საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, პირველ კლასში შესვლა შეეძლება ყველა იმ ბავშვს, რომლებიც 1 ოქტომბრამდე გახდებიან 6 წლის. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი წელს 2500-მდე ბავშვია. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
"ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ, ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც, შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად", - თქვა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მოქმედი კანონმდებლობით, სკოლაში იღებენ ბავშვს, რომელსაც 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ეს წესი ავტომატურად გამორიცხავდა იმ ბავშვის სკოლაში შეყვანას, რომელიც სწავლის დაწყების თუნდაც მეორე დღეს ხდებოდა 6 წლის.
პირველკლასელთა რეგისტრაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს პროცესი 15 მარტს დაიწყო. საწყის ეტაპზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ სასურველ სკოლაში, შემდეგ ეტაპზე ბაზა მათთვის იხსნება, ვისი და ან ძმაც უკვე სწავლობს შესაბამის დაწესებულებაში, მესამე ეტაპი კი, "საყოველთაო რეგისტრაცია", 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.