეფესბეს” იმ ჩინოსნების გვარები, რომლებთანაც სამსახურებრივი შეხება ჰქონდა. დაკავებული ამბობს, რომ სურს ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა. ამის შესახებ იცის შსს-ს მიგრაციის სამსახურმა. ილიას ისტორია აღწერილია სასამართლოში შეტანილ სარჩელში და ამის შესახებ მან ასევე უამბო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომელიც გლდანის საპატიმროში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით 2022 წლის 23 მარტს გაიმართა.
ამ შეხვედრის შესახებ კითხვებით “რადიო თავისუფლებამ” აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც მიმართა, რაზეც უწყებამ წერილობით გვიპასუხა:
"ჩვენ ვაფასებთ თქვენს დაინტერესებას ამ საკითხით, თუმცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ რაიმე გამოძიების არსებობას და ვერ გავაკეთებთ კომენტარს."
იურისტების განმარტებით, ქართული კანონმდებლობით, რუსეთის მოქალაქის მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის შეტყობინების ცნობად, რაზეც პროკურატურას გამოძიების დაწყება ევალება.
“ნებისმიერი უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების საქართველოში მუშაობის გეგმები არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ასეთი ინფორმაცია წარმოადგენს სსკ-ის მე-11 კარით გათვალისწინებული დანაშაულის (დანაშაულების) შესახებ ცნობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 100-101-ე მუხლების შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან, დაიწყონ გამოძიება.
ასევე, მსგავსი ინფორმაცია უნდა აღრიცხოს, შეისწავლოს და დაამუშაოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისმა დანაყოფებმა”, ამბობს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, რომ მათი კლიენტი მხოლოდ ადვოკატების მონაწილეობითაა თანახმა გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუმცა ასეთი თანამშრომლობის სურვილი ქართველ სამართალდამცავებს ჯერ არ გამოუთქვამთ.
რატომ არ დაკითხა საქართველომ პატიმარი 6 თვის განმავლობაში, რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით 31 მარტს მიმართა მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
* სტატიაში ილიას შესაძლო იდენტიფიცირების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ადვოკატების სურვილის შესაბამისად არ არის გამჟღავნებული მათი ვინაობა.