ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთისადმი სანქციები უკანასკნელი არ იქნება. ეს მან ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტზე საუბრისას აღნიშნა.
„ჩვენ ისევ უნდა გავაძლიეროთ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, ამიტომ გთავაზობთ ჩვენი სანქციების გამკაცრებას, ისინი ზღუდავს კრემლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ისინი რუსეთზე გაცილებით ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ჩვენზე, მაგრამ ეს არ იქნება ჩვენი უკანასკნელი სანქციები“,- განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი სიტყვებით, გარკვეულ მომენტში ევროკავშირს მოუწევს რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა, რათა რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე აგოს პასუხი და შეწყვიტოს ომი.
რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი მოიცავს:
- რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას;
- ევროკავშირის პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვას;
- 4 რუსული ბანკისთვის ტრანზაქციების სრულ აკრძალვას. ბანკებს შორისა VTB-ც.
ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 4 მლრდ ევროს შეადგენს, წიაღისეულზე დაწესებული სანქცია რუსეთის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, დამატებით განიხილავენ რუსული და ბელარუსული საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვის დაწესებას.
სანქციები შეეხება რუსეთში კომპიუტერული და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტსაც.
მანამდე ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ზომების მიღება რუსეთის ნავთობსა და თუნდაც გაზზეც".