არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც რუსული საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა, დღეს 39 წლის გახდებოდა. მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.
„სამწუხაროდ, დამნაშავეები, რომლებმაც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღეს მონაწილეობა, დღემდე რეალურად დაუსჯელნი არიან. სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, რათა დასრულდეს ოკუპაცია და რათა სათანადო პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ უკანონობას სჩადიან. ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი უკანონობის დადასტურების თუ დამტკიცების მცდელობა, როცა დე ფაქტო რეჟიმის და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გააკეთეს განცხადებები.
ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ უკანონობის დასასრულებლად და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ არჩილ ტატუნაშვილის და ჩვენი გმირების სიცოცხლე, მათი დაღვრილი სისხლი, იქნება საფუძველი, გარანტი იმისა, რომ მომავალში ოკუპაცია აღარასდროს განმეორდება და თაობები გაიზრდებიან ამ გმირობების მაგალითზე. ის თაობები, რომლებიც აუცილებლად დამოუკიდებელ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრებენ“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.