Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გვამების შემოდებაზე" ანრი ოხანაშვილი თავისსავე ნათქვამს განმარტავს


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "პარტიულმა ტელევიზიებმა" მისი განცხადება არასწორი კონტექსტით გააშუქეს და ეს ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებაა.

მას მხედველობაში აქვს ფრაგმენტი იმ ინტერვიუდან, რომელიც დღეს, 6 აპრილს, ჟურნალისტებს პარლამენტში მისცა. "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე:

"ომის დაწყების შემდგომ ზელენსკიმ მიმართა 19 ქვეყნის პარლამენტს, მათ შორის ევროპის საბჭოს, გაეროს, ნატოს. სიტყვით გამოვიდა. თუმცა, როცა საქართველოზე იყო საუბარი, უარი ეთქვა მმართველი გუნდისგან, რომ ის ჩართულიყო და სიტყვით მიემართა. ასევე, მმართველი გუნდისგან გვესმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფელირებთ ზელენსკის გუნდს - რას ნიშნავს, როგორ გამოვიყურებით ჩვენ, თუნდაც, როცა ასეთი არამეგობრული მიდგომები აქვს საქართველოს ხელისუფლებას?"

ოხანაშვილი პასუხობს: "წესი ასეთია, ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია, ეს პოზიციები გაიცვლებოდა. ჩვენ თუ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გვყავდეს შუამავლად, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ "ნაციონალური მოძრაობა"...ჩვენ შუამავალი [უკრაინასთან] არ გვჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" სახით. კარგად თუ დაეხმარებიან [ზურაბ] ადეიშვილი და [გია] ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან, რაც არ მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში. ეს გამოცდილება არ მგონია უკრაინის ხელისუფლებას სჭირდებოდეს და სურდეს, მაგრამ ეს ხალხია მათ გარშემო", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მან მოგვიანებით "ფეისბუკზე" განმარტა, რომ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულ ნაბიჯებზე და უკრაინაში ომზე.

"ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!..

ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი", - დაწერა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა მოკლული 10-ობით მოქალაქე. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG