Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსკომნადზორი" „ვიკიპედიას" დაჯარიმებით ემუქრება


კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის („როსკომნადზორი") განცხადებით, ინტერნეტენციკლოპედია „ვიკიპედიას" დაჯარიმება ემუქრება.

„როსკომნადზორის" მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, „ვიკიპედიას" ედავებიან, რომ მან არ წაშალა „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების მასალები, ასევე სხვა აკრძალული ინფორმაცია".

რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, „როსკომნადზორმა" გაუგზავნა შეტყობინება ინტერნეტრესურსის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ ამოიღონ "არასწორი ინფორმაცია" უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" თემაზე, რომელიც, რეგულატორის შეფასებით, მიზნად ისახავს რუსეთის მომხმარებლებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებას.

როგორც "როსკომნადზორი" აცხადებს, რუსული კანონმდებლობის თანახმად, ასეთი კანონსაწინააღმდეგო მასალების დადგენილ ვადაში არწაშლის გამო, საიტის მფლობელს ემუქრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს 4 მილიონ რუბლამდე (დაახლოებით 50 000 აშშ დოლარით) დაჯარიმებას.

რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქების გამო რუსეთში დაბლოკილია თავისუფალი მედიის არაერთი ვებსაიტი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG