Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსს - პატიმრობა, ერთს - ჯარიმა: 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის განაჩენი ცნობილია


რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა იმ შვიდი პირის განაჩენი, როლებიც ბრალდებულები იყვნენ 5 ივლისის საქმეზე მთავარი არხის, „ფორმულის“, „იმედის“, „ტაბულის“, რადიო თავისუფლების, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაში.

რომეო კეკუტია - 1 წელი და 3 თვე;

გიორგი კახიანი - 1 წელი 3 თვე;

გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და 3 თვე;

ილია ქებაძე - 1 წელი და 2 თვე;

თემურ ხარაული - 1 წელი და 2 თვე;

ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და 3 თვე.

უშანგი დათუნაშვილი - 5 ათასლარიანი ჯარიმა.

საქმის ეს ეპიზოდი „მთავარი არხის" ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის და ამავე კომპანიის ოპერატორის, დავით ახალაძის, „ფორმულის" ჟურნალისტის, რატი წვერავას, „იმედის" ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილის და ამავე მაუწყებლის ოპერატორის, შოთა კერვალიშვილის, „ტაბულის" ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ამავე მედიასაშუალების ოპერატორის, დავით ქორიძის, „რუსთავი 2"-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

მოსამართლემ ბრალდებულებს მოუხსნა ორგანიზებული დანაშაულის ბრალდება, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

5 ივლისის საქმეზე ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 27 პირია დაკავებული. ბრალს ამ დრომდე არცერთი დაკავებული არ აღიარებს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში წარდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ძალადობის ფაქტები მკაფიოდ ჩანს.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა.

XS
SM
MD
LG