ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩვენ „ომის ახალ სახეს“ ვხედავთ. რუსეთის ჯარები ტოვებენ უკრაინის ჩრდილოეთს და ხდება მათი გადაჯგუფება და ხელახლა შეიარაღება. ამის შემდეგ მათი მთავარი იერიში მიმართული იქნება ქვეყნის აღმოსავლეთისკენ, რათა დაიკავონ მთელი დონბასი, სადაც უკრაინას ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარები ჰყავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 5 აპრილს ისაუბრა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის ჯარების გადაჯგუფებისა და აღჭურვის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ნატომ ამ პერიოდში უნდა მოასწროს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა, რათა კიევმა მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედება.
პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ისაუბრა იმაზე, სწორი იყო თუ არა, რომ უკრაინა არ მიიღეს ნატოში. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი ალიანსის ყველა წევრის თანხმობის შემთხვევაში წყდება და დასძინა, რომ ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც უკრაინაში ომმა გვასწავლა, არის ის, რომ ნატომ რაც შეიძლება უფრო ადრე გასწიოს მაქსიმალურად ქმედითი დახმარება. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინის დახმარებას ახლა, ომის პირობებში, არამედ, ამავე დროს, ნატო უნდა დაფიქრდეს, ადრეულ ეტაპზევე როგორ დაეხმაროს ალიანსის წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სხვები.
საქართველოზე საუბრისას მან კვლავ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 6-7 აპრილს იმართება ბრიუსელში, განიხილავენ, როგორ დაეხმარონ თბილისს. მისი თქმით, საქართველოსთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს ნატო-საქართველოს პაკეტის მნიშვნელოვან გაზრდას. მათ შორის ეს შეიძლება შეეხოს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სიტუაციური გათვითცნობიერებულობა, უსაფრთხო კავშირი, გამძლეობა და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს საკუთარი კიბერშესაძლებლობების განვითარებაში, დაბოლოს, საქართველოში, ნატოსთან ურთიერთობის ოფისში, გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა.
ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს უკრაინაში ჯარებისა და თვითმფრინავების გაგზავნას, ვინაიდან, მისი თქმით, ეს „მეტ სიკვდილსა და ნგრევას“ გამოიწვევდა.